ნიკოლოზ რაჭველმა ევგენი მიქელაძის სახელობის სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელობა დატოვა

ნიკოლოზ რაჭველმა ევგენი მიქელაძის სახელობის სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელობა დატოვა

ნიკოლოზ რაჭველმა ევგენი მიქელაძის სახელობის სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" კულტურის სამინისტროში დაუდასტურეს და აღნიშნეს, რომ ნიკოლოზ რაჭველმა ორკესტრის ხელმძღვანელობიდან გადადგომის შესახებ განცხადება 11 სექტემბერს დაწერა.

კულტურის სამინისტროს ცნობით, ორკესტრის დროებითი ხელმძღვანელია ნინო ნახუცრიშვილი.

ნიკოლოზ რაჭველის თანმდებობიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია მუსიკოსებისთვის დღეს, კულტურის სამინისტროსთან გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ გახდა ცნობილი.

აქციის მონაწილეები ნიკოლოზ რაჭველს 33 მუსიკოსის ორკესტრიდან გათავისუფლების უკანონო გადაწყვეტილებების გამო აკრიტიკებდნენ.

მოგვიანებით სამსხურის გარეშე დარჩენილ მუსიკოსებს კულტურის მინისტრის მოადგილე მარინე მიზანდარი და სამინისტროს წარმომადგენელი იამზე გვათუა შეხვდნენ, სადაც გაირკვა, რომ ნიკოლოზ რაჭველი ორკესტრის ხელმძღვანელი აღარ ყოფილა.

აღნიშნულ თემას ეროვნულ მუსიკალური ცენტრის გენერალური მენეჯერი, ნინო ნახუცრიშვილი გამოეხმაურა. საქართველოს ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში შემოქმედებითი ხელმძღვანელი ამიერიდან არჩევითი იქნება. ეროვნულ მუსიკალური ცენტრის გენერალური მენეჯერის , ნინო ნახუცრიშვილის განცხადებით, სწორედ ამ რეფორმის ფორმალურ მხარეს წარმოადგენს ნიკოლოზ რაჭველის განცხადება ცენტრის ხელმძღვანელის პოსტის დატოვების შესახებ.

"დღევანდელი აჟიოტაჟი სავარაუდოდ მოყვა ცენტრში ნიკოლოზ რაჭველის ინიციატივით დაწყებულ რეფორმას. ჩვენი სურვილი იყო ცენტრი მთლიანად გადასულიყო მართვის ახალ და მსოფლიოს წამყვან მუსიკალურ სტრუქტურებში აპრობირებულ სისტემაზე. ჩვენ მივმართეთ თხოვნით კულტურის სამინისტროს და პირადად ბატონი მინისტრის გურამ ოდიშარიას დიდი თანადგომითა და სამინისტროსთან თანამშრომლობით შესაძლებელი გახდა ცენტრის მართვის ახალი დებულების დამტკიცება. ასეთი ცვლილება ჯერ კიდევ წინა საუკუნეში განხორციელდა ბერლინის ფილარმონიისა და სხვა ევროპულ ორკესტრებში. მოგვიანებით, მართვის ეს სისტემა დამკვიდრდა ამერიკის შეერთებული შტატების სიმფონიურ ცხოვრებაში. ჩვენ შევეცადეთ ყველა ეს გამოცდილება გაგვეთვალისწინებინა და მოხარულები ვართ, რომ არამხოლოდ საქართველოს, არამედ პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნების უმეტეს ნაწილს შორის ვიქნებით პირველი მუსიკალური ორგანიზაცია, რომელსაც არჩეული შემოქმედებითი ხელმძღვანელი ეყოლება. წინასწარი შეთანხმების თანახმად, ჩვენი ცენტრი კულტურის სამინისტროსთან ერთობლივად გააცნობს უახლოეს დღეებში საზოგადოებას ახალ დებულებასა და მართვის მთლიან სისტემას.

ცენტრი ამჟამად ემზადება 25 სექტემბერს ქალაქ გორში დაგეგმილი სეზონის გახნის ღონისძიებისთვის, რომელიც იქნება საქველმოქმედო და მიეძღვნება აგვისტოს ომის დროს დაზარალებულ ჩვენს თანამემამულეებს. შემდეგ უკვე გადავინაცვლებთ დასავლეთ საქართველოში, რამდენიმე კონცერტი გაიმართება რაჭაში",-აღნიშნულია ნინო ნახუცრიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება