სოფელ დიცთან ქართულ და ოსურ მხარეს შორის გამართული მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა

სოფელ დიცთან ქართულ და ოსურ მხარეს შორის გამართული მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა

ოკუპირებული ტერიტორიის პერიმეტრზე, სოფელ დიცთან, საქართველოს შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლებსა და ოსურ მხარეს შორის მინდორში გამართული მოლაპარაკება თითქმის ერთ საათს გაგრძელდა, თუმცა, მოლაპარაკების მიუხედავად კონკრეტული შედეგი მიღწეული არ არის.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ოსურ მხარეს კომენტარი არ გაუკეთებია. რაც შეეხება შს სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტამენტს, აღნიშნული უწყების ხელმძღვანელის მოადგილე კახა ქემოკლიძე აცხადებს, რომ კონკრეტული შედეგი მიღწეული არ არის და რუსი სამხედროები სასაზღვრო სადემარკაციო სამუშაოების წარმოებას კვლავ გააგრძელებენ. თუმცა, ქემოკლიძე იმასაც ამბობს, რომ სოფლის განაპირას არსებული სასაფლაო ოსური მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე აღარ მოექცევა.

ამგვარი გადაწყვეტილების მიუხედავად, ადგილობრივი მოსახლეობა უკმაყოფილოა, რადგან ქართული მხარის კონტროლს აღარ დაექვემდებარება აღნიშნულ სასაფლაოსთან მისასვლელი გზა, შესაბამისად, მათი თქმით, აზრს კარგავს სასაფლაო მოექცევა თუ არა რუსი სამხედროების მიერ გავლებული ლითონის ბადეების მიღმა.

გარდა ამისა, ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის თქმით, ჯერჯერობით ოსურ მხარეს კონკრეტული პასუხი არ გაუცია, რა ბედი ელის ქართველების იმ სამ საცხოვრებელ სახლს, რომელიც ამ ე.წ. საზღვრის პერიმეტრზე მდებარეობს.

რაც შეეხება ინციდენტების პრევენციის ფორმატში მონაწილე ოსური ჯგუფის წარმომადგენელ რობერტ გაზაევს, რომელიც დიცის მკვიდრმა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში დაადანაშაულა, იგი ამ ფაქტს უარყოფს. ასევე, რობერტ გაზაევი დღის მეორე ნახევარში, ისევე, როგორც მთელი დღის განმავლობაში ქართული მედიის მიმართ კვლავ განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდა. ამ საღამოს უკვე მეორედ დაემუქრა ის ქართველ ჟურნალისტებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ დაუყოვნებლივ არ დატოვებდნენ ე.წ. სასაზღვრო პერიმეტრს, ქართველ ჟურნალისტებს დააპატიმრებდნენ.

ცოტა ხნის წინ დიცში ჩავიდა შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ ჩხეიძე, რომელიც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის ოფისის ხელმძღვანელს ესაუბრა და სთხოვა, რომ საერთაშორისო საზოგადოების ფართო განხილვის საგანი გახდეს და ინფორმაცია მიეწოდოს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას დიცში არსებული მდგომარეობაზე და დღეს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.

მთელი დღის განმავლობაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორები იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზე და მართალია კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა თავიანთ ანგარიშში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მოგვიანებით განაცხადებენ.

ამასთან, დღეს ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოკუპირებული ტერიტორიის პერიმეტრზე, სოფელ დიცთან შესაძლოა პატრულირება გააძლიეროს.

ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა კახა ქემოკლიძემ განაცხადა, რომელიც დღეს დიცში იმყოფებოდა და იქ არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობოდა.

"ჩვენ ადგილობრივ მოსახლეობას შეგნებულად არ ავუკრძალავთ ამ ტერიტორიაზე გადასვლას, რა თქმა უნდა, ეს არ არის სახელმწიფოს ოფიციალური პოზიცია, რაც შეეხება დაცვას, აქ შესაძლებელია გაძლიერდეს პატრულირება, რათა მოსახლეობას ჰქონდეს უფრო აქტიური შეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან და, შესაბამისად, უსაფრთხოების განცდა უფრო მაღალ დონეზე იყოს", - აღნიშნა ქემოკლიძემ.

მისივე თქმით, არც ერთ დე-ფაქტო თუ დე-იურე სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენელს არ აქვს უფლება, ვინმეს შეურაცხყოფა მიაყენოს. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის შეურაცხყოფა სახელმწიფო სტრუქტურების შეურაცხყოფაა.

დიცის ტერიტორიაზე დღეს დილით რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვრის სადემარკაციო სამუშაოები გააგრძელეს. აღნიშნულ ტერიტორიაზე დაახლოებით თვენახევრის წინ მიმდინარეობდა სამუშაოები, შემდგომ კი შეაჩერეს. დღეს დილით რუსები სოფლის განაპირას კვლავ გამოჩნდნენ. ე.წ. სასაზღვრო-სადემარკაციო სამუშაოების შემთხვევაში, არსებობს საფრთხე, რომ 3 საცხოვრებელი სახლი, ასევე სასაფლაოც, ოსური მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე მოჰყვეს.

ხუთი ადგილობრივი მკვიდრი რუსებთან გასაუბრებას შეეცადა, რომ სასაფლაოსკენ მიმავალი გზა არ გადაეღობათ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

ამასთან დაკავშირებით შსს-მ განცხადებაც გაავრცელა. "შს სამინისტრო მკაცრად გმობს მავთულხლართების და ღობეების მონტაჟის გაგრძელებას საოკუაციო ხაზის მიმდებარე სოფელში და ყველა მხარეს აღნიშნული არალეგალური პროცესის შეჩერებისკენ მოუწოდებს", - ნათქვამია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?