ისნის რაიონში ნავთლუღის ქუჩაზე არსებული ერთ-ერთი გაჩერება დიდი ხანია, რაც ცუდ მდგომარეობაშია. გაჩერებაზე ჩამტვრეულია მინები და შიგ ნაგავი ყრია. ამ ფაქტით, მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობა ძალიან შეწუხებულია და გამგეობას დახმარებას სთხოვს.
"ამ გაჩერების მდგომარეობით საშინლად შეწუხებული ვარ, მართალია ჩვენ პასუხს გამგეობას ვთხოვთ, რომ შესაბამისი რეაგირება მოახდინონ, მაგრამ ჩვენი საზოგადოება რომ უკულტუროა, ესეც ფაქტია", - განაცხადა "რეზონანსთან" საუბრისას მოქალაქე გურამ ჩაჩიბაიამ.
"ჩემი აივანი ამ საშინელ გაჩერებას გადმოყურებს. ფანჯარას ვერ ვაღებთ, ნაგვისგან ისეთი საშინელი სუნი ამოდის, გამგეობას ვთხოვთ დახმარებას, რომ იქნებ ყურადღება მოგვაქციონ", - განაცხადა "რეზონანსთან" საუბრისას ნავთლუღის ქუჩის მცხოვრებმა შალვა ჭიჭინაძემ.
"ფაქტია სახეზე- ქალაქზე არავინ არ ზრუნავს. ქალაქში უამრავი პრობლემაა, მაგრამ გამკეთებელი არავინაა. ამ გაჩერებაზე დადგომა საშინელებაა, ნაგვისგან საშინელი სუნი დგას და ფაქტობივად გაჩერება შეუძლებელია. ჩვენმა გამგეობებმა მუშაობა მარტო არჩევნების დროს იციან, ხოლო არჩევნების შემდეგ ახლის გაკეთებაზე, რომ არაფერი ვთქვათ, გაფუჭებულსაც არავინ არ აკეთებს", - ამბობს ჭიჭინაძე.
ამ თემასთან დაკავშირებით "რეზონანსი" ისნის გამგებელს თორნიკე ხუციშვილს გაესაუბრა.
"ვთვლი, რომ პირველ რიგში საზოგადოება მოწესრიგებული უნდა იყოს, რომ თავიანთი ქალაქის სახეზე თვითონაც იზრუნონ, არსებულ გაჩერებაზე ასეთი მდგომარეობა ძალიან სამწუხაროა, ასევე სამწუხარო ფაქტია ისიც, რომ პრობლემაზე ჩვენი გამგეობის მხრიდან დროულად რეაგირება არ მოხდა.
ჩემი კონპეტენციის ფარგლებში რაც არის, ყველაფერს ვეცდები, რომ რეაგირება უსწრაფესი იყოს. არსებული პრობლემა კი ცალსახად საზოგადოების ცუდი აღზრდის შედეგია. ამ პრობლემას შესაბამის უწყებას დღესვე გადავცემთ და პრობლემა აუცილებლად უმოკლეს დროში მოგვარებული იქნება,"- განაცხადა ხუციშვილმა.
ანი ფაცია