34 წლის ტერორისტი ანდერს ბრეივიკი, რომელსაც 21 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, ოსლოს უნივერსიტეტში ჩაირიცხა. ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, ბრეივიკი პოლიტოლოგიის ფაკულტეტზე დაუსწრებლად ისწავლის. ის ციხეში გააგრძელებს სწავლას და არა -პირდაპირ უნივერსიტეტში. მას ასევე არ ექნება უნივერსიტეტის პედაგოგებთან პირდაპირი კონტაქტი.
ოსლოს უნივერსიტეტის პრეზიდენტის ოლე პეტერ ოტერსენის განცხადებით, უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა ქვეყნის ყველა მოქალაქეს აქვს. მისივე განცხადებით, ბრეივიკს არ ექნება უნივერსიტეტის კამპუსებში მისვლის უფლება.
რამდენიმე თვის წინ ანდერს ბრეივიკს უარი ეთქვა უნივერსიტეტში მიღებაზე სათანადო კვალიფიკაციის არ ქონის გამო, რადგან მას არა აქვს სკოლა დამთავრებული და შესაბამისად, არ გააჩნია საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი. თუმცა, ბრეივიკმა ამ ხნის განმავლობაში შეძლო სხვადასხვა საგნებში მომზადება და გამოცდების ჩაბარება.
როგორც "ბიბისი"-ს ციხის ხელმძღვანელობამ განუცხადა, ანდერს ბრეივიკს მიეცემა საშუალება, ციხის ადმინისტრაციას ყველა საჭირო წიგნი სთხოვოს. მას ასევე ცალკე ოთახს გამოუყოფენ სამეცადინოდ.
2011 წლის 22 ივლისს ანდერს ბრეივიკმა ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში მდებარე სამთავრობო კვარტალში აფეთქება მოაწყო, რომელსაც რვა ადამიანი ემსხვერპლა. იმავე დღეს ნორვეგიის კუნძულ უტოიაზე ის ახალგაზრდულ ბანაკში შეიჭრა, სადაც სროლის შედეგად 69 ადამიანი დახოცა, რომელთა შორის იყო ქართველი სტუდენტი თამთა ლიპარტელიანი.
ნორვეგიის სასამართლომ ანდერს ბრეივიკს 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლო პროცესზე მან განაცხადა, რომ ეს ნორვეგიის "ისლამიზაციის შეჩერების" მიზნით ჩაიდინა.
მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.