ქართველი დიზაინერების უმეტესობას უხარისხო და ძვირად ღირებული კოლექციის გამო ხშირად აკრიტიკებენ. ახალგაზრდა დიზაინერი დათუნა სულიკაშვილი მათგან გამონაკლისია. მის მიერ შექმნილი კოლექცია საყოველთაო მოწონებას იმსახურებს. დიზაინერი მოდის ტენდენციებსა და სამომავლო გეგმებზე გვესაუბრება:
- ახალ კოლექციაზე ვმუშაობდი, უამრავი საქმე მქონდა, ამიტომ მთელი ზაფხული თბილისში გავატარე. შევქმენი კოლექცია მოსკოვისთვის, უკრაინისა და საფრანგეთისთვის. ძალიან დავიღალე და ახლა ვაპირებ, ერთი კვირით მეგობრებთან ერთად ევროპის რომელიმე ქვეყანაში დავისვენო.
- უცხოური მხარისგან იყო დაინტერესება, თუ თავად შესთავაზეთ თქვენი ნამუშევრები?
- ბევრი მეგობარი მყავს საზღვარგარეთ, ხშირად ვმოგზაურობ, მოდის კვირეულზეც უამრავი ადამიანი გავიცანი, გავუგზავნე ჩემი ნამუშევრები, დაინტერესდნენ და შემოთავაზებები მივიღე. მოდა საქართველოში ნელი ნაბიჯებით, მაგრამ მაინც ვითარდება, ამას ხელი შეუწყო მოდის კვირეულებმა, ბევრი ნიჭიერი დიზაინერი გამოჩნდა, არაერთი საინტერესო პროექტი განხორციელდა. ძირითადად, თბილისის მოდის კვირეულში ვმონაწილეობ, ორჯერ მივიღე მონაწილეობა საქართველოს მოდის კვირეულზე, რომელსაც დავით ბაქრაძის მეუღლე მაკა მეტრეველი ატარებდა. ჩემი აზრით, "თბილისის მოდის კვირეული" უფრო მრავალფეროვანი გამოვიდა, რადგან ბევრი დიზაინერი მონაწილეობდა.
- ახალი კოლექციის ჩვენებას მუდმივად განსხვავებულ გარემოში ატარებთ და ცდილობთ, შოუს სახე მისცეთ...
- ნებისმიერი ამერიკელი თუ ევროპელი დიზაინერი ცდილობს, თავისი ნამუშევარი ორიგინალურად წარუდგინოს საზოგადოებას, სწორად უნდა იყოს შერჩეული გარემოც და მუსიკაც. კოლექციის შექმნისას დიზაინერი ქმნის ქალს. სწორად რომ დაანახო საზოგადოებას, როგორი ჩაცმული უნდა იყოს მოდური ქალი, ის შესაბამის გარემოშიც უნდა წარუდგინო. ამ კუთხით ბევრი დაბრკოლება მექმნება კოლექციაზე მუშაობისას, მაგრამ მაინც ვახერხებ. არიან დიზაინერები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეს არ სჭირდებათ.
- ვის გამოარჩევთ ახალბედა დიზაინერებიდან?
- ახალ თაობაში ყველაზე მეტად მომწონს გოლა, მას განსხვავებული ხედვა, კარგი ფანტაზია აქვს და აუცილებლად იტყვის თავის სიტყვას. მე ვერავის შევაფასებ, დიზაინერი მოდის კრიტიკოსმა უნდა შეაფასოს. მე შეიძლება არ მომწონდეს "დოლჩე და გაბანა", მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცუდია.
- აპირებთ, საზღვარგარეთ განაგრძოთ კარიერა?
- უკვე დავიწყე მუშაობა მაგ კუთხით. დღეს და ხვალ არ ჩავალაგებ ჩანთას და არ გავემგზავრები, მაგრამ როგორც კი იქაური ბაზრისთვის რამე ფასეულს შევქმნი, წავალ. მოდის სფეროსთვის ფინანსები აუცილებელია, აქ რთულია დაინტერესება ბიზნესმენისა, რომელიც პოტენციური დამფინანსებელია. იშვიათად მეხმარება ვინმე ფინანსურად, ძირითადად საკუთარი ძალებით ვახერხებ ყველაფერს.
- ინტერნეტში გამოქვეყნდა ავთანდილისა და დევიდ კომას მიერ შექმნილი კოსტიუმები, რომლებიც ერთმანეთის მსგავსია. თუ ნახეთ ეს ფოტოები?
- ეგ კოსტიუმები არ მინახავს და ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ხშირად ხდება, როცა ერთი დიზაინერის კოსტიუმი მეორეს ჰგავს მკლავით, საყელოთი და ა.შ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დიზაინერმა ინდივიდუალიზმი შეინარჩუნოს.
- თქვენი ჩაცმის სტილს რა ჰქვია?
- მიყვარს თავისუფალი და კომფორტული სტილის სამოსი. მთელი დღე საყიდლებზე სიარული არ მიყვარს და არც საამისო დრო მაქვს. სამწუხაროდ, თბილისში არ არის კარგი არჩევანი. მე მხოლოდ "ტი ელეფოსა" და "პრივეში" ვიმოსები. გარდერობში ჩემი შექმნილი რამდენიმე კოსტიუმიც მაქვს.
- რა არის მოდური ამ სეზონზე?
- ეს არის კითხვა, რომელიც არ მიყვარს. მოდის ტენდენციებს საკუთარ ჩაცმულობაში არასოდეს ვითვალისწინებ. ადამიანს რაც აცვია, უნდა უხდებოდეს. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ამ სეზონზე აქტუალურია გემოვნებით შეხამებული ოქროსფერი და ლურჯი სამოსი.
თამარ ბოჭორიშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)