"გზის" ამ ნომერთან ერთად მკითხველი "ჩემი რჩეული მსოფლიოს" სერიის ვიქტორ ჰიუგოს შვიდტომეულის მეშვიდე ტომს მიიღებს, რომელშიც მისი ეპოქალური რომანის - "საბრალონის" ბოლო ნაწილი შევიდა. თუმცა ჟურნალის ფურცლებზე მისი ცხოვრება-შემოქმედებისადმი მიძღვნილი რამდენიმე წერილი გამოქვეყნდა, გადავწყვიტეთ, კიდევ ერთხელ მივბრუნებოდით მის ბიოგრაფიას და ამჯერად უფრო ვრცლად შევჩერებულიყავით ამ ტიტანი მწერლის არანაკლებ უჩვეულო, ბობოქარი პირადი ცხოვრების პერიპეტიებზე.
"ვიქტორ ჰიუგო ის გიჟი იყო, რომელმაც თვითონვე დაიჯერა, რომ ვიქტორ ჰიუგო იყო", - თქვა პოეტმა ჟან კოქტომ, როცა შეეცადა, დაეხასიათებინა ადამიანი, რომლის ექსტრავაგანტური ცხოვრება და წინააღმდეგობრივი ნატურა როგორც მის ნაწარმოებებში, ასევე ბობოქარ სასიყვარულო კავშირებშიც წარმოჩნდა.
ეს უზომოდ ეგოცენტრული გენიოსი ლიტერატორი მთელი ცხოვრება ღატაკთა და უმწეოთა უფლებების დასაცავად იბრძოდა. საკუთარი სახლის კედელზე დევიზად ეწერა: "მე ჰიუგო ვარ".
სიტყვებში, რომლებიც სიკვდილის წინ წარმოთქვა, მთელი მისი ცხოვრების წინააღმდეგობრიობა აისახა: "შავ ნათებას ვხედავ!.."
არაჩვეულებრივი ადამიანი იყო. უსაზღვრო ენერგიით, შესაშური ჯანმრთელობით გამოირჩეოდა. დღე-ღამეში მხოლოდ 4 საათი ეძინა. თავის ლიტერატურულ შედევრებს ხშირად ფეხზე მდგომი წერდა და თავს იმით იწონებდა, რომ მისი ნებისმიერი იდეა, აზრი, თეორია ან შეგრძნება უმალ შემოსავლის წყაროდ იქცეოდა.
დედ-მამა და მამობილი
ვიქტორ ჰიუგოს მშობლების ქორწინებამ თავის დროზე ყველა მათი ნაცნობი გააოცა. მამა - ჟოზეფ ლეოპოლდ ჰიუგო - ნაპოლეონის არმიის გენერალი, კეთილბუნებოვანი და მხიარული ადამიანი იყო; დედა - სოფი ტრებიუშე - განათლებული, სერიოზული და ძლიერი ნებისყოფის ქალბატონი. მეუღლეები წარმოშობითაც და ჩვევებითაც ძალიან განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. ამიტომაც, მალე გამოჩნდა, რომ ეს ქორწინება უიღბლო იყო. პირველი შვილის, აბელის დაბადების შემდეგ, სოფის ქმარზე გული აუცრუვდა. სხვა კაცი - პოლკოვნიკი ლა გორი შეუყვარდა, როცა უკვე ვაჟზე, ეჟენზე იყო ფეხმძიმედ, მაგრამ ქმართან დაშორება ვერ შეძლო. 1802 წლის 26 თებერვალს ქვეყანას მათი მესამე შვილი - ვიქტორ-მარი მოევლინა.
ნაპოლეონის არმიის გენერალი გამუდმებით ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმყოფებოდა. სოფიმ კი, ბოლოს და ბოლოს, ლა გორის გრძნობას უპასუხა. პოლკოვნიკს ნაპოლეონის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში ადანაშაულებდნენ, ამიტომ იძულებული იყო, დამალულიყო. თავშესაფარი სოფიმ შესთავაზა. ლა გორი დიდხანს აფარებდა თავს ჰიუგოების სახლს და ბიჭებიც მასში მამას ხედავდნენ. მამობილს ცოცხალი, გამბედავი და ჭკვიანი ვიქტორი განსაკუთრებულად უყვარდა. ის აღტაცებას გამოხატავდა ყმაწვილის პირველი პოეტური ოპუსებით და ბრწყინვალე ლიტერატურულ მომავალს უწინასწარმეტყველებდა. 1812 წელს ლა გორი დააპატიმრეს და სიკვდილით დასაჯეს.
ქორწინება
ადელ ფუშე ჰიუგოების მოპირდაპირე სახლში ცხოვრობდა. ვიქტორი მას 9 წლის ასაკიდან იცნობდა, მაგრამ 17 წლისამ შეიყვარა. როცა გოგონას სიყვარულში გამოუტყდა, სასურველი პასუხიც მიიღო. მაგრამ ვიქტორის ოცნებები დედამ დაამსხვრია: ამპარტავან არისტოკრატ ქალს ბურჟუაზიული, ნახევრად მეშჩანი ოჯახის შვილის სახელის გაგონებაც კი არ სურდა.
1821 წელს, დედის უდროო გარდაცვალების შემდეგ, ვიქტორს საშუალება მიეცა, ადელს ისევ დაახლოებოდა. ეჟენს ძმის წარმატება შურდა. ისიც ადელზე იყო შეყვარებული. 1822 წელს, როცა ვიქტორი და ადელი დაქორწინდნენ, ეჟენი ფსიქიკურად დაავადდა. ვიქტორს კი დამნაშავის კომპლექსი გაუჩნდა - ეჩვენებოდა, რომ ეჟენს წარმატებაც წაართვა და სიყვარულიც.
როცა ჰიუგო დაოჯახდა, 20 წლისა იყო და ჯერ კიდევ - უბიწო. ადელი მისთვის პირველი ქალი აღმოჩნდა. ვიქტორი თავის ქორწინებას იდეალურად მიიჩნევდა. ქალბატონი ჰიუგო 10 წლის განმავლობაში ან ბავშვს ატარებდა მუცლით, ან მორიგ ახალშობილს კვებავდა. საბოლოოდ კი იმდენად გადაიღალა, რომ ვნებიანი ქმრისთვის ლოგინში პარტნიორობის გაწევის ძალაც აღარ შერჩა. ეს ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ადელს ჰიუგოს მეგობარი, პოეტი და კრიტიკოსი შარლ დე სენტ-ბევი შეუყვარდა, რომელთანაც სავარაუდოდ, ფიზიკური სიახლოვე არც ჰქონია, მაგრამ ჰიუგომ ის კინაღამ დუელშიც გამოიწვია. საოცრად დათრგუნვილი იყო - მას ხომ ყველაზე ახლობელმა ადამიანებმა უღალატეს!.. ვიქტორმა უნებლიეთ, მამის ბედი გაიზიარა. სწორედ ამ რთულ დროს ჟულიეტ დრუე გაიცნო.
ჟულიეტი
ჟულიეტი სამონასტრო პანსიონში იზრდებოდა. მასში კათოლიკურმა წეს-ჩვეულებებმა იმდენად გაიდგა ფესვები, რომ ლამის მონაზვნად აღიკვეცა. ამ ნაბიჯის გადადგმა არქიეპისკოპოსმა დე კელანამ გადააფიქრებინა. მიიჩნია, რომ ჟულიეტი მონასტერს არ შეეფერებოდა. დე კელანა მართალი აღმოჩნდა. ლამაზი, კარგი აღნაგობის ქალი მონასტრიდან ლამის პირდაპირ მოქანდაკე ჟან-ჟაკ პრადიეს სახელოსნოში მოხვდა. მისთვის შიშველი პოზირებდა, რის შედეგადაც რამდენიმე ქანდაკება შეიქმნა (ერთ-ერთი მათგანი პარიზის "თანხმობის მოედანსაც" ამშვენებს). პრადიე ახალგაზრდა ქალისთვის პირველ მამაკაცად და მისი ქალიშვილის - კლერის მამად იქცა. პრადიეს ჟულიეტზე დაქორწინება არც უფიქრია. თან რჩევა მისცა, - მსახიობი და კურტიზანი გამხდარიყო. ჟულიეტმა მართლაც ბრწყინვალე კარიერა გაიკეთა და მდიდარი მფარველებიც გაიჩინა. პატარა კლერი ინტერნატში მიაბარეს (20 წლის ასაკში ჭლექით გარდაიცვალა).
ჰიუგოს თავდავიწყებით შეუყვარდა ჟულიეტი. ქალმაც უარი თქვა ყველა ანგარებიან კავშირზე, ბინაზე, რომლის საფასურსაც ერთ-ერთი მდიდარი საყვარელი უხდიდა; თეატრსაც თავი დაანება და პრაქტიკულად, სიღატაკის ზღვარზე აღმოჩნდა. ჰიუგომ ეს მსხვერპლი მშვიდად მიიღო. ის მიიჩნევდა, რომ ჟულიეტისთვის ფულის მიცემა უზნეობა იქნებოდა, მას ხარჭის სამარცხვინო მდგომარეობაში დააბრუნებდა, ამიტომ მდივნად აიყვანა და საკუთარი ხელნაწერების გადაწერა დაავალა.
ჟულიეტი კი აღტაცებული იყო იმ პატივით, რომელმაც მას დიდი მწერლის პირველი მკითხველის ბედნიერება არგუნა. ის გაცილებით მეტად ინტერესდებოდა ჰიუგოს შემოქმედებით, ვიდრე მწერლის კანონიერი მეუღლე. საყვარელ მამაკაცთან მისი მომავალი წიგნების სიუჟეტებსაც განიხილავდა. ასე შეიქმნა რომანი "საბრალონიც".
ჰიუგომ ჟულიეტ დრუეს სპეციალური ალბომიც კი აჩუქა, სადაც ყოველდღე მისთვის ჩანაწერს აკეთებდა. მაგალითად, ასეთს: "შენს არსს ორი სიტყვით განვსაზღვრავ, ჩემო საბრალო მეგობარო: ანგელოზი ჯოჯოხეთში"...
ვნებათა ქარცეცხლი
ვიქტორისთვის რომ ესიამოვნებინა, ჟულიეტი ჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა. ეს ქალისთვის სატანჯველად იქცა, ქალების ყოველ ინტრიგაზე საპასუხო მოქმედება დაიწყო. საინტერესო სწორედ ის იყო, რომ ადელ ფუშე, რომელსაც ჟულიეტი უსაზღვროდ სძულდა, ქმრის სხვა სასიყვარულო კავშირების წინააღმდეგი არ იყო. ერთ-ერთ მის საყვარელს, მეტიჩარა ლეონი ბიარს, პირიქით, მფარველადაც კი მოევლინა. ადელს ესმოდა, რომ სინამდვილეში არც ერთ მსუბუქი ყოფაქცევის ქალს არ შეეძლო, მისთვის სერიოზული კონკურენცია გაეწია. მხოლოდ უანგარო და ერთგული ჟულიეტი ართმევდა მას ქმრის სიყვარულს.
ლეონი"დ"ონეს (ბიარის) კავშირი ჰიუგოსთან საშინელი სკანდალით დასრულდა, როცა ეჭვიანმა ქმარმა (მხატვარმა - ოგიუსტ ბიარმა) პოლიციელები დაიქირავა, რათა მისი ცოლისთვის ეთვალთვალათ.
ლეონი და ჰიუგო დანაშაულის ადგილას შეიპყრეს. ჰიუგომ სასჯელი აირიდა, რადგან პერის საპატიო წოდება ჰქონდა. ლეონი კი მრუშობისთვის დააპატიმრეს. მას შემდეგ, რაც ციხიდან გათავისუფლდა, ვიქტორმა საკუთარი დრო მასზე და ჟულიეტზე თანაბრად გაანაწილა.
ჟულიეტის მიმართ ვნება ვიქტორს თანდათან გაუნელდა. ქალი ნაადრევად გაჭაღარავდა, ფერიც დაკარგა და ღარიბულადაც იცვამდა. ის ჰიუგოსთვის მხოლოდ მეგობრად თუ ივარგებდა. ამავდროულად, ჰიუგო სულ უფრო იხვეჭდა სახელს და ამბიციაც ეზრდებოდა. ფრანგული აკადემიის წევრი გახდა და კიდევ უფრო მეტი საყვარელი გაუჩნდა. თვითონ ჟულიეტს დაუთვლია, რომ 1848-დან 1850 წლამდე ჰიუგოს 200-მდე სექსუალური პარტნიორი ჰყავდა. 70 წლის ასაკში მწერალმა შეძლო ეცდუნებინა მწერალ თეოფილ გოტიეს 22 წლის ქალიშვილი.
ყოველივეს შემდეგ, მადმუაზელ დრუემ უარი თქვა ვიქტორისგან იმ მცირედ თანხაზეც, რომელსაც ადრე საარსებოდ იღებდა. მაგრამ თავისმა კეთილშობილებამ და უანგარო სიყვარულმა მწერალი დაუბრუნა. ყველაფრის მიუხედავად, ჰიუგო სწორედ მას უწოდებდა თავის "ჭეშმარიტ ცოლს".
უეცარმა უბედურებამ ლამის დაანგრია მათი მრავალწლიანი ბედნიერება. გარდაიცვალა მწერლის უფროსი ქალიშვილი - ლეოპოლდინა. იმ დროს ჰიუგო ჟულიეტთან ერთად, საზაფხულო მოგზაურობაში იმყოფებოდა. მან ეს ამბავი გაზეთიდან შეიტყო. ლეოპოლდინა მსხვილი გემთმწარმოებლის მემკვიდრის შარლ ვაკერის ცოლი იყო და მასთან ერთად ზღვაზე გასეირნებისას დაიხრჩო. ჰიუგო სასწრაფოდ ოჯახში დაბრუნდა. მიაჩნდა, რომ გარყვნილებისა და თავშეუკავებლობისთვის ასე დასაჯა განგებამ.
ჟულიეტი და ვიქტორი კვლავ სახელმწიფოში მომხდარმა არეულობამ დააახლოვა, როცა მწერალი ნაპოლეონ III-ის საწინააღმდეგო მოძრაობის მონაწილე გახდა. ამის გამო, 1855 წელს მას ქვეყნის დატოვება მოუხდა.
დევნილობაში მყოფი მწერალი საფრანგეთმა უფრო შეიყვარა. 1870 წელს, როცა ნაპოლეონ III განდევნეს, ჰიუგო პარიზში ტრიუმფატორად დაბრუნდა. მას უამრავი ცნობილი ლამაზმანი ეტრფოდა.
ამ დროს, ადელის ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან უარესდებოდა. ის გრძნობდა, რომ უფრო ადრე წავიდოდა ამ ქვეყნიდან, ვიდრე მისი ქმარი, და უნდოდა, რომ ის საიმედო ხელში დაეტოვებინა; რომ მის გვერდით ყოფილიყო ადამიანი, ვინც ვიქტორზე იზრუნებდა და ფულზე დაგეშილი ქალებისგან დაიცავდა ქონებას, რომელიც მემკვიდრეობით მათ შვილებს ეკუთვნოდათ.
ადელი ჟულიეტთან თვითონ მივიდა, ადრინდელი მტრული დამოკიდებულებისთვის პატიება სთხოვა და ქმრის საყვარელი საკუთარ სახლში მიიწვია. მას საგანგებო ოთახი გამოუყვეს და ჰიუგოს ოჯახის სრულუფლებიან წევრად მიიღეს. ჟულიეტი ამ ნაბიჯმა სულის სიღრმემდე შეძრა.
ცხოვრების ბოლო თვეებში ადელ ფუშე დაბრმავდა. ჟულიეტი მის სასთუმალთან იჯდა და ხმამაღლა უკითხავდა ქმრის ნაწარმოებებს.
ვიქტორი განაგრძობდა აღვირახსნილ ცხოვრებას. ჟულიეტმა ეს ვეღარ აიტანა, ბარათი დაუტოვა და სახლიდან გაიქცა. ის სწერდა: "შენი ცხოვრების განთიადი სუფთა იყო. უნდა ეცადო, რომ დაისიც პატივისცემის ღირსი და წმინდა დარჩეს. ჩემი დარჩენილი ცხოვრების ფასად, მინდა დაგიცვა შეცდომებისგან, რომლებიც შენს გენიასა და ასაკს არ შეეფერება".
ჰიუგომ კერძო მაძებრები დაადევნა. საბოლოოდ, ქალი ბრიუსელში იპოვეს. მწერალიც გაემგზავრა, რათა საყვარელი ქალისთვის კვლავ პატიება ეთხოვა. ამ დროს ჟულიეტი უკვე მძიმედ დაავადებული იყო და იცოდა, რომ მალე მოკვდებოდა, მაგრამ ჰიუგოს საკუთარ ტანჯვას უმალავდა. მწერალი ყოველდღე მასთან რამდენიმე საათს ატარებდა. ჟულიეტ დრუე 1883 წლის 11 მაისს, 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამით დასრულდა მათი 50-წლიანი ურთიერთობა. ვიქტორმა მას შემდეგ კიდევ ორი წელი იცოცხლა.
ვიქტორ ჰიუგომ კარგად უწყოდა, რომ საყვარლები - ეს არ არის ჭეშმარიტი სიყვარული. ცხოვრების ბოლოსაც, როგორც ყმაწვილობისას, მიიჩნევდა, რომ ნამდვილი სიყვარული ცხოვრებაში ერთხელ მოდის და რომ მხოლოდ სიყვარულშია შთაგონებაც და ბედნიერებაც.
მთელი ცხოვრება პატივს მიაგებდა წესიერებას და ებრძოდა ავხორცობას. თვითონ მუდმივად აგებდა ამ ბრძოლას, მაგრამ ყველა თავის სახელგანთქმულ გმირს ზნეობრიობის მაგალითად აქცევდა.
(გამოდის ხუთშაბათობით)