"საქსტატი" საქართველოში 2013 წლის აგვისტოს ინფლაციის მაჩვენებელს აქვეყნებს. უწყების ცნობით, 2013 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ 0,0 პროცენტი შეადგინა.
მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაში ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
ტრანსპორტი: მოცემულ ჯგუფში ფასები გაიზარდა 0,8 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა აგვისტოს ინფლაციაში 0,10 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების ზრდა დაფიქსირდა სატრანსპორტო მომსახურების ქვეჯგუფზე (0,9 პროცენტი), პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლოატაციაზე (0,8 პროცენტი).
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: მოცემულ ჯგუფში ფასები გაიზარდა 1,0 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა აგვისტოს ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,05 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების მატება დაფიქსირდა თამბაქოს ნაწარმზე (1,5 პროცენტი).
სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები შემცირდა 0,2 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა აგვისტოს ინფლაციაში - 0,07 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აღნიშნულ ჯგუფში ფასების მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა ხილის და ყურძნის ქვეჯგუფზე (-14,6 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა რძის, ყველისა და კვერცხის ქვეჯგუფზე (5,3 პროცენტი).
საქსტატის ცნობით, 2013 წლის აგვისტოში, 2012 წლის აგვისტოსთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში -0,4 პროცენტი შეადგინა.
12-თვიან პერიოდში აღნიშნული მაჩვენებლის ფორმირებაში ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
ტრანსპორტის ჯგუფზე ფასები შემცირდა 3,2 პროცენტით. ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში - 0,43 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აღნიშნულ ჯგუფში ფასები შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-7,8 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლოატაციაზე (-4,3 პროცენტი).
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: მოცემულ ჯგუფში ფასები შემცირდა 1,2 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში - 0,40 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების კლება დაფიქსირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-7,7 პროცენტი), თევზეული (-6,6 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (-2,6 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა პურსა და პურის პროდუქტებზე (2,0 პროცენტი).
ჯანმრთელობის დაცვა: მოცემულ ჯგუფში ფასები გაიზარდა 4,6 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,37 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (13,4 პროცენტი).
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9