"მთელი ბავშვობა დარდსა და ცრემლში გაატარა. უდედოდ გაიზარდა. მასა და მის ძმას ბებია-ბაბუა ზრდიდნენ. გათხოვების შემდეგ თითქოს სული მოითქვა, კარგი მეუღლე და შვილი ჰყავდა. ძლივს გაიღიმა საცოდავმა გოგომ, თავის ოჯახს შეხაროდა... რა უბედურ ვარსკვლავზე ყოფილა გაჩენილი", - ამბობს ზესტაფონში დაღუპული 27 წლის ხატია ძნელაძის ოჯახის ახლობელი. უბედური შემთხვევა ზესტაფონში მოხდა. ხატია ძნელაძემ შვილი სკოლაში მიიყვანა და უკან მობრუნებულს "მერსედესის" მარკის მანქანა დაეჯახა, რომელსაც ენერგეტიკის მინისტრის დაცვის წევრი კახა ჭუმბურიძე მართავდა. მანქანაში მისი ოჯახის წევრებიც ისხდნენ. დაშავებული ჯერ ზესტაფონის სამედიცინო ცენტრში, შემდეგ კი ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ხატია რამდენიმე საათში გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა...
ხატია ძნელაძე ვანის რაიონში, სოფელ შუამთაში, ბებია-ბაბუის ოჯახში იზრდებოდა და ძალიან მძიმე ბავშვობა ჰქონდა... აი, რას გვიყვება ოჯახის ახლობელი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა: "ხატიას მამა ცოლის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. ეჭვიანობის ნიადაგზე ჩადენილმა მკვლელობამ მაშინ მთელი ვანის რაიონი შეძრა. მამა იმავე დღეს სამართალდამცველებს ჩაბარდა. პატარა ობლებს ბებია-ბაბუა ზრდიდა. წლების შემდეგ, მართლმსაჯულებამ გადაწყვიტა, რომ მკვლელობა აფექტის ნიადაგზე მოხდა და ხატიას მამა ვადამდე გაათავისუფლა. კაცი მომხდარს ძალიან განიცდიდა, სმა დაიწყო, დაავადდა და დაახლოებით ერთი წლის წინ გარდაიცვალა..."
ელგუჯა ცხვარაძე, ხატია ძნელაძის ნათესავი: - ხატიას ძმა ნიკა ჯერაც ვერ მოსულა გონს - დის ამბავმა თავზარი დასცა. ხატია და ნიკა ბებია-ბაბუამ გაზარდა, რომლებიც ახლა 80 წელს არიან გადაცილებული. ცოცხალ-მკვდარია ორივე, არ ვიცი, როგორ გადაიტანენ ამ ტრაგედიას. ხატიას ერთი შვილი დარჩა, პატარა ლუკა. წელს პირველ კლასში მიიყვანა. იმ ავადსახსენებელ დღეს სკოლიდან მოდიოდა, სახლამდე ერთი ნაბიჯიღა ჰქონდა დარჩენილი, მანქანა რომ დაეჯახა.