გასულ კვირაში სატელევიზიო რეპორტაჟიდან ცნობილი გახდა, რომ ქარელის რაიონის ერთ-ერთ სოფელში მოჩვენება ხალხს სცემს, ფარდებს უწვავს და ძარცვავს. ეს სიუჟეტი სოციალურ ქსელებში ხუმრობის საგნად იქცა. ასევე ითქვა, რომ ბათუმის ოპერაშიც დაცვის მუშაკებს წარა-მარა ცვლიან, რადგან მათ ღამით მოჩვენება აშინებთ... ამ ყველაფერში სახუმაროს ვერაფერს ხედავს ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე: - მეტი საშიში რაღა უნდა იყოს, როცა 21-ე საუკუნეში მოსახლეობას ავი სულების და მოჩვენებების ეშინია?! როცა ინდივიდუალური შემთხვევებია, მაშინ შეიძლება მკურნალობა, მაგრამ როცა ასე მასიურად ხდება, რაღა დროს მკურნალობაა. ახლა მხოლოდ განათლება, განათლება და განათლება!... - აცხადებს იგი.
- 70 წელს მივუკაკუნებ და მსგავსი არაფერი მახსოვს. ადამიანთა ნებისმიერი ჯგუფი შეიძლება აყვეს ფეხის ხმას. თუ აყვა, მოჩვენებებსაც შეამჩნევს, დაინახავს და დაიჯერებს კიდეც.
- როგორც თქვენ აღნიშნეთ დღემდე მსგავსი რამ არ გახსოვთ. რატომ შეიპყრო მოსახლეობა შიშებმა მასიურად, როგორ ფიქრობთ, ეს რისი შედეგია? გამუდმებით სტრესში ყოფნის ხომ არა?
- სწორი მიხვედრაა... ემოციური ფონი არახელსაყრელია. ამავე დროს განათლების დონეც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. როცა ადამიანისთვის დასაშვებია მოჩვენებების და სულების დანახვა, ის დაინახავს კიდეც მათ კრიტიკულ მომენტში. ის კი, ადამიანს ჯერა თუ არა მოჩვენებების, ჭინკებისა და ავი სულების, სწორედ განათლების დონეზეა დამოკიდებული... მე უაღრესად დიდ პატივს ვცემ იმ საეკლესიო რეალობას, რომელსაც დამოუკიდებელი საქართველო ასე შეერწყა.