საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო თანამეგობრობას რუსეთის უკანონო ქმედებების აღსაკვეთად შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.
სამინისტრო ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსეთის საოკუპაციო ჯარის ქმედებებთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.
უწყება ღრმა შეშფოთებას გამოხატავს ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსეთის საოკუპაციო ჯარის უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით.
"სამწუხაროდ, საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდების მიუხედავად, რუსეთის ფედერაცია საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების უხეშ დარღვევას განაგრძობს. 2013 წლის 17 სექტემბრიდან, ცხინვალის რაიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, კერძოდ, გორის რაიონის სოფელ დიდცში, საოკუპაციო ჯარებმა მავთულხლართებისა და ღობეების დამონტაჟების პროცესი განაახლეს", - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, საქართველოს მთავრობა გმობს მსგავს უკანონო ქმედებებს, რაც სავალალოდ ადგილობრივი მოსახლეობის ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე აისახება და მნიშვნელოვნად ზღუდავს მათ საერთაშორისოდ აღიარებულ უფლებებს, მათ შორის, თავისუფალი გადაადგილების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღებისა და სხვა ეკონომიკურ, კულტურულ და სოციალურ უფლებებს.
"სამწუხაროდ, ადგილობრივი მოსახლეობა მოკლებულია საკუთარ სასოფლო- სამეურნეო ნაკვეთებზე საქმიანობის წარმოების, სასაფლაოზე შესვლისა და პირველადი სამედიცინო დახმარების მიღების უფლებას. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და მიმდებარე ზონებში არსებული კრიტიკული მდგომარეობა კიდევ ერთხელ ცხადყოფს უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და ადამიანის უფლებათა მონიტორინგის აუცილებლობას", - აღნიშნულია საგარეო პოლიტიკური უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აქვე საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, სათანადო შეფასება მისცეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობას და რუსეთის უკანონო ქმედებების აღსაკვეთად შესაბამისი ზომები მიიღოს.