"დავიბადე თბილისის მეოთხე სამშობიაროში, გავიზარდე საბურთალოზე, გამოვიცვალე თბილისის რამდენიმე სკოლა და შესაბამისად, უამრავი ნაცნობი და მეგობარიც მყავს თბილისში", - ამბობს პროდიუსერი - ეკა ჩიტაშვილი, რომელიც ამჟამად მოლდავეთში, კერძოდ, კიშინიოვში ცხოვრობს და აქვს სერიოზული საპროდიუსერო კომპანია...
მასთან რამდენჯერმე მეც მქონია შეხება, როგორც არაერთი მასობრივი მუსიკალური ღონისძიების ორგანიზატორთან. შემდეგ კი აქაურობა დატოვა და საცხოვრებლად უცხოეთში გადავიდა... ჩემს რესპონდენტს ცოტა ხნის წინ მოლდავეთში დავუკავშირდი.
- ეკა, რა გახდა საქართველოდან შენი წასვლის მიზეზი?
- საქართველოდან წასვლის კონკრეტული მიზეზი არ მქონდა. უბრალოდ, როგორც პროდიუსერსა და ბიზნესმენს, კვალიფიკაციის ამაღლება, ბიზნესურთიერთობების გაფართოება მსურდა. 2006 წელს მოსკოვში, გნესინების სახელობის მუსიკალური აკადემიის საპროდიუსერო ფაკულტეტზე ჩავაბარე. ჩემი ოჯახი 20 წელია, რუსეთში ცხოვრობს და პირადი თუ საქმიანი ვიზიტების გამო, მოსკოვში ჩასვლა მანამდეც ხშირად მიწევდა. ჩემი ძმა - დავითი ამავე აკადემიის კურსდამთავრებულია და შოუბიზნესის სფეროში მუშაობს. ამჟამად სწორედ ის გახლავთ ჩემი კომპანიის რუსეთის ფილიალის დირექტორი.
- მოლდავეთში კონკრეტულად რას საქმიანობ?
- მოლდავეთში პირველად საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე ჟიურის წევრად, დედაქალაქის მერის მოწვევით მოვხვდი, სადაც რამდენიმე გავლენიანი ადამიანი გავიცანი, მათ შორის, პარლამენტის დეპუტატი, ოლიგარქი და მეცენატი - ლეონიდ ვოლნიანსკი, რომელიც ქვეყანაში კულტურის სფეროს განვითარებას წლების განმავლობაში უჭერდა მხარს; მისი დაფინანსებით ხდებოდა სახელმწიფო ოპერის თეატრისა და საკონცერტო დარბაზების შენება-რეკონსტრუქცია და შენახვა, ნიჭიერი ხელოვანების მხარდაჭერა და მათი რეალიზება კულტურისა და შოუბიზნესის სფეროში. ჰოდა, ვოლნიანსკიმ პარტნიორობა შემომთავაზა, მაგრამ მაშინ მოსკოვში ვმუშაობდი და უარი ვუთხარი... 2008 წლის აგვისტოში კი მოგეხსენებათ, მოსკოვში ქართველების ეთნიკური წმენდა განხორციელდა. საქართველოს მოქალაქეებს სატვირთო თვითმფრინავებში "ყრიდნენ" და ისე აბრუნებდნენ სამშობლოში. ზოგს ხანში შესული მშობელი დარჩა ქალაქში, ზოგს - მცირეწლოვანი შვილი და მეუღლე. ნებისმიერ ერსა და ეროვნებას პატივს ვცემ და მინდა, ჩემს ერსა და ეროვნებასაც ასეთივე პატივისცემით მოეპყრან სხვები, მაგრამ ყოველთვის ასე არ ხდება. იმ პერიოდში აგრესიის ეპიცენტრში აღმოვჩნდი, ამიტომ უნდა მიმეღო გადაწყვეტილება და ან უარი მეთქვა საქართველოს მოქალაქეობაზე, რაც მაშინ უამრავმა ჩვენმა თანამემამულემ გააკეთა, ან დამეტოვებინა ქვეყანა! საქართველოში დაბრუნება იმ პერიოდში აბსურდი გახლდათ, რადგან ჩემი პროფესიის ადამიანისთვის იქ არანაირი პერსპექტივა არ იყო და ამასთანვე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ჯარი თბილისის დაბომბვას გეგმავდა. ჩემი ოჯახისთვის ერთადერთი საიმედო თავშესაფარი მოლდავეთში მეგულებოდა. აქაურმა მეგობრებმა დახმარება შემომთავაზეს. ჰოდა, ამ მიზეზით ჩამოვედი მოსკოვიდან კიშინიოვში. აქ ჩამოსვლის შემდეგ კი ლეონიდ ვოლნიანსკიმ კულტურის სამსახურის ხელმძღვანელად დამნიშნა, რაც ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობა იყო და არც მე გამიწბილებია მისი იმედი. ჩემი ორგანიზებით გაიმართა პირველი მიუზიკლი მოლდავეთში - THE GATES, რომელშიც 220 მუსიკოსი, მომღერალი და არტისტი მონაწილეობდა.
- პროექტი რას ეხებოდა?
- სოციალურ თემაზე იყო აგებული. უამრავი მოლდაველი მიემგზავრება საზღვარგარეთ სარჩოს მოსაპოვებლად და სხვა ქვეყნებში ემიგრანტებად რჩებიან, რაც ქვეყნისთვის უდიდესი პრობლემაა. მიუზიკლის თემა კი სამშობლოს ღირებულებების დაცვასა და ქვეყანაში დარჩენის საკითხს ემსახურებოდა. პარალელურად, გავაკეთე პროგრამა, რომელიც კულტურის და შოუბიზნესის წარმომადგენლების დასაქმებას ეხმარებოდა. ჩავატარე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, კონკურსები: Golden Voices და Golden Wings, რომლებიც ქვეყნის პოპულარიზაციისა და ტურიზმის სფეროს განვითარების მიზნით დაიგეგმა. წელიწადში 4-5-ჯერ 25 ქვეყნის დელეგაციას ვმასპინძლობდით. რა თქმა უნდა, საქართველო არასოდეს გამომიტოვებია: ჩემი მოწვევით, მოლდავეთს ყველაზე ნიჭიერი მომღერლები - ანრი ჯოხაძე, ნოდიკო ტატიშვილი, ლევან ჯიბლაძე, სალომე ბაკურაძე, კახა კუხიანიძე, ქეთი ორჯონიკიძე, ირინა ბაირამაშვილი, გოგა მესხი, მარიამ რომელაშვილი და სხვები ეწვივნენ, რომლებმაც საქართველო, როგორც უნიჭიერესი და ულამაზესი ერი, ისე გააცნეს მოლდავეთს და სხვა 25 ქვეყნის დელეგაციას. ახლა WORLD STAR 2014 წლის მზადებაში ვარ.
- ბოლოს და ბოლოს, რომელი ქვეყნის მოქალაქე ხარ?
- მე ქართველი ემიგრანტი ვარ. შემიძლია, უარი ვთქვა საქართველოს მოქალაქეობაზე, მაგრამ ამას არ გავაკეთებ. ყოველწლიურად 12 ქვეყანაში, სხვადასხვა მუსიკალურ საერთაშორისო კონკურსზე ჟიურის წევრად მიწვევენ და ალბათ დამეთანხმებით, რომ არ არის სასურველი, თუ ასე წარმადგენენ: "ეკატერინე ჩიტაშვილი - მოლდავეთი".
- უცხო ქვეყანაში თავს კომფორტულად გრძნობ?
- მოლდავეთი სტუმართმოყვარე და ეროვნული ტრადიციების მქონე ქვეყანაა. გარშემო მყოფებისგან სიკეთესა და სითბოს ვგრძნობ. პატივს მცემენ, როგორც ქართველს. მე არ ვარ მოლდავეთის სტუმარი, ამ ქვეყნისთვის ოჯახის წევრივით ვარ.
- მოლდავეთში შოუბიზნესი რა დონეზეა განვითარებული?
- მაღალ დონეზეა ამუშავებული კორპორატიული, საკლუბო გასართობი ღონისძიებების ბაზარი, რომელსაც არტისტებისთვის არც ისე მცირე შემოსავალი მოაქვს. მოკლედ, შოუც კეთდება და ბიზნესიც, მაგრამ არა - დიდი. ნებისმიერი მოლდაველი "ვარსკვლავის" ჰონორარი 1.000-1.500 ევრომდეა. არ არის კონცერტების დეფიციტი.
- საქართველოში 2011 წელს ჩაატარე მუსიკალური კონკურსი' - "გოლდენ ტალანტი"... რას იტყვი ამის შესახებ?
- "გოლდენ ტალანტი" საერთაშორისო სატელევიზიო მუსიკალური კონკურსია, რომლის ავტორი და ლიცენზიის მფლობელი გახლავართ. ეს პროექტი 2011 წელს საქართველოში მყოფი საორგანიზაციო ჯგუფის დახმარებით განხორციელდა, მე კი "გოლდენ ტალანტის" გენერალური პროდიუსერი გახლდით. ბათუმში მხოლოდ 3 თვე ვიყავით, მაგრამ მანამდე ამ პროექტზე მთელი 12 თვე ვიმუშავე - ხელშეკრულება გავაფორმე 25 ქვეყნის ტელეკომპანიასთან, რომლებმაც შიდა შესარჩევი ნაციონალური ტურები ჩაატარეს და თავიანთი კონკურსანტები ფინალში წარმოგვიდგინეს. ასევე, საკუთარ ქვეყნებში უზრუნველყვეს "გოლდენ ტალანტის" ტელეტრანსლაცია. საკონცერტო პროგრამისთვის და ჟიურიში სამუშაოდ მოვიწვიე მსოფლიო ვარსკვლავები - ჯგუფი "ბლუ", ევა სიმონსი, ამერი, შონტელი, კეტი რაინი, ქრის უილისი, სანსტროუქ პროჯექტი და სხვები. მოვიწვიე ღონისძიების ინგლისურენოვანი წამყვანი, "მის ლიტვა" - იურგიტა იურკუტე. სცენის დიზაინი არქიტექტორ-დიზაინერს, ნატალია კომლევას დავამზადებინე. სასცენო დეკორაციისთვის უკრაინიდან იქნა ჩამოტანილი "ლედ ეკრანები" და ა.შ. მოკლედ, პროექტი საქართველოში პრაქტიკულად, გამზადებული ჩამოვიტანე. ქართველ ორგანიზატორებს მხოლოდ მხარდამჭერების მოძიება და "გოლდენ ტალანტის" საქართველოს ნაციონალური ტურის შედეგად, საქართველოს წარმომადგენლის შერჩევა, სცენის და საკონცერტო ადგილის ორგანიზება და ჩემ მიერ მოწვეული ვარსკვლავების, კონკურსანტებისა და 25 ქვეყნის დელეგაციის მიღება-სტუმრობა ევალებოდათ. პროექტის ტელეპარტნიორი ტელეკომპანია "იმედი" გახლდათ. სამწუხაროდ, არასაკმარისი დაფინანსების გამო, პროექტის ყოველწლიურად ჩატარება ქართველმა ორგანიზატორებმა ვერ შეძლეს. საქართველოსთვის ნაადრევი აღმოჩნდა ასეთი მასშტაბური მუსიკალური პროექტის მასპინძლობა.
- როგორც მახსოვს, ქართველები ცოტა არ იყოს, უკმაყოფილოები იყვნენ ამ ფესტივალით...
- ასეთი რამ არ მახსოვს, მაგრამ დამერწმუნეთ, პროექტი ნამდვილად თანამედროვე და გემოვნებიანი იყო. განაწყენებული ალბათ ქართველი "ვარსკვლავები" დარჩნენ, რადგანაც საკონცერტო პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა არ ჰქონდათ. ჰოდა, განაწყენებულები, კონკურსის დონეზე ალაპარაკდნენ მანამდე, ვიდრე ეთერში გავიდოდით... ჩემი აზრით, ეს პროექტი "ახალ ტალღას" ან "სლავიანსკი ბაზარს" არ უნდა დამსგავსებოდა, სადაც მხოლოდ 80-90 წლების რუსულენოვან რეპერტუარს აჟღერებენ. რუსეთი წლებია, ცდილობს, შევიდეს ევროპის მუსიკალურ ბაზარზე, მაგრამ ამაოდ! მიხარია, რომ ჩვენ სალომე ქათამაძე გავაცანით 25 ქვეყანას, როგორც უნიჭიერესი და პერსპექტიული ქართველი მომღერალი. თუ არ ჩავთვლით ფინანსურ პრობლემებს, პროექტმა წარმატებულად ჩაიარა, რისთვისაც უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო ტელეკომპანია "იმედს". რომ არა მათი ნდობა და მხარდაჭერა, "გოლდენ ტალანტი", როგორც სატელევიზიო პროექტი, ვერ შედგებოდა.
- ამ ფესტივალზე სალომე ქათამაძემ გაიმარჯვა და თუ არ ვცდები, განაწყენებული დარჩა ნუკა გვალია...
- სალომე ნიჭიერი და პერსპექტიული მომღერალია. ის მეორე ადგილზე გავიდა, გამარჯვება კი მოლდოველ პაველ პარფენის ხვდა წილად, რომელიც "ევროვიზია 2012"-ის ფინალისტი გახლდათ. პაველი პოპულარული და უკვე შემდგარი "ვარსკვლავია" საკუთარ ქვეყანაში... რაც შეეხება ნუკა გვალიას, ის საქართველოში ჩემი ფავორიტი მომღერალია. სამწუხაროდ, "გოლდენ ტალანტის" საერთაშორისო კონკურსის ფინალში ვერ მოხვდა, მაგრამ ეს საქართველოს ნაციონალური შესარჩევი ტურის ჟიურის გადაწყვეტილებით მოხდა. ქულები ხომ მათემატიკაა: ზოგს დღეს გაუმართლებს, ზოგს - ხვალ. ნუკას აუცილებლად ვიხილავთ დიდ სცენაზე, ამის მჯერა! ის არაფრით ჩამოუვარდება MTV-ის ნებისმიერ მსოფლიო ვარსკვლავს. იმედი მაქვს, ნუკას გამოუჩნდება პროფესიონალი მუსიკალური პროდიუსერი, რომელიც შეძლებს ინვესტორის მოძიებას და რომელიმე ევროპულ ლეიბლკომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებას.
- ქართველებთან ნაკლებად თანამშრობლობ, არა?
- კი, იშვიათად. ჩემი ძირითადი საქმიანობა საერთაშორისო საკონცერტო კომპანია Maximum-ის მართვაა. ჩვენ ორგანიზებას ვუწევთ მსოფლიო ვარსკვლავების ტურებს სხვადასხვა ქვეყანაში, ვმართავთ მასშტაბურ კონცერტებს. საქართველოდანაც ხშირად მიკავშირდებიან, მაგრამ ამას თანამშრომლობის ინტენსიური სახე არ აქვს, უფრო ხშირად, ინფორმაციის მოპოვების მიზნით მომმართავენ. პრომოუტერებს აინტერესებთ ამა თუ იმ ცნობილი "ვარსკვლავის" ჰონორარის ოდენობა და მოწვევის პირობები. მოგეხსენებათ, მსოფლიო ვარსკვლავების ჰონორარის გადახდას და ხარისხიანი კონცერტის გამართვას სპონსორის მოძიება და დაფინანსება სჭირდება, საქართველოში კი სპონსორების დეფიციტია. ბოლო წლებში, ჩემი ორგანიზებით რამდენიმე პოპულარული ადამიანი ეწვია საქართველოს, კერძოდ: ტომას ანდერსი, ტიმატი, ოტტოვანი, ბუმბოქსი, 19 სექტემბერს კი თბილისს ჯგუფი "რეფლექსი" ეწვევა.
- როგორ ფიქრობ, შენი წარმატება რამ განაპირობა?
- ჩემს წარმატებად, საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული რეპუტაცია მიმაჩნია, რაც დიდ სტიმულს მაძლევს, რომ კიდევ უფრო მეტი გავაკეთო. ის, რომ კომპეტენტური და პროფესიონალი ადამიანები მენდობიან, პატივს მცემენ და მაფასებენ, ეს ჩემთვის შეუფასებელი განძია. მე მიყვარს ჩემი საქმიანობა და პატივს ვცემ თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ჩემ გარშემო იმყოფება. ჰოდა, როცა გასცემ პოზიტივს, ის აუცილებლად, სასიკეთოდ დაგიბრუნდება. წარმატების მისაღწევად კიდევ ერთი საიდუმლო მაქვს: ვმუშაობ 24 საათის განმავლობაში. თუ ვიღაცის სამუშაო დროის ხანგრძლივობა 10-12 საათით შემოიფარგლება, მე ვაორმაგებ სამუშაო დროს და შედეგიც მეტია. ვარ უშუალო ადამიანი და კატეგორიულად გავურბივარ ამპარტავან, სხვისი კრიტიკით, საკუთარი თავის წარმოჩენის მცდელობით ატლიკინებულ ხალხს!
- ცოტა რამ ოჯახზეც გვითხარი...
- მყავს 3 შვილი: ანა, ივა, და ირინკა. ანა და ივა სტუდენტები არიან, ირინკა კი სამოდელო სარეკლამო საკონცერტო კომპანია Maximum-ის დირექტორია საქართველოში, ხშირად ატარებს საკლუბო ღონისძიებას. ის სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობს, მაგრამ მგონია, რომ მომავალში ჩემი კომპანიისა და პროექტების მართვით დაკავდება... დაბოლოს, მინდა გითხრათ, რომ ამჟამად ვმუშაობ წიგნზე, რომელსაც "პროდიუსერის აღსარებას" დავარქმევ. წიგნი სავარაუდოდ, 2016 წელს, რუსულ და ინგლისურ ენებზე გამოიცემა.
ლალი ფაცია
(გამოდის ხუთშაბათობით)