"უკვე ყველა მონაწილის საკითხი გარკვეულია და მათთან რეპეტიციებიც დაიწყო. ახლა ჟიურის წევრებთან მიმდინარეობს მოლაპარაკება და მათ სრულ შემადგენლობას ჯერ ამიტომაც არ ვაცხადებთ", - ამბობს პროექტის "ცეკვავენ ვარსკვლავები" პროდიუსერი ნოე სულაბერიძე, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ პროექტი საინტერესო გამოვიდეს.
- ნოე, ჟიურის შემადგენლობას ასე რატომ ასაიდუმლოებთ?
- გვინდა, რომ მაყურებლისთვის ეს დამატებითი სიურპრიზი იყოს.
- ის მაინც გვითხარი, - რამდენკაციანი შემადგენლობით იქნება ჟიური წარმოდგენილი?
- 4-კაციანი შემადგენლობით, მაგრამ ერთი წევრის ადგილი მონაცვლეობითი იქნება, სამი კი სტაბილურად იმუშავებს.
- მოკლედ, ერთ-ერთი მუდმივად გამოიცვლება, განახლდება.
- კი, იქნება გარკვეული ჯგუფი, რომლის წევრებიც ერთმანეთს შეენაცვლებიან. ძალიან მინდოდა, რომ ამ პროექტის ჟიურის შემადგენლობაში სოფო შევარდნაძე ყოფილიყო და ის იქნება ჟიურის წევრი, რომელიც ხშირად გამოჩნდება ამ ჯგუფის შემადგენლობაში.
- III სეზონისთვის საკმაოდ საინტერესო ვარსკვლავების სპექტრია შერჩეული. ამასთან, თავის სფეროში წარმატებული ადამიანებიც არიან. ამ შემადგენლობის შეკრებად ბევრი იფიქრე?
- ბევრი არ მიფიქრია, უბრალოდ, ბევრი ვიმუშავე. არ სჭირდება ფიქრი იმას, რომ პროექტს საუკეთესო სახეები ესაჭიროება და მგონია, რომ ყველანი ასეთები არიან. ისე, რეზერვში კიდევ გვყავდა სხვა ცნობილი ადამიანებიც, მაგრამ მოგეხსენებათ, რაოდენობა შეზღუდულია და მათ IV სეზონისთვის შემოვინახავთ.
- ნოე, ქართული წარმომავლობის უკრაინელი ვარსკვლავი - იულია ქავთარაძე როგორ დაითანხმე?
- როდესაც გავიგე, რომ იულიას ამ შოუს მიმართ ინტერესი ჰქონდა, მონაწილეობა უნდოდა, დავუკავშირდი, შევხვდი და ავუხსენი, რომ მას აქ, 4 თვის მანძილზე მოუწევდა მუშაობა და თავის სხვა საქმეები უნდა გადაედო. დამთანხმდა, როგორც ჩანს, მოსწონს ის პროექტი, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ.
- ვარსკვლავები ხომ არ ჭირვეულობენ?
- ყველა ვარსკვლავი რაღაცას ჭირვეულობს, მაგრამ განსაკუთრებული დისკომფორტი არავისგან მიგრძვნია, რაც ძალიან მახარებს.
- როდესაც საკუთარი "ფეისბუქის" გვერდზე დაანონსე იმის შესახებ, რომ სოფო ნიჟარაძე იცეკვებდა, იქვე მიუწერე ინგლისურად, რომ "მე ვარ ამაყი" იმით, რომ ეს ადამიანი პროექტში იცეკვებს. სოფო რეალურად როგორ დაითანხმე? არადა, ის "რუსთავი 2"-ის პროექტ "ნიჭიერის" ჟიურის წევრი იყო.
- დიახ, ვიამაყე იმით, რომ სოფო აღმოჩნდა ის ბოლო რგოლი, რომლითაც დაგვირგვინდა პროექტში მონაწილეების რაოდენობა. ადამიანი, როგორც აღნიშნე, კონკურენტ არხზე, ჟიურიში "იჯდა" და მართლაც რთული იყო მისი დათანხმება კონკურსანტობაზე. სადღაც დაიწერა, რომ სოფო იმ პროექტიდან გამოუშვეს, რა სისულელეა, დაზუსტებით ვიცი, რომ ასე არ ყოფილა. სოფომ გააკეთა განცხადება, რომ მას უნდოდა ცეკვა და "ნიჭიერს" ამის ნიადაგზე ტოვებდა. იმ პროექტს მეც დიდი პატივს ვცემ, ისიც მასშტაბურად და კარგად კეთდება. თუმცა ის, რომ მაყურებელი სოფოს მონაწილის ამპლუაში იხილავს, ეს არის პირველი პრეცედენტი ასეთი ტიპის შოუს ისტორიაში. ამიტომაც მეწერა - ამაყი ვარ-მეთქი!
- მოკლედ, სოფო ნიჟარაძე შეიძლება ითქვას, რომ წაართვი "რუსთავი 2"-ს?
- არა, ასე არ შეიძლება ითქვას, არც ვიცოდი "ნიჭიერი" საერთოდ, როდის იწყებდა სეზონს, როცა სოფოს შევხვდი, მაისი იყო და ვუთხარი, რომ ძალიან მინდოდა, რომ მას ჩვენს პროექტში მიეღო მონაწილეობა. მითხრა, - ვიფიქრებო. აღმოჩნდა, რომ მთელი ამ პერიოდის მანძილზე ამ საკითხზე მართლაც ფიქრობდა და ბოლოს თვითონ მიიღო გადაწყვეტილება, "ნიჭიერიდან" წამოსულიყო და ჩვენ დაგვირეკა.
- გია სურამელაშვილზე რას გვეტყვი? ის ერთ-ერთი კონკურსანტია.
- პროექტს ჰქვია "ცეკვავენ ვარსკვლავები". გიას აქვს თავისი კონკრეტული ნიშა, რომელიც არის ურყევი. მას ყველა იცნობს. თავის სფეროში "სთარია" და რატომაც არა?
- წამყვანი, ნანკასთან ერთად, საბოლოოდ გაირკვა, რომ დუტა იქნება?
- კი, დუტა იქნება ამ შოუს წამყვანი. ვფიქრობ, რომ ნანკა კალატოზიშვილთან ერთად, შესანიშნავი ტანდემია. ეს არის საუკეთესო წყვილი, რომელიც შეიძლებოდა, პროექტს ჰყოლოდა. ისინი შეთამაშებულები არიან და მაყურებლისთვის ალბათ საინტერესო დუეტი იქნება.
- რა მოლოდინი გაქვს, როგორც ამ პროექტის ხელმძღვანელს?
- ყველაზე მეტად მინდა, რომ მოლოდინი, რომელიც მაყურებელს აქვს, აუცილებლად გაუმართლდეს... ერთსაც დავამატებ, პროექტისთვის დიდი პოზიტივია, რომ სტილისტურ ნაწილში წარმატებული დიზაინერები "ზენკა და მარი" მოემსახურებიან.
ლალი ფაცია
სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის