ყოფილი პატიმარი გია ალავიძე, შესაძლოა, როგორც სანდრო გირგვლიანის, ასევე ვანო მერაბიშვილის, ახალაიასა და თვით ზურაბ ჟვანიას ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმეში ერთ-ერთ მთავარ მოწმედ მოგვევლინოს. მან ახლახან დატოვა სასჯელაღსრულების დაწესებულება. გთავაზობთ ყოფილ პატიმართან ექსკლუზიურ ინტერვიუს, რომლისგანაც შეიტყობთ, თუ რა მასალებზე დუმს პროკურატურა.
გია ალავიძე შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნების, დავით ჩხატარაშვილისა და დავით ქოქიაშვილის ჩვენებებს სიყალბის გაგრძელებას უწოდებს და პროკურატურას გამოძიების სწორად წარმართვისკენ მოუწოდებს. ალავიძე სწორედ ის პერსონაა, რომელმაც თავის დროზე ჟურნალისტ ნათია მიქიაშვილს ციხის სკანდალური ვიდეოფირი მიაწოდა, სადაც ჩანს, როგორ ილხენენ ციხეში გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდადებულები.
გია ალავიძე:
- 2005 წლის 27 დეკემბერს, ქრთამის აღების ბრალდებით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სწორედ იმ დანაყოფის წევრებმა დამაკავეს, რომლებიც მერე სანდრო გირგვლიანის საქმეზე გაასამართლეს.
- ქრთამი ვისგან აიღეთ?
- კუდ-ის ზემოთ ხსენებულმა მაღალჩინოსნებმა მომიგზავნეს პირი, რომელმაც დახმარება მთხოვა. მე მას ერთ-ერთ პროკურორთან შუამდგომლობას დავპირდი. მერე გავიგე, რომ ის კაცი მოგზავნილი იყო და ჩვენს შეხვედრას ფარულად იღებდა. მოკლედ, ამ ამბის "გატელევიზორება" უნდოდათ. სურდათ, ეჩვენებინათ, ჩვენს რიგებშიც ვებრძვით "უღირსებს" და ვააშკარავებთო. ეს ყველაფერი პიარის ნაწილი იყო, თუმცა ფარული ჩანაწერის ტელეეთერში გაშვება რატომღაც გადაიფიქრეს... ყველაზე საინტერესო ამბავი ავჭალის მეათე დაწესებულებაში შსს-ს ამ ჩინოვნიკების (ვინც მე დამაკავა) მოყვანის შემდეგ დაიწყო. ადმინისტრაციამ საგანგებოდ გაარემონტა და მოაწყო მათთვის ოთახი. ყველაფრის უფლება ჰქონდათ, შეეძლოთ მანქანით ქალაქში გასვლაც. სხვა გვარებით საზღვარგარეთ წასვლა, ამა თუ იმ გასართობ ადგილებში სიარული... არადა, სხვა პატიმრებს მობილური ტელეფონებიც არ ჰქონდათ, მათთვის ახლობლებთან კონტაქტი გაძნელებული იყო. გირგვლიანის საქმეზე გასამართლებულმა კუდ-ის თანამშრომლებმა კაიბიჭობის თამაში დაიწყეს, მობილურით სარგებლობის უფლებას ხანდახან სხვა მსჯავრდადებულებსაც აძლევდნენ. თავდაპირველად მიხეილ ბიბილურიძეს დავუახლოვდი, რომელიც ჩემს საქმეში არ მონაწილეობდა. მეტი ნდობის მოპოვების მიზნით მას ისიც ვთხოვე, იქნებ ჩემი ძმა შენს ოჯახში მძღოლად ამუშაო-მეთქი. დამთანხმდა და თანდათან მათთან მიმსვლელ-წამსვლელების ვინაობაც გავიგე. ახლა ბევრს არ ვილაპარაკებ, მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ერთ დღეს ხელში იმ კომპიუტერის პროცესორი ჩამივარდა, რომლითაც გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებულები სარგებლობდნენ... ძალიან საინტერესო, საიდუმლო მასალები პროკურატურას გადავეცი.
- გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებულთა მოლხენის ჩანაწერიც იქ ინახებოდა?
- არა, მე თვითონ ვიღებდი... ვიდრე გამოძიება არაფერს იტყვის, არც მე ვილაპარაკებ ამ თემაზე.
- მიგვანიშნეთ მაინც...
- ეს იყო ოპერატიული მასალა, თუ ვის რას უკეთებდნენ დაკავებამდე და შემდგომ... იყო ფარული ჩანაწერებიც.
იხილეთ სტატიის სრული ვერსია