შსს-მ "საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელ მდგომარეობაში ყოფნა" დააკონკრეტა.
კანონპროექტის მიხედვით, საზოგადოებრივ ადგილებში ადამიანის ღირსებისა და ზნეობის შეურაცხმყოფელი ქმედების ჩადენაში, "რომელიც ადამიანისთვის დამამცირებელი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას" იწვევს, იგულისხმება - სექსუალური ხასიათის ქცევა, ნაწილობრივი ან სრული უხამსი გაშიშვლება, საზოგადოებრივ ადგილებში მოსაქმება და ა.შ.
ასეთი ქმედება თავიდან გამოიწვევს გაფრთხილებას ან ჯარიმას 200 ლარით, წლის განმავლობაში გამეორებისას 500-ლარიან ჯარიმას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ეს ზომები არასაკმარისი იქნება, სასამართლო კანონდამრღვევს 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას შეუფარდებს. კანონპროექტი პირველი მოსმენით გუშინ გავიდა და საპარლამენტო სესიებზე შემდგომი განხილვა გაგრძელდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსი ზვიად ოქროპირიძე "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ "საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელ მდგომარეობაში ყოფნა" ბევრ კითხვას იწვევდა, ამიტომ მოხდა შესწორება და მიეცა ასეთი ფორმულირება - "საზოგადოების ზნეობის შეურაცხმყოფელი ქმედება" ჩადენით და ეს ქმედებები დაკონკრეტდა.
"აქ იგულისხმება სექსუალური ხასიათის ქცევა, სრული ან ნაწილობრივი უხამსი გაშიშვლება, საზოგადოებრივ ადგილებში მოსაქმება და სხვ. ეს ქმედება გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, გააჩნია გადაცდომისა და უპატივცემულობის ხარისხს - ამის მიხედვით იქნება პასუხისმგებლობა, თუ ნაკლებადმნიშვნელოვანი იქნება დარღვევა, პოლიციელი შეიძლება უბრალოდ გაფრთხილებით შემოიფარგლოს, ხოლო თუ მართლა უხამს ფორმებს მიიღებს,, შედგება ჯარიმა. ამას პრაქტიკა უფრო გვიჩვენებს, სამართალდარღვევებისთვის შეიძლება რამდენიმე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა იყოს, ეს ყოველთვის სასჯელის შემფარდებელ პირზეა დამოკიდებული.
"საზოგადოებრივ ადგილებში სექსუალური ხასიათის ქცევაში იგულისხმება, მაგალითად, ტრანსპორტში სქესობრივი კავშირის დამყარება ან უხამსი გაშიშვლება. დავუშვათ, ადამიანმა ჩაიხადა, მას სასქესო ორგანოები უჩანს, ან ტრუსით მგზავრობს და ა.შ. დაკონკრეტებულია უხამსი გაშიშვლება, თუ ბიჭმა მაისური გახადა, ის არ დაისჯება.
"რაც კი სექსუალური ხასიათის ქცევასთან იქნება დაკავშირებული და კანონით განსაზღვრულ გარემოებებს დააკმაყოფილებს, დაისჯება. ქმედება ადამიანისთვის დამამცირებელი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას უნდა ითვალისწინებდეს. მგონი, არცერთ ნორმალურ ადამიანს არ სიამოვნებს, რომ მის გვერდით ვინმე, მაპატიეთ და, ანანიზმით იყოს დაკავებული," - ამბობს ოქროპირიძე და აცხადებს, რომ სექსუალურ ქმედებაში კოცნა არ იგულისხმება. " - კოცნა არაა უხამსობა, ეს არაა საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხყოფა და გასაკიცხი ქმედება. თუ ბიჭს და გოგოს ერთმანეთი უყვართ და ქუჩაში კოცნიან, ამის გამო პასუხისმგებლობა არავის დაეკისრება. სასაცილოა კოცნის გამო ჯარიმა, ეს კანონპროექტის არასწორი პიარია".
მისი თქმით, სავალდებულო არაა, რომ ზნეობის შეურაცხმყოფელი ქმედება კამერამ დააფიქსიროს, თუ პატრულის ოფიცერი დარღვევას შეამჩნევს, ის ჩვეულებრივი სამართალდარღვევის მიხედვით მოახდენს რეაგირებას.
"კანონმდებლობის მიხედვით, თავიდან არის გაფრთხილება ან ჯარიმა, გამეორების შემთხვევაში ჯარიმა 500 ლარამდე გაიზრდება. გამონაკლისის შემთხვევებში, საქმის გარემოებათა და დამრღვევი პიროვნების მიხედვით, თუ ეს ზომები არასაკმარისია, მაგალითად, პირი არის უქონელი, ჯარიმები ირიცხება და ის არ იხდის, მაშინ სასამართლო უფლებამოსილი იქნება, რომ მას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა შეეფარდოს, 15 დღე-ღამემდე ვადით", - აღნიშნავს ოქროპირიძე.
ის ასევე აკონკრეტებს, რომ სიმთვრალის გამო არავინ დაჯარიმდება, ასევე დალევა დაშვებული იქნება ქუჩაში, სავაჭრო, კვებისა და იმ ობიექტებში, სადაც ალკოჰოლური სასმელების ჩამოსხმა ხდება.
"როგორ შეიძლება, რომ მაგალითად, ქართველმა კაცმა დალია, ქუჩაში გამოვიდა და სახლში მიდის, ამ დროს ვიღაც პოლიციელი მივიდეს და უთხრას, თქვენ ნასვამი ბრძანდებით და ამის გამო უნდა დაგაჯარიმოთო - ეს აბსურდული ნორმა იყო და ამოვიღეთ.
"დალევა დასჯადი იქნება სტადიონებზე, სკვერებში და ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ქუჩებში, ეზოებში და "ბირჟაზე" დალევა დასჯადი არ იქნება. შეიძლება ვიღაცისთვის სასიამოვნო დასანახი არ იყოს, მაგრამ საერთო ინტერესი გავითვალისწინეთ და ეს არ აიკრძალება", - აცხადებს ოქროპირიძე.
მაია აბაიაძე