16 სექტემბერს 2013-2014 სასწავლო წელი დაიწყება. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს, საქართველოში სულ 2332 სკოლაა. მათ შორის კერძო სკოლაა 247, საჯარო კი - 2085.
დღევანდელი მდგომარეობით, 16 სექტემბერს სასკოლო მერხებს 610430 მოსწავლე მიუჯდება. მათ შორის 559189 მოსწავლე საჯარო სკოლაში მივა, ხოლო 51241 მოსწავლე კერძო სკოლაში.
პირველ კლასში 44758 მოსწავლე წავა. მათ შორის 40468 პირველკლასელი საჯარო სკოლაში მივა, ხოლო 4290 პირველკლასელი - კერძო სკოლაში.
როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, სკოლებს შორის მობილობის პროცესი გრძელდება და მოსწავლეთა რაოდენობრივი მაჩვენებელი კერძო და საჯარო სკოლებს შორის შეიცვლება.
რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებლებს, საქართველოში 64 აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებელია. წელს პირველ კურსზე 28 ათასზე მეტი აბიტურიენტი ჩაირიცხა. რაც შეეხება საერთო მაჩვენებელს, ბაკალავრიატში, მაგისტრატურასა და დოქტურანტურაში 120 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს.