9 აგვისტოს სოხუმში, საცხოვრებელი სახლის ავტოფარეხთან ჩაცხრილეს რუსეთის საელჩოს საკონსულო დეპარტამენტის პირველი მდივანი დიმიტრი ვიშერნევი. იმაზე, თუ ვინ შეიძლება იყოს აფხაზეთში დესტაბილიზაციის მოსურნე და ვისი ხელწერა იკვეთება რუსი დიპლომატის მკვლელობის საქმეში, ექსპერტი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში იოსებ ზაალიშვილი გვესაუბრება:
- ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ შეცდომას, რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ ჩაიდინა აფხაზეთში 1992-93 წლებში, როდესაც მათ მხარი დაუჭირეს საქართველოს წინააღმდეგ მებრძოლ ჩრდილოკავკასიურ და სეპარატისტულ ძალებს. რუსებს თავის დროზე რომ გაენადგურებინათ შამილ ბასაევის - ჩრდილოკავკასიელი მოჯაჰედების აფხაზეთში მოთარეშე ბანდები, ჩეჩნეთში ეს პრობლემები არ შეექმნებოდათ. შეცდომა იყო რუსეთის მიერ 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაც, შემდეგ კი მათი ცნობა. ამის დასტურია ის, რაც დღეს ხდება მსოფლიოში. რუსეთი ამოვარდა საერთაშორისო ურთიერთობების სისტემიდან, ვინაიდან ცნო სხვა ქვეყნის ტერიტორია. თუმცა აშშ-ის ადმინისტრაციის სუსტი საგარეო პოლიტიკის გამო რუსეთი ნელ-ნელა იბრუნებს საგარეო გავლენებს. რაც შეეხება დიპლომატის მკვლელობას, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე დიდი რაოდენობითაა რუსეთის ჯარი, იქ წესრიგი არ არის. ლაპარაკია დიპლომატის მკვლელობაზე და არა რუსეთის ვიღაც უბრალო მოქალაქეზე. ეტყობა, რუსეთს ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აფხაზეთში ყველაფერი კარგად ვერ არის. რამდენიმე თვის წინ რუს ბიზნესმენებს მოუწოდეს, აკეთონ ბიზნესი საქართველოში, აფხაზეთში ბიზნესის კეთებას კი მოერიდონ. პრაქტიკულად, რუსეთის ურთიერთობა აფხაზეთთან 2-3 თვის წინ უკვე გაციებული იყო. შესაძლოა, ეს მკვლელობა ამაზე პასუხიცაა. მეორე ვერსიაა ის, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსული აგრესიისა და სპეცსამსახურების გარდა, მუშაობს კიდევ სხვა ქვეყნის, კერძოდ, თურქეთის სპეცსამსახური. მოგეხსენებათ, თურქეთს (რუსეთის არ იყოს) საკმაოდ აგრესიული საგარეო პოლიტიკა აქვს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამ ქვეყნის პრემიერი რეჯებ თაიფ ერდოღანი გახდა. ვიცით, რა ხდება და როგორი ამბიციები აქვს მას სირიაში. უკანასკნელი ინფორმაციით, თურქეთი ითხოვს სირიაში ინტერვენციას და მზად არის, საერთაშორისო თანამეგობრობის გარეშეც მიაყენოს სირიის საზღვრებთან არმია, საჰაერო ფლოტი უკვე გამზადებული ჰყავთ. თურქეთს, ჩვენდა საუბედუროდ, აფხაზეთი, ისევე როგორც აჭარა, თავისი გამგებლობის სფეროდ მიაჩნია და ძალიან არ სიამოვნებთ აფხაზების კარგი ურთიერთობა რუსეთთან. მოგეხსენებათ, აქ რელიგიური ფაქტორიც არის - თავის დროზე, რუსეთში დიდი რაოდენობით ჩრდილოკავკასიელი და აფხაზი მუჰაჯირები ჩავიდნენ. აფხაზეთს საკმაოდ ძლიერი ლობი ჰყავს თურქეთში, მაგრამ თურქი აფხაზები, განსხვავებით ნამდვილი აფხაზებისგან, პროთურქულად და პროისლამისტურად არიან განწყობილნი. აფხაზები, რომლებიც აფხაზეთის ტერიტორიაზე ცხოვრობენ, არ არიან მუსლიმანები. აქედან გამომდინარე, დიპლომატის მკვლელობა თავისუფლად შეიძლება იყოს თურქული სპეცსამსახურების ან მათთან დაახლოებული ძალების ნახელავი.
- დაახლოებულ ძალებში ვის გულისხმობთ?
- 6 თვის წინ "იმარატ კავკაზის" ხელმძღვანელმა დოკუ უმაროვმა მოჯაჰედებს მოუწოდა, ყველა მეთოდით ჩაშალონ 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადა. შესაძლოა, ესეც იყოს აფხაზეთში ისლამისტური ძალების გააქტიურების ერთ-ერთი მიზეზი. რეალურად, აქ არის ამ ორი ძალის ინტერესი. რუსეთისთვის აფხაზეთში დესტაბილიზაცია და დიპლომატის მკვლელობა არ არის სასურველი. დიპლომატის ჩაცხრილვა იმას ნიშნავს, რომ ეს ან თურქების, ან მათივე დახმარებით "იმარატ კავკაზის" და ჯიჰადისტების გაკეთებულია. მოგეხსენებათ, რუსეთმა განაცხადა, რომ თუ სირიის ომში სხვა ქვეყნები ჩაერევიან, პირდაპირ დაუჭერს მხარს ბაშარ ასადს, ასე რომ, ეს პრაქტიკულად ნიშნავს რუსეთ-თურქეთის ღია დაპირისპირებას. აქედან გამომდინარე, თურქეთს სურს დესტაბილიზაცია სამხრეთ საზღვარზე, რუსეთს კი ეს ხელს არ აძლევს, რადგან სოჭის ოლიმპიადა აქვს ჩასატარებელი. კავკასიელი მოჯაჰედების კავშირი თურქეთთან ყველასთვის ცნობილია. ისიც ვიცით, რომ დოკუ უმაროვის ძმა ვახა თურქეთში ცხოვრობს და იმ ჰუმანიტარული ფონდის ხელმძღვანელია, რომელიც ჩეჩნებს ეხმარება. ასე რომ, კავკასიის ჩრდილოეთში - ჩეჩნეთსა და დაღესტანში "მოღვაწე" მოჯაჰედებს თურქულ სპეცსამსახურებთან ახლო კავშირი აქვთ.
ნანა ფიცხელაური
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)