საქართველოს საჯარო სკოლებში ინგლისური ენის სწავლება პირველი კლასიდან სავალდებულოა. როგორია სპეციალისტების თვალსაზრისი? - ამ საკითხზე ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი გოგოლაშვილი გვესაუბრება:
- ჩვენს სკოლებში ინგლისური ენა პირველი კლასიდან 2010-2011 სასწავლო წლიდან ისწავლება და დღემდე ასეა, სტანდარტი შეიცვალა, არადა, ამგვარი გადაწყვეტილება არგუმენტირებულ მეცნიერულ კვლევას, გამოცდილებას უნდა ემყარებოდეს. ადრინდელი სტანდარტით, მოსწავლეს ერთდროულად მხოლოდ ორი უცხო ენის სწავლა შეეძლო: პირველი უცხო ენის - სწავლების მესამე წლიდან, მეორე ენის/ - მეშვიდე კლასიდან, ხოლო თუ სკოლა მესამე უცხო ენის სწავლებას ჩათვლიდა საჭიროდ, მას მეათე კლასში პირველი უცხო ენა უნდა ჩაენაცვლებინა. თუმცა, იქვე აღნიშნული იყო, რომ სკოლას, შეხედულებისამებრ, შეეძლო მეშვიდე კლასამდე ესწავლებინა ორი უცხოური ენა ან მესამე კლასამდე დაეწყო უცხო ენის სწავლება. ამ შემთხვევაში ანგარიში გაუწიეს ისეთ სკოლებს, როგორიც არის დემირელის კოლეჯი, იტალიური სკოლა, ეგზიუპერის სკოლა და ა.შ, სადაც პირველი კლასიდან იწყება უცხო ენის სწავლება. კლასიკოსები - გოგებაშვილი, უშინსკი მიიჩნევდნენ, რომ ბავშვმა ჯერ მშობლიურ ენაზე უნდა ისწავლოს წერა-კითხვა და ანგარიში, მერე კი - უცხო ენა. იაკობ გოგებაშვილის აზრით, თუ პირიქით მოხდა და ბავშვმა ჯერ უცხო ენაზე დაიწყო განათლების მიღება, ან ერთდროულად ორ ენაზე, მაშინ მოზარდის გონებრივი შესაძლებლობა ერთი საფეხურით ჩამოქვეითდება. ამ თვალსაზრისს მომდევნო თაობის მეცნიერთა დიდი ნაწილიც იზიარებდა და იზიარებს. პროფესორი გურამ რამიშვილი ევროპული გამოცდილების გაანალიზებით ასკვნის, რომ სკოლაში არაუადრეს სწავლების მე-3-4 წელს უნდა დაიწყოს უცხო ენის შესწავლა. ასეთივეა ფსიქოლოგების აზრიც, აკადემიკოსი შოთა ნადირაშვილი მიიჩნევს, რომ "უცხო ენის სწავლების დაწყება შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც ბავშვმა კარგად იცის წერა-კითხვა, თვლა-ანგარიში და აზროვნება მშობლიურ ენაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, უცხო ენის შესწავლა მავნე ზემოქმედებას მოახდენს მოზარდის ფსიქიკაზე და შეაფერხებს მის გონებრივ განვითარებას... თუ ინგლისური მშობლიური ენის კონკურენტად აქციეს, ეს ძალიან ცუდად იმოქმედებს ბავშვის ფსიქიკასა და მისი აზროვნების მთლიანობაზე". ერთი შეხედვით, ეს შეიძლება არც ჩანდეს, მაგრამ მოზარდის ფსიქიკა თანდათან მახინჯდება. კარგი იქნება, ამ თვალსაზრისს ისინი გაეცნონ, ვინც დღეს ქართული სკოლის ბედს წყვეტს. ეს ხომ ერის მომავლის საკითხია, ერთი ენიდან მეორეზე გადასვლისას ხდება აზროვნების გაფანტვა, მოსწავლეთა დიდ ნაწილს კონცენტრირება უჭირს. მხოლოდ გარკვეული ასაკიდან ვეღარ არღვევს ორი ენის თანაცხოვრება მოზარდის აზროვნების მთლიანობას. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ადამიანს მხოლოდ ერთი მშობლიური ენა შეიძლება ჰქონდეს. რამდენიმე წლის წინ პროფესორმა ზურაბ ჯაფარიძემ ჩაატარა ექსპერიმენტი, რომელსაც მსოფლიოში უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა: მან ახალშობილი ბავშვის ტირილი ჩაიწერა, რომლის პირველი ამოძახილი ა ბგერის ტემბრის არის. ცნობილია, რომ ჟღერადობით, წარმოთქმის ადგილით ქართული, რუსული თუ ინგლისური ა ერთმანეთისგან განსხვავდება, რასაც თანამედროვე აპარატურა ადვილად აფიქსირებს. აღმოჩნდა, რომ ქართველი მშობლების ბავშვის ტირილი ქართული ა ბგერის პარამეტრებს ემთხვეოდა, რუსი მშობლების ბავშვის ტირილი რუსული ა-ს პარამეტრებს, ანუ ჩვილში თავიდანვე არის ჩადებული მშობლიური ენის კოდი.
- ამ თვალსაზრისით ევროპული გამოცდილება როგორია?
- ცივილიზებული, განათლებული ევროპის ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში უცხო ენის სწავლება პირველი კლასიდან, დედაენასთან ერთად არ იწყება.
ნინო კვიტაშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)