ქუთაისში, 69 წლის სოციალურად დაუცველი მედიკო იობიძე 12 წლის შვილიშვილთან ერთად კედლებჩამონგრეულ სახლში ცხოვრობს. მათი ერთადერთი შემოსავალი სოციალური შემწეობაა. ბინა კი, რომელიც 6 წლის წინ, იობიძეს ქუთაისის მერიამ საცხოვრებლად გადასცა, როგორც სოციალურად დაუცველი ამბობს, მერიის თანამშრომელმა გერონტი ნაკანიამ წაართვა. ამიტომ დადიანის ქუჩა №63 -ში გამოყოფილ საცხოვრებელ ფართს დღემდე ვერ იყენებს.
"ჯერ კიდევ ნუგზარ შამუგიას მერობის დროს ვითხოვე დახმარება. მათ ყოფილი ბაგა-ბაღის შენობაში გამომიყვეს ორი ოთახი, სველი წერტილით. თუმცა ბინას არ ჰქონდა კარ-ფანჯარა, მე კი იმის სახსრები, რომ გამეკეთებინა. ამიტომ დროულად ვერ გადავედი. გერონტი ნაკანმა დრო იხელთა და მერიაში ნაცნობ-მეგობრობით მოახერხა ჩემი კუთვნილი ფართის დაკანონება. მან წამართვა ერთი ოთახი და სველი წერტილი. ასევე დაიკანონა შესასვლელი და იმ ერთ ოთახშიც აღარ მიშვებს, რომელიც დამრჩა. ახლა ის კანონის ძალით მართალია, მე კი ვერაფერს ვამტკიცებ", - აცხადებს მედიკო იობიძე.
იხილეთ ვრცლად