მოსამართლე ლარისა ლიპარტელიანმა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ბრალდებულებს, ცეზარ ჩოჩელსა და დავით გიორგაძეს აღმკვეთი ღინისძიების სახით გირაო შეუფარდა.
მცხეთა-მთიანეთის ყოფილ გუბერნატორ ცეზარ ჩოჩელს გირაოს სახით 50 000 ლარი, ხოლო ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დავით გიორგაძე 10 000 ლარის გირაო შეეფარდა. გადახდის ვადად განისაზღვრა 30 დღე. ასევე, მოსამართლემ წინასასამრთლო სხდომა დანიშნა 11 ნოემბერს, 12:00 საათზე.
ბრალდებულებს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრება ორი დღის ვადაში შეუძლიათ.
პროკურატურა ცეზარ ჩოჩელისთვის გირაოს სახით მილიონი ლარის შეფარდებას ითხოვდა, თუმცა, მოსამართლემ საკუთარ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ჩოჩელის მიმართ გირაო მრავალჯერადად იყო უკვე გამოყენებული და მისი ქონებრივი მდგომარეობა შემცირებულია.
სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ცეზარ ჩოჩელს სასამართლოს ეზოში მისი ახლობლები და კომპანია "ნატახტარის" თანამშრომლები ტაშით შეხვდნენ.
ჟურნალისტებთან საუბრისას ცეზარ ჩოჩელმა განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს, რადგან მას აღარანაირი ფულადი ან მატერიალური ქონება აღარ გააჩნია იმისთვის, რომ გირაოს თანხა დაფაროს.
ადვოკატ გოგიტა გაბაიძის თქმით, ჩამოყალიბდებიან და საქმეს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. მანვე აღნიშნა, რომ სასამართლო სხდომაზე იგი ითხოვდა მოსამართლეს საერთოდ არ გამოეყენებინა აღმკვეთი ღონისძიება, თუმცა, არ დაკმაყოფილდა. ადვოკატის განცხადებით, ცეზარ ჩოჩელის მიმართ უკვე გამოყენებული არის 200 000 ლარიანი და 150 000 ლარიანი გირაოები და, შესაბამისად, მას მეტის გადახდის საშუალება არ გააჩნია და არ არსებობდა აღმკვეთი ღონისძიების ფულადი სახით შეფარდების საფუძველი.
სამართალდამცველებმა მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ცეზარ ჩოჩელი და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით გიორგაძე 18 სექტემბერს დააკავეს, დაკითხვის შემდეგ კი გაათავისუფლეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განმარტებით, მათ ბრალად განსაკუთრებით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლება და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია ედებათ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და 194 - ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.