ადუაშვილის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს

ადუაშვილის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს

ბიზნესმენ ავთანდილ ადუაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების მიმართ, ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს.

ნაფიცმა მსაჯულებმა განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ, სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, კობა ყურუა, ვახტანგ ჩხაპელია და გელა უბილავა თათბირის მე-13 საათზე სცნეს.

მსაჯულებმა სათათბიროდ განსაზღვრული სამივე დროის მონაკვეთი ჯამში - 12 საათი გამოიყენეს, თუმცა დროის დამატება გახდა საჭირო. სხდომა მოსამართლის მონაწილეობით შეიკრიბა და ნაფიც მსაჯულებს დამატებით ერთი საათი განესაზღვრათ, რის შემდეგაც ვერდიქტი გამოიტანეს.

რაც შეეხება სასჯელის ზომას, მკვლელობაში ბრალდებულებს მოსამართლე სასჯელს დღეს ჩანიშნულ პროცესზე განუსაზღვრავს, რომელიც საქალაქო სასამართლოში 15:00 საათზეა ჩანიშნული.

ბიზნესმენი ავთანდილ ადუაშვილი თბილისში, ზაზიაშვილის ქუჩაზე 2012 წლის 23 ნოემბერს მოკლეს. მის საქმეზე ბრალდებულები მურთაზ გერგაია, მოკლულის მეგობარი ვახტანგ ჩხაპელია, ძმები ქარჩავები, "მუხად" ცნობილი ქობალია, გელა უბილავა და კობა ყურუა არიან. არც ერთი ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს. თუმცა, როგორც ცნობილია, ჩხაპელიამ, რომელიც მკვლელობის შემკვეთად მოიაზრება, გამოძიებას პირველად აღიარებითი ჩვენება მისცა, შემდეგ კი შეცვალა და თქვა, რომ პირველი ჩვენება ზეწოლის შედეგად მიაცემინეს.

ძმები ქარჩავების და ქობალიას საქმის გარდა, დანარჩენი ბრალდებულების საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილეს.

მოკლულის ახლობლები მკვლელობის შემკვეთად ავთანდილ ადუაშვილის ნათესავს და მეგობარს, რუსეთში მცხოვრებ ქართველ მომღერალ სოსო პავლიაშვილს ასახელებენ. ამის სავარაუდო მიზეზად კი, მოკლულის ახლობლები ადუაშვილისა და პავლიაშვილის საერთო ბიზნესში პრობლემებს მიიჩნევენ.

სოსო პავლიაშვილთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმე ცალკეა აღძრული და პროკურატურის ინფორმაციით, არ არის გამორიცხული მისი დაკითხვა უახლოეს პერიოდში მოხდეს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ