ყველა, ვინც იცის, რომ ჰაერის დაბინძურების დონე ჩვენს ქალაქებში საგანგაშოა, აღიარებს, რომ ტექდათვალიერების შემოღება აუცილებელია. ამას არც მთავრობა ეწინააღმდეგება და არც არასამთავრობო სექტორი, რადგან საქართველოში ჰაერის დაბინძურების მიზეზი ძირითადად სწორედ ავტომანქანებია. თუმცა ამ მიმართულებით რეალური ნაბიჯები ჯერჯერობით არ გადადგმულა, უფრო მეტიც, გადაწყვეტილების მიღება 2014 წლამდე გადაიდო. საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი შალვა ოგბაიძე ფიქრობს, რომ ამ საკითხის გადაწყვეტას უპირველესად პოლიტიკური ნება სჭირდება. აი, რა გვითხრა მან:
- ეს თემა მეტად აქტუალურია, ოღონდ მას უნდა ჩამოვაშოროთ ის დატვირთვა, რომელიც წინა ხელისუფლებამ მისცა: ტექდათვალიერების შემოღება არ ნიშნავს რაღაც ძალიან ცუდს, დრაკონულ წესებს. "ხელისუფლება, რომელიც ტექდათვალიერებას გააუქმებს, არის კარგი, ხოლო ის, რომელიც შემოიღებს, არის ცუდი" - ზუსტად ასეთი მენტალიტეტი დატოვა სააკაშვილის ხელისუფლებამ. სწორედ ამიტომ, საქართველო დასავლეთის ქვეყნებში ნაყიდი უვარგისი ავტომობილების სასაფლაოდ იქცა.
ტექდათვალიერების საჭიროება გაჩნდა მაშინვე, როგორც კი შეიქმნა ავტომობილი. სამწუხაროდ, საბჭოთა კავშირში ეს სფერო ფულის საჭრელ მანქანად იყო ქცეული, ამიტომ 2003 წლის ბოლოს ტექდათვალიერების ამ ფორმით შეწყვეტა სწორი იყო. სააკაშვილმაც მალე აუღო ალღო, თუ რა სიკეთე მოჰქონდა ამგვარი რეგულაციების შეჩერებას და ტექდათვალიერების შემოღებას მომდევნო წლისთვის გადადებდა ხოლმე, რითაც ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილ ადამიანთა რიცხვს ზრდიდა. ახალი მთავრობის მოსვლასთან ერთად ტექდათვალიერების აღდგენაზე ლაპარაკი დაიწყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ეს საქმე ადგილიდან არ იძვრის. მე, როგორც დამოუკიდებელ ექსპერტს, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ვინც ხმას დაძრავს ტექდათვალიერების შემოღების აუცილებლობაზე, მის წინააღმდეგ სერიოზული "პიარ-ცეცხლი" გაიხსნება, თანაც ახლა არჩევნები მოდის და ალბათ ამ საკითხზე ხმის ამოღებას ვერავინ გარისკავს, თუმცა ამ პრობლემაზე უკვე ერთი წელია მსჯელობენ. არადა, მოუწესრიგებელი მანქანა საფრთხეს უქმნის ჩვენს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, ტექდათვალიერებაც იმისათვის არის საჭირო და აუცილებელი, რომ ასეთი მანქანა ქუჩაში არ მოძრაობდეს. კატეგორიული წინააღმდეგი ვარ დრაკონული მეთოდებისა, მაგრამ ეს მარტივი მოთხოვნები ყველა კეთილსინდისიერმა მძღოლმა უნდა შეასრულოს.
- ბევრი მანქანა შეგიმჩნევიათ, რომელიც ამ მარტივ მოთხოვნებს ვერ პასუხობს?
- ძალიან ბევრი: ვხედავ მანქანებს, რომლებსაც მუხრუჭი წესიერად არ უჭერს, ან ფარები დარეგულირებული არა აქვს და ამის გამო შემხვედრ მანქანებს აბრმავებს. ძალიან ბევრ მანქანას მინის მწმენდავი არ უმუშავებს, არადა, ეს ყველაფერი ერთად ქმნის საავარიო სიტუაციებს. ძალიან ბევრია მოუვლელი მანქანა, რომელიც ნაგავსაყრელზე გადასაგდები, "გამელოტებული" საბურავებით დადის. ნებისმიერი მათგანი პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს ჩვენი სიცოცხლისათვის. სხვათა შორის, მე გახლდით ღვედების შემოღების ერთ-ერთი ინიციატორი. გახსოვთ, რა ამბავი ატყდა მაშინ? - ქართველი კაცი ჩარჩოებს ვერ იტანსო - გაჰყვიროდნენ ზოგიერთები. ძალიანაც კარგად იტანს, რადგან ქართველი თავისი ბუნებით კანონმორჩილია. ერთ-ერთი, ვინც ამტკიცებდა, რომ ღვედის შემოღება საქართველოში არ შეიძლება, გერმანიაში კურდღელივით შეშინებული მყავს ნანახი - ჩემი თვალით ვნახე, როგორ ასწრებდა გერმანელს ღვედის შეკვრაში.
- როცა საწვავის ხარისხის გაუმჯობესებაზეა ლაპარაკი, იქვე ჩნდება მოსაზრება, რომ ეს საწვავის ფასის ზრდას გამოიწვევს...
- ეს მოსაზრება კი არა, ტყუილი და საქმეში ჩაუხედაობაა. კარგად ვიცი, რა საწვავი შემოდის საქართველოში: ძირითადი მომწოდებელი, რუმინეთის, ბულგარეთის ან იტალიის გარდა, აზერბაიჯანიც არის. საბედნიეროდ, მივაღწიეთ იმას, რომ თბილისში აღარ იყენებენ ეთილიან საწვავს, რომლის გამონაბოლქვშიც დიდი რაოდენობით იყო მძიმე მეტალები, კერძოდ ტყვია, რაც დამანგრეველია ორგანიზმისთვის, განსაკუთრებით - მცირეწლოვანი ბავშვებისთვის. სამაგიეროდ, რა მდგომარეობა გვაქვს დიზელის საწვავში? - ამ ტიპის საწვავში გოგირდის შემცველობა უნდა იყოს არაუმეტეს 10 ერთეულისა, აზერბაიჯანიდან შემოტანილ საწვავში კი იცით, რამდენია? - 250, ანუ ნორმაზე გაცილებით მეტი. აქვე უნდა გითხრათ, რომ აზერბაიჯანიდან და რუმინეთიდან შემოტანილ დიზელის საწვავს ერთი და იგივე ფასი აქვს და თუ სახელმწიფო იტყვის, რომ ჩვენ უხარისხო დიზელის საწვავი არ გვინდა, ყველა პრობლემა მოიხსნება.
როგორ ტარდება ტექდათვალიერება სხვა ქვეყნებში
აშშ. ყველა ავტომობილმა, რომელიც ნიუ-იორკის შტატშია დარეგისტრირებული, ყოველ 12 თვეში ერთხელ უნდა გაიაროს შემოწმება უსაფრთხოებასა და ტოქსიკურ გამონაბოლქვზე. ორივე შემოწმება ასევე აუცილებელია ავტომობილის მფლობელის შეცვლისას.
ბრიტანეთი. წელიწადში ერთხელ ან ავტომობილის მიერ 16 ათასი კმ-ი/ს გავლისას მძღოლს მანქანა ტექდათვალიერებაზე მიჰყავს. არანაირი "სტიკერი" მინაზე არ ახსენებს, რომ ავტომობილმა ტექდათვალიერება უნდა გაიაროს, ამიტომ ზოგიერთი ამ პროცედურის გავლას აგვიანებს, მაგრამ მათ არც პოლიცია სჯის და არც კანონი.
ბელგია. მზრუნველი სახელმწიფო სატრანსპორტო ფედერალური სამსახური მძღოლს ტექდათვალიერების აუცილებლობას ახსენებს - ფოსტით უგზავნის მწვანე კუპონს, სადაც მითითებულია ტექნიკური კონტროლის უახლოესი სადგურის კოორდინატები და მისამართი.
საფრანგეთი. პირველი კონტროლი ახალ ავტომობილს სამწლიანი ექსპლუატაციის შემდეგ უტარდება.
ხათუნა ჩიგოგიძე
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)