ხატია სიჭინავა წლებია ეკრანზე წამყვანის ამპლუაში აღარ გამოჩენილა. ერთ-ერთ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ გარკვეული პირების მიერ იბლოკებოდა და სწორედ ეს იყო მისი ტაიმ-აუტის მიზეზი. ხატია სულ ცოტა ხანში ტელეეთერს ახალი გადაცემით დაუბრუნდება.
- ახალ გადაცემაზე მარკუს მეტრეველთან ერთად ვმუშაობ. მართალია, მარკუსს არა აქვს სატელევიზიო გადაცემის წაყვანის გამოცდილება, რადგან დიზაინერი და მომღერალია, მაგრამ ძალიან დიდი სიამოვნებაა მასთან მუშაობა. გადაცემის ჩაწერები უკვე დაიწყო, ოქტომბერში გავალთ ეთერში, თუ რამე არ შეიცვალა. რადგან არჩევნები ოქტომბერშია დაგეგმილი, გადაცემის ეთერში გასვლის დრო შეიძლება შეიცვალოს.
- განსხვავებული იქნება შენი იმიჯი ამ გადაცემაში?
- ჩემი იმიჯი დიდი ხანია შეიცვალა, აღარ ვარ ის გოგო, რომელიც გაიცნო საზოგადოებამ - სათვალიანი "სწერვა" და "ტუსოვკების" მოყვარული თინეიჯერი. უკვე ზრდასრული, ჩამოყალიბებული ქალი და ორი შვილის დედა ვარ, ამიტომ გადაცემაში სოლიდური იმიჯი მექნება.
- ვის ისურვებდი სტუმრად შენს გადაცემაში?
- ედუარდ შევარდნაძეს, სამწუხაროდ, ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უწყობს ხელს, ჩვენთან სტუმრად რომ მოვიდეს. მას მსოფლიო დონის საინტერესო ადამიანად მივიჩნევ.
- რა კითხვას დაუსვამდი შევარდნაძეს?
- ძირითადად, პირად ცხოვრებასა და აპოლიტიკურ თემებზე ვალაპარაკებდი. ყველას აქვს დადებითი მხარე და მას წარმოვაჩენდი, მით უმეტეს, რომ ძალიან საინტერესო პიროვნებაა. ადამიანების დადებითი მხარე საზოგადოებისთვის ყოველთვის უცნობი რჩება, რადგან ხალხს ნეგატივი იზიდავს.
- მიხეილ სააკაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს რა დადებითი კუთხით წარმოაჩენდი?
- მიხეილ სააკაშვილი, ალბათ, ხელგაშლილი და მხიარული მეგობარია, ზურაბ ადეიშვილი კი ოჯახზე მზრუნველი კაცი მგონია. საქართველოდან წაღებული ფული ოჯახს მოახმარა, ასე ვფიქრობ (იცინის). ეს ხუმრობით. არც ერთის დადებითი მხარე არ ვიცი, სამწუხაროდ. დაახლოებით ერთი კვირა ვმუშაობთ თითოეული სტუმრის შესწავლაზე.
- თუ გაიგებ, რომ მეუღლე რამაზ ნოზაძე გღალატობს, რა რეაქცია გექნება?
- ამაზე არასდროს მიფიქრია, რამაზი მოღალატე ადამიანი არ არის. თუ მიღალატა ე.ი. ჩემი უყურადღებობის გამო მოიქცა ასე. ქმარი პატარა ბავშვივით არის, მუდმივად ყურადღება სჭირდება, სულ უნდა უთხრა, რომ გიყვარს. ვაი მას, ვისთანაც მიღალატებს (იცინის), თვალის დაუხამხამებლად გამოვჭრი ყელს.
- ჯონი დეპმა რომ მიგიწვიოს ვახშამზე, დათანხმდები?
- ჩემს ქმარს ვერავინ შეედრება. არც ის მომეწონება, ჩემი ქმარი მონიკა ბელუჩისთან რომ წავიდეს. როცა რაღაცას აკეთებ, უნდა იფიქრო, იგივე მოქმედება შენი მეორე ნახევრისგან თუ მოგეწონება და ამის მიხედვით იმოქმედო.
- კობა ხაბაზმა სერენადა რომ გიმღეროს, რა რეაქცია გექნება?
- კობას ძალიან კარგად ვიცნობ და ბევრს ვიცინებ, ეს თუ მოხდება.
- შენი აზრით, ვინ იყო წინა ცხოვრებაში ნუგზარ წიკლაური?
- ალბათ, "სტარაია დევა", რადგან მუდმივად გამწარებული, არაადეკვატური და ცხოვრებით უკმაყოფილო გამოდის ტელეეთერით.
- წარმოიდგინე, თეა თუთბერიძესთან ერთად უკაცრიელ კუნძულზე მოხვდი, გაქვს გადარჩენის ერთი შანსი - ან უნდა დარჩე კუნძულზე, ან თეა თუთბერიძე ჩააგდო ნიანგებში, რომელ გზას აირჩევ?
- თეას, როგორც ჩემი რელიგიის შეურაცხმყოფელს, ნიანგებისთვის გავიმეტებდი, მაგრამ ვიმედოვნებ, ეს არასდროს მოხდება.
ფსიქოლოგის დასკვნა
ფსიქოლოგი ლევან ოდიშარია: - ძალიან ერთგული ადამიანია, არ უყვარს ჭორაობა.
თამარ ბოჭორიშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)