მომღერალი თიკა ჯამბურია საზოგადოების ყურადღების ცენტრში ახალი სამსახურის გამო მოექცა - თიკა "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის პიარმენეჯერია. თუ რატომ დაიმსახურა საზოგადოების ნაწილის კრიტიკა, ამაზე თავად გვიამბობს:
- "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად ვიყავი ჩართული, როგორც მხარდამჭერი, 3 თვის წინ კი მივიღე შემოთავაზება ამ თანამდებობაზე და ძალიან გამიხარდა. პირველ რიგში მომღერალი ვარ, მაგრამ მომწონს ის საქმე, რომელსაც ახლა ვაკეთებ. ვმუშაობთ ახალ პროექტებზე, პროპაგანდას ვუწევთ ჯანსაღი ცხოვრების წესს და ვმართავთ კონცერტებს. ძალიან კარგი თანამშრომლები მყავს და ყველა ერთად ვემსახურებით საერთო საქმეს.
- საზოგადოების ნაწილმა ამ სამსახურის გამო გაგაკრიტიკა, ისიც გაიხსენეს, ადრე "ნაციონალური მოძრაობის" კონცერტებზე რომ მღეროდი...
- ვნახე კომენტარები და გული მეტკინა. ცუდია, როცა იმას წერ, რაც არ იცი. როდის იყო, რომ პოლიტიკურ განცხადებებს ვაკეთებდი და ვინმეს ამა თუ იმ პარტიის მხარდაჭერისკენ მოვუწოდებდი? მერე რა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" კონცერტებზე ვმღეროდი? ასე რომ არ მოვქცეულიყავი, რა უნდა მექნა, ჩემს ოჯახში დღემდე ყველა უმუშევარია, გაითვალისწინეთ, რომ მარტოხელა დედა ვარ. ამიტომაც ვმღეროდი "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებულ კონცერტებზე. ციხის კადრების ნახვამ შოკში ჩამაგდო. მე თვითონ ვარ პოლიტპატიმრის შვილი და ვიცი, რა მძიმეა, როცა შენი ოჯახის წევრი ციხეში ზის. ამ კადრების ხილვის შემდეგ კიდევ უფრო განვიცადე პატიმრების მდგომარეობა და წინასაარჩევნოდ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი ტურნედან ჰონორარის აღებაზე საჯაროდ ვთქვი უარი.
- ნანა კაკაბაძის ორგანიზაციას რატომ უჭერთ მხარს შენ და მარიკა თხელიძე?
- ისევ და ისევ იმიტომ, რომ მამა მყავდა უკანონო პატიმარი და ამის გამო უმძიმესი პერიოდი გადაიტანა ჩემმა ოჯახმა. ყველა პატიმარს ვუცხადებ სოლიდარობას და მხარდაჭერას.
- რთულია მარტოხელა დედობა?
- რა გითხრათ, ვცდილობ ყველაფერს თავი გავართვა, როგორც ვთქვი, ოჯახში მხოლოდ მე ვმუშაობ, მაგრამ ხათუნაც (თიკას დედამთილი, ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია - ავტ.) გვეხმარება. სულ გასული ვარ სახლიდან, მაგრამ ბავშვს ოჯახური სითბო არ აკლია, დედაჩემი მუდმივად ნინას აღზრდით არის დაკავებული. სამსახურის გამო წელს წესიერად დასვენებაც ვერ მოვახერხე, მხოლოდ ერთი კვირით ვიყავი ბათუმში.
- გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყოფილ ქმარს ურიგდები...
- ტყუილია, არ ვურიგდები. მე, ბექა და ჩემი ქალიშვილი ნინა ხშირად ვართ ერთად, ბექა მთხოვს შევრიგდეთო, მაგრამ უარს ვეუბნები. ჩემი შვილი რომ გაიზრდება, ალბათ, მკითხავს, რატომ ვუთხარი მამამისს შერიგებაზე უარი, მაგრამ გოგონაა და გამიგებს. ბექამ მაშინ მიმატოვა, როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა, ბავშვით მარტო დავრჩი, გადავლახე ყველანაირი დაბრკოლება, რაშიც ოჯახი დამიდგა გვერდით და აღარ მინდა, ის ტკივილი, რაც ერთხელ განვიცადე, მეორედ გადავიტანო.
- ამბობენ, რომ ზუკა ყალიჩავაზე ხარ შეყვარებული...
- (იცინის) ტყუილია, დამიჯერეთ.
- შემოქმედებით სიახლეებზე რას გვეტყვი?
- ახლა მთლიანად ახალ სამსახურზე ვარ გადართული. კონცერტები აღარ ტარდება და სად უნდა ვიმღერო?
თამარ ბოჭორიშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)