ბოლო დღეებში ჯანდაცვის მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადებები საკეისრო კვეთაზე რეგულაციების დაწესების შესახებ საზოგადოების ნაწილმა საკეისროების ერთგვარი შეზღუდვის წინაპირობად აღიქვა. ბევრმა ეს გააპროტესტა კიდეც. თუმცა სამინისტროში აცხადებენ, რომ ჯერ რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის, ხოლო რაც შეეხება გავრცელებულ ჭორებს საკეისროების აკრძალვაზე, სამინისტროში ამას კატეგორიულად უარყოფენ.
ბოლო 7 თვეში საქართველოში 14 მშობიარე გარდაიცვალა, რომელთა ორი მესამედი (9 შემთხვევა) საკეისროებზე მოდის. ეს შარშან ამავე პერიოდის მონაცმებზე ორჯერ მეტია (თუმცა, როგორც სპეციალისტები აცხადებენ, ამ სხვაობის მიზეზი შეიძლება განსხვავებული მეთოდოლოგია იყოს).
საკეისრო კვეთის ხვედრითი წილი საქართველოში საკმაოდ მაღალია და 38%-ს შეადგენს მაშინ, როცა მსოფლიოში საშუალოდ 25%-ია. აღსანიშნავია, რომ ასეთი ოპერაციები ბოლო ათწლეულების მანძილზე მთელ მსოფლიოშია გაზრდილი, როგორც განვითარებულ, ასევე განვითარებად ქვეყნებში. მაგალითად, თუ 1996 წელს აშშ-ში საკეისროების ხვედრითი წილი 21% იყო, ამჟამად 33%-ია, ჩინეთში კი, არც მეტი არც ნაკლები, 46%-ია.
საკეისრო კვეთების მაჩვენებლების გაუმჯობესების მიზნით შემუშავდა "საკეისრო კვეთის პროტოკოლი", სადაც საკეისრო ოპერაციების ჩვენებებია ჩამოწერილი და, ჯანდაცვის სამინისტროს მტკიცებით, მისი მიზანი ამ ოპერაციის მართვის ხარისხის გაუმჯობესებაა.
მანამდე კი მომავალი დედები, რომლებიც უპირატესობას საკეისრო კვეთას ანიჭებენ, საკეისროების შესაძლო შეზღუდვასთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამენ.
"ერთი შვილი მყავს და ის საკეისრო კვეთით გავაჩინე. ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები მქონდა, და მივიჩნიე, რომ საკეისრო კვეთა ჩემთვის უფრო უსაფრთხო იქნებოდა. ექიმი მეუბნებოდა, რომ ფიზიოლოგიური მშობიარობა შესაძლებელი იყო და რომ გართულება სავარაუდოდ არ მოჰყვებოდა, თუმცა მაინც არ გადავიფიქრე. შეიძლება იმიტომ, რომ შიში მქონდა ჩანერგილი - თუ ფიზიოლოგიურად ვიმშობიარებდი, გართულებები მექნებოდა", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას 2 წლის ანას დედა. "მეორე ბავშვის გაჩენასაც ასევე საკეისრო კვეთით ვაპირებ, თუნდაც ექიმმა მითხრას, რომ არ მჭირდება. ამას ვერავინ ამიკრძალავს".
24 წლის მაკას 1 ბავშვი უკვე ჰყავს და ახლა 7 თვის ორსულია. ექიმები ეუბნებიან, რომ ყველაფერი წესრიგშია და რომ თუ არაფერი შეიცვალა, საკეისრო კვეთა არ დასჭირდება, თუმცა ის შვილის გაჩენას მაინც ამ გზით აპირებს.
"პირველად ფიზილოგიურად ვიმშობიარე და იმდენად ცუდად მახსენდება, რომ მეორეს იმავე გზით გაჩენას ნამდვილად ვერავინ მაიძულებს. თქვენ წარმოიდგინეთ, მშობიარობის გახსენებაზე ახლაც კი მზარავს. ეს ჩემთვის, აუტანელ ტკივილთან ერთად, უდიდესი ფსიქოლოგიური სტრესი იყო. 1 თვის განმავლობაში, თვალებს რომ დავხუჭავდი, თვალწინ სამშობიარო ბლოკი მედგა და ის ტანჯვა მახსენდებოდა, რაც გადავიტანე. ამიტომაც, ახლა აუცილებლად საკეისროთი გავაჩენ.
"ჩემი ასარჩევია თუ როგორ ვიმშობიარებ და სხვამ, თუნდაც სახელმწიფომ ეს ჩემს მაგივრად არ უნდა გადწყვიტოს. იმედია სამინისტრო ამას არ აპირებს, რადგან უსამართლობასთან ერთად, ვფიქრობ, არაეფექტურიც იქნება", - გვითხრა მაკამ.
"რეზონანსი" მეან-გინეკოლოგებს საკეისრო კვეთის რისკებზე, აკრძალვის დადებით და უარყოფით მხარეებზე და გამოსავალზე ესაუბრა.
საკეისრო - რისკები და საფრთხეები
ყველა მეან-გინეკოლოგი თანხმდება იმაზე, რომ საკეისრო კვეთა უამრავ სირთულესთანაა დაკავშირებული და რომ მას ფიზიოლოგიურ მშობიარობასთან შედარებით გაცილებით მეტი რისკი ახლავს.
დავით კობეშავიძე, "იმედის" კლინიკის დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი: "საკეისრო კვეთის შედეგად დასაშვები გართულებები გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე ფიზიოლოგიური მშობიარობისას. ეს გართულებები ორ ჯგუფად იყოფა - ინტრაოპერაციული და პოსტოპერაციული. ინტრაოპერაციულია მაგალითად სისხლდენა საკეისრო კვეთის მიმდინარეობისას, პოსტოპერაციულია თრომბოემბოლიური და სეპტიური გართულებები. ამ რისკის პროცენტი საკმაოდ დიდია.
"ხშირ შემთხვევაში მშობიარეს გაცნობიერებული არ აქვს, თუ რას ნიშნავს საკეისრო კვეთა. ეს საზოგადოების ბრალიცაა. ბევრია ისეთიც, ვინც მშობიარობის შესახებ ფობიებს თესავს - არნახულ რაღაცებს ყვება. დღეს, როცა გაუტკივარების უამრავი საშუალებაა, მიმაჩნია, რომ მოთხოვნით საკეისროს გაკეთება მკრეხელობაა".
დავით გაგუა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი: "საკეისრო სამედიცინო მანიპულაციაა, ხოლო მშობიარობა ჩვეულებრივი, ღმერთის მიერ დაწესებული მოვლენა. საკეისრო მაშინ უნდა გაკეთდეს, როცა დედის, ან ახალშობილის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. თუ საკეისრო მოთხოვნით კეთდება, ანუ როცა პაციენტს ეს არ სჭირდება, ის არ შეიძლება კარგი იყოს. საკეისროს უფრო მეტი გართულება შეიძლება მოჰყვეს, ვიდრე ფიზიოლოგიურ მშობიარობას. თან დღეს გაუტკივარების უამრავი საშუალებაა მათთვის, ვისაც მშობიარობის შიში აქვს".
მეან-გინეკოლოგი იზო ბაჯელიძე: "საკეისრო უფრო მაღალ რისკებთანაა დაკავშირებული, ვიდრე ფიზიოლოგიური მშობიარობა. ყველა პროფესიონალ ექიმს ფიზიოლოგიური მშობიარობა უფრო მეტ კმაყოფილების გრძნობას ანიჭებს, ვიდრე საკეისრო კვეთა".
ქართული და უცხოური რეალობა
პროფესორი დავით გაგუა აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში პაციენტები უფრო და უფრო ხშირად ითხოვენ საკეისრო კვეთას მაშინ, როცა ამის საჭიროება არ არსებობს - "კატასტროფულ პროცენტამდე ავედით - 10-დან 9 ქალი საკეისროს ითხოვს".
იგივე მოსაზრებას იზიარებს დავით კობეშავიძე და აცხადებს, რომ ექიმებს ასეთი მშობიარეების გადარწმუნება ძალიან უჭირთ.
"მინდა გითხრათ, რომ მოთხოვნითი საკეისროების რიცხვმა განსაკუთრებით იმატა. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მიღებულ ადრინდელ პროტოკოლშიც წერია, რომ ჩვენ მშობიარე ქალს უნდა ავუხსნათ, მაგრამ საბოლოოდ, გადამწყვეტი მაინც მისი აზრია. ეს ცუდია, რადგან როცა ქალი 9 თვის განმავლობაში დაშინებული და მოუმზადებელია, ძნელია, საკეისროს გაკეთება ერთ ვიზიტში გადააფიქრებინო.
კობეშავიძე საქართველოში არსებულ რეალობას ევროპაში არსებულს ადარებს და ამბობს, რომ მდგომარეობა მკვეთრად განსხვავებულია: "ევროპაში ფიზიოლოგიურ მშობიარობაზე გაცილებით დიდი მოთხოვნაა, ვინაიდან იქ განათლების დონე უფრო მაღალია და პრევენციული მედიცინა მუშაობს. გვინდა ეს საქართველოშიც დაინერგოს".
მეან-გინეკოლოგი იზო ბაჯელიძე კი ამბობს, რომ არა მხოლოდ მოთხოვნითი, არამედ ჩვენებითი საკეისროების რიცხვმაც იმატა. "ანუ, იგი სულ უფრო ხშირადაა საჭირო. შესაძლოა ახალგაზრდობა აღარაა ისეთი ჯანმრთელი, როგორიც ადრე იყო. ესეც გასათვალისწინებელია. მე იტალიელი სპეციალისტისგან ვიცი, რომ მათთან საკეისროების რიცხვი ასევე საკმაოდ დიდია. ეს არავითარ კატასტროფას არ წარმოადგენს. შეიძლება ითქვას, რომ ევროპაშიც ამის მაღალი მაჩვენებელია", - აცხადებს ბაჯელიძე.
(აღსანიშნავია, რომ 40%-იანი მაჩვენებლით იტალია ევროპაში საკეისროების ლიდერია. ამავე დროს, სკანდინავიურ ქვეყნებში მხოლოდ დაახლოებით 14%-ში კეთდება საკეისრო კვეთა).
(შემოკლებული ვერსია)
თაკო მათეშვილი