შვილმკვდარი დედა გიორგი მარგველაშვილს მაკა ჩიჩუას სიძის მფარველობაში ადანაშაულებს

შვილმკვდარი დედა გიორგი მარგველაშვილს მაკა ჩიჩუას სიძის მფარველობაში ადანაშაულებს

რუსთაველის გამზირზე მოკლული ზურაბ ტარყაშვილის დედა, თამილა კოჭლამაზაშვილი კოალიცია "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატს, გიორგი მარგველაშვილს შვილის მკვლელის მფარველობაში ადანაშაულებს.

როგორც თამილა კოჭლამაზაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ზურაბ ტარყაშვილი რუსთაველის გამზირზე, მრავალი მოწმის თვალწინ ხუთმა კრიმინალმა მოკლა.

"ზუკა მოკლა დავით რუსიშვილმა, ირაკლი აგლაძემ, ივერი გოგბერაშვილმა, დავით ჯოხაძემ (რომლის ბიძაშვილიც არის კრიმინალური ავტორიტეტი სოსო ჯოხაძე, სოსო ჯოხაძე არის იუსტიციის მინისიტრის, თეა წულუკიანის მეგობარი) და "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის სიძემ მინდია გოგოჭურმა. მინდია გოგოჭური არის მაკა ჩიჩუას შვილის, მაშო ჩიჩუას ქმარი. მარგველაშვილი მას მოიხსენიებს, როგორც შვილობილს სხვადასხვა ინტერვიუში", - განაცხადა თამილა კოჭლამაზაშვილმა.

მისივე თქმით, მინდია გოგოჭურმა, რამდენიმე კვირის წინ, სოლოლაკში, ლერმონტოვის ქუჩაზე მარგველაშვილის ქალიშვილის, ანი მარგველაშვილის გამო, ვინმე ბაჩო სირაძე დაჭრა. კოჭლამაზაშვილის ინფორმაციით, პოლიციას მინდია გოგოჭური არ დაუკავებია და იგი დღესაც თავისუფლად გადაადგილდება.

"ასეთი ინფორმაცია მომივიდა, როდესაც მან ბაჩო სირაძე დაჭრა, პოლიციის მანქანით გაიყვანეს სახლიდან, გადაიყვანეს საზღვარზე და მას შემდეგ ისევ შემოვიდა ქვეყანაში", - განმარტა კოჭლამაზაშვილმა.  

მისივე თქმით, ზურაბ ტარყაშვილის მიმართ პირველი გასროლა სწორედ მინდია გოგოჭურმა განახორციელა. მოკლულის დედის განცხადებით, გოგოჭურს გიორგი მარგველაშვილი მფარველობს, წინა ხელისუფლების დროს კი სოდ-ისა და კუდ-ის წარმომადგენლები მფარველობდნენ.

ზურაბ ტარყაშვილის დედის ინფორმაციით, დავით ჯოხაძეს წაყენებული აქვს მკვლელობის შეუტყობინებლობის ბრალდება. მისივე თქმით, შს მინისტრის მოადგილე ალეკო ტაბატაძე 10 თვეა ოჯახს უშედეგოდ პირდება, რომ დავით ჯოხაძეს მკვლელობის ბრალდებას წაუყენებენ. ოჯახის ინფორმაციით, ისინი უახლოეს დღეებში გაავრცელებენ საქმესთან დაკავშირებით ვიდეომასალას.

თამილა კოჭლამაზაშვილის თქმით, ზურაბ ტარყაშვილის მკვლელობისთვის დღეს მხოლოდ სამი პირი არის გასამართლებული. დავით რუსიშვილი ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ სცნეს და მას 21 წელი აქვს მისჯლი, ივერი გოგბერაშვილს - 24 წელი, ხოლო ძებნილ ირაკლი აგლაძეს - 31 წელი.

"დავით ჯოხაძეს და მარგველაშვილის სიძეს - მინდია გოგოჭურს კი დღემდე აფარებენ ხელს", - დასძინა თამილა კოჭლამაზაშვილმა.

23 წლის ზურაბ ტარყაშვილი, რუსთაველის გამზირზე, 2011 წლის 17 ოქტომბერს, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ