საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, დღეს ის ვანო მერაბიშვილის მშობლებთან იმყოფებოდა, სადაც საკუთარი თვალით ნახა, როგორ მოკრძალებულად ცხოვრობენ ისინი.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრაზე განაცხადა, მერაბიშვილის მშობლებს პატარა მიწის ნაკვეთი აქვთ, "ძალიან მაგრად მოვლილი" და ძალიან უბრალოდ და ხელმოკლედ ცხოვრობენ.
"გუშინ, ტელევიზორში აჩვენეს ახლა პარლამენტში მათი მთავარი, რომელიც დარბის და ხმებს აგროვებს, ხმებს ყიდულობს ჩვენგან. აჩვენეს ერთი პარლამენტარი, რომელიც ჩვეულებრივი ქურდბაცაცა, დიდი მომპარავია. ეს ის ქალია, იუშენკოს რომ უთვლიდა საპნის ფულს.
მე ვნახე მერაბიშვილი, რომელსაც მილიარდების მოპარვას აბრალებენ და ოჯახი როგორც ცხოვრობს. გუშინ მთელმა საქართველომ ნახა მათი შემადგენლობა, როგორ ცხოვრობს და ეს ხალხი უკითხავს ლექციებს ვიღაცეებს. მე მგონი ყველაფერი თავდაყირა დადგა",-განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტს თავის გამოსვლაში აღნიშნული დეპუტატი ქალის სახელი და გვარი არ დაუსახელებია, თუმცა ცნობილია, რომ გუშინ, "პოსტ სკრიპტუმში" დეპუტატ ირინე იმერლიშვილის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ სიუჟეტი გავიდა.