გთავაზობთ ინტერვიუს მეუღლის მკვლელ ქალთან, თამარ გახოკიძესთან, რომელიც ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს.
- 21 წლის ვიყავი, მეუღლის მკვლელობის ბრალდებით ციხეში რომ გამომკეტეს. მეუღლე ხშირად შეურაცხმყოფდა, მცემდა. ერთხელაც, როცა ძირს დამაგდო, ჩემთან ახლოს შტირი დავინახე, მივწვდი და თავდასაცავად ქმარს მოვუქნიე, მაგრამ გულმკერდის არეში, აორტაში მოხვდა. როცა მივხვდი, რომ დაჭრილი იყო, მაშინვე დავრეკე სასწრაფოში, მაგრამ უცებ მოკვდა, მერე პოლიციაში დავრეკე და ჩავბარდი.
მთვრალი იყო თუ კაიფში არ ვიცი, საშინლად მცემა, მაშინ დამიზიანდა ხერხემალი.
- რომ გამოფხიზლდებოდა, რას გეუბნებოდათ?
- რომ გამოფხიზლდებოდა, მეკითხებოდა, რატომ გცემეო. მასთან დაშორება ბევრჯერ ვცადე, მაგრამ იძულებულს მხდიდა, შევრიგებოდი. მკვლელობის დროს ჩემი შვილი ბაღში იყო და დედაჩემმა სწორედ იმ დროს მოიყვანა შინ, როცა ჩემი ქმარი სიკვდილს ებრძოდა. ბავშვმა მომაკვდავი რომ დაინახა, იყვირა, მამა ვინ მომიკლაო, მაშინ 3 წლის იყო...
უმძიმესი წლები გამოვიარე. გახსენებაც არ მინდა, მტკივნეულად მახსოვს შვილთან შეხვედრები. როცა ბავშვმა გაიგო, ჩემი მოკლული იყო, მომახალა, მკვლელი ხარ, მამა მომიკალიო. კარგა ხანს ჩემთან შეხვედრა არ უნდოდა. დღემდე დადის მის საფლავზე, მიუხედავად იმისა, რომ მისი ნამდვილი მამა არ იყო, შვილი პირველი ქორწინებიდან მყავდა, ბავშვს მამობას უწევდა. ახლა 12 წლისაა და აღარაფერს მეკითხება ამ ტრაგედიაზე.
მე ის ადამიანი მოვკალი, რომელიც ძალიან მიყვარდა. ცემასაც სიყვარულის გამო ვიტანდი.
- მაშინ განზრახ მკვლელობით რატომ გაგასამართლეს?
- არავინ გაიზიარა ჩემი ჩვენება. 6 წელი მომისაჯეს. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ დღესაც მიყვარს, ვერ შევძელი მისი დავიწყება. ციხეში 8 წელი გავატარე, მაგრამ რომ გამოვედი, პირველად მის საფლავზე მივედი და ძალიან ბევრი ვიტირე.