"მეოცნებენი" შესანიშნავი იტალიელი რეჟისორის, ბერნარდო ბერტოლუჩის ერთ-ერთი ბოლოდროინდელი ფილმია, რომელსაც მაყურებელიც და კრიტიკაც არაერთგვაროვნად შეხვდა. ფილმი ქართველმა მაყურებელმაც ასეთივე ორჭოფობით მიიღო, ზოგმა აღიარა, ზოგს კი უკვე შესამჩნევად ხანში შესული რეჟისორის ახალი ფანტაზიები ზღვარს გადასული ეჩვენა. ფილმში ახალგაზრდა მსახიობებმა გაიელვეს, მათ შორის, "მეოცნებენში" შესრულებული როლი საეტაპო აღმოჩნდა ნახევრად შვედი და ნახევრად ფრანგი ლამაზმანი ევა გრინისთვის, რომლის ვარსკვლავური კარიერა ექსცენტრიკული იზაბელის განსახიერებით დაიწყო. მაიკლ პიტს კინომოყვარულები უკვე იცნობენ, მას ლეგენდარულმა რეჟისორმა მეთიუს როლი შესთავაზა, ხოლო ლუის გარელს – ტეოსი.
ბერტოლუჩის სკანდალური ქმნილება "მეოცნებენი" სამი ახალგაზრდის შესახებ მოგვითხრობს, რომელთა ბედი 60-იანი წლების რევოლუციურ პარიზში გადაიკვეთება. ბინაში, სადაც ტყუპი და-ძმა ტეო და იზაბელი მშობლების გარეშე განცხრომით ცხოვრობენ, მათთან ერთად ახალგაცნობილი მეგობარი მეთიუ დაბინავდება. გარეთ სტუდენტური გამოსვლების აჩრდილი დადის, ბინა კი ამ ახალგაზრდებისთვის გარკვეულ თავშესაფრად იქცევა, სადაც ყველაფერზე საუბრობენ, კინოზე, პოლიტიკაზე და არც ექსპერიმენტების ჩატარების სურვილის ნაკლებობა იგრძნობა, მათ შორის სექსშიც. მეთიუ მალევე აღმოჩნდება უცნაური და-ძმის გავლენის ქვეშ. ტეო და იზაბელი სულაც არ ჰგვანან ჩვეულებრივ და-ძმას. მათ ერთ საწოლში შიშვლებს სძინავთ, ტეოს სიამოვნებს იმის ყურება, როგორ ამყარებს სექსუალურ ურთიერთობას მის დასთან მეთიუ, სამეული ერთად აბაზანის მიღებაზეც არ ამბობს უარს...