"ცეკვავენ ვარსკვლავების" კონკურსანტებიდან დღეს კიდევ ერთ კონკურსანტს გაგაცნობთ. ის წამყვანი კოტიკო თოლორაია გახლავთ, რომელიც პროექტში დიდი მონდომებით ჩაერთო და დღეში 3-4 საათს მუშაობს იმისთვის, რომ ცეკვა პროფესიონალურად აითვისოს...
კოტიკო თოლორაია:
- როდესაც "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობა შემომთავაზეს, ვუთხარი, - რამდენიმე დღე მაფიქრეთ-მეთქი. იმ პერიოდში აქ იმყოფებოდა ჩემი ძმა - სოსო თოლორაია, რომელმაც მირჩია, ამ წინადადებაზე უარი არ მეთქვა. თუმცა სოსო თავად კარგად ცეკვავს და მე პირიქით მინდოდა, მას მიეღო მონაწილეობა პროექტში, მაგრამ როდესაც უკვე იმაზე დამირეკეს, რომ პასუხი უნდა მეთქვა, აქ არ ვიყავი და ჩემს ნაცვლად, სოსომ უთხრა, - კოტიკო იცეკვებსო. რადგან ასე მოხდა, მოკლედ, შემდეგ ყოყმანი აღარ დამიწყია და დავთანხმდი...
- რეპეტიციები უკვე დაიწყე, ხომ?
- კი, რეპეტიციები დავიწყეთ და მასში დიდი მონდომებით ჩავერთე. შემხვდა არაჩვეულებრივი პარტნიორი, მეწყვილე, რომელიც გასულ სეზონზეც ცეკვავდა და დიდად მეხმარება. პროფესიონალია და ცეკვის შესწავლაში ყველანაირად ხელს მიწყობს. სიმართლე რომ ვთქვა, ცოტა კი მიჭირს ამა თუ იმ ილეთის დაუფლება, მაგრამ ვცდილობ. ეს ის არ არის, კლუბში რომ იცეკვებ ან ქორწილში შალახოზე ხელს გაშლი... სახასიათო ცეკვებია, სადაც სხეულის ყველა ნაწილი - ფეხი, ხელი, ტანი, მუცელი, სახე, მიმიკაც კი შესაბამისობაში უნდა იყოს... ამიტომ, რეპეტიციისთვის განკუთვნილი საათ-ნახევრის ნაცვლად, 3-4 საათს ვმეცადინეობ. მინდა ვთქვა, რომ ეს ყველაფერი ჯანმრთელობისთვის კარგია, ამასთან, ვსწავლობ პროფესიულ ცეკვას, მერე წამყვანი ვარ და სამომავლოდ ეს გამოცდილება შეიძლება, გამომადგეს კიდეც და კიდევ, ცოტას წონაშიც დავიკლებ... თუ ისე მოვემზადები, რომ ფინალშიც მოვხვდები, მაგას რა სჯობია?
- როგორ გგონია, მოხვდები ფინალში?
- ფინალში მოხვედრა ყველა კონკურსანტს უნდა და აქვს ამის სურვილი. რატომაც არა. ეს ამბიცია მოცეკვავეს უნდა ჰქონდეს, რომელიც კონკურსში მონაწილეობს თუნდაც იმისთვის, უკეთესად რომ წარმოაჩინოს საკუთარი თავი...
- პარტნიორი რას გეუბება?
- მაიმედებს, ოპტიმისტურად არის განწყობილი, თუმცა ჯერჯერობით ვგრძნობ, რომ სუსტი მოცეკვავე ვარ, რადგანაც სწავლის პროცესში გახლავართ. ისე, ჯერ რა უნდა ვთქვა, სანამ ჟიური და მაყურებელი არ შემაფასებს?
მოკლედ, მაგარი პროექტია. მასში ბევრი ცნობილი ადამიანი მონაწილეობს, რომლებსაც ახლოს ვეცნობი. მოცეკვავეებთან დავმეგობრდი კიდეც, კონკურსანტებს შორის აბსოლუტურად პოზიტიური განწყობილება სუფევს, არანაირი დაპირისპირებისა და მითქმა-მოთქმის საბაბი არ არსებობს... ერთმანეთის მიმართ თბილად და მეგობრულად ვართ განწყობილები.
- კოტიკო, ცოტა ხნის წინ ამერიკაში შვილი შეგეძინა და მამა გახდი... თუმცა პატარა ჯერ არ გინახავს.
- ჰო, ასე მოხდა და ყველა მშობელი გამიგებს, რა ძნელია, როცა პირველი შვილი ჯერ ახლოს არ გინახავს, მაგრამ თავს იმით ვიიმედებ, რომ ნოემბერში ჩემი მეუღლე და შვილიც საქართველოში ჩამოვლენ...
- როგორც ვიცი, მათ იქ შენი ძმა - სოსო თოლორაია პატრონობს...
- ჰო, რაღაც შეიცვალა ფუნქციები. მანამდე სოსოს შვილს, ანდრიას, აქ მე ვაქცევდი ყურადღებას, ახლა სოსო უვლის ჩემს პატარას...
ლალი ფაცია
სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის