საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან საპრეზიდენტო არჩევნებიდან რამდენიმე კვირაში წავა.
ამის შესახებ ივანიშვილმა დღეს ესტონეთში, ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, პოლიტიკაში საკუთარი როლი უკვე შეასრულა და სწორედ ამიტომ ამ სფეროში დაბრუნებას აღარასდროს აპირებს.
"მე მოვახერხე და "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკიდან გავისტუმრე. ჩემი მისია შევასრულე. რამდენიმე კვირაში მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო არჩევნები დასრულდება, ახლა უკვე მეც მივდივარ პოლიტიკიდან. ჩემი როლი პოლიტიკაში უკვე შევასრულე. მე შევებრძოლე არსებულ ხელისუფლებას, რომელიც არ იყო დემოკრატიული, მოვახერხე ცვლილებები. დავტოვებ ძალიან კარგ გუნდს. ვფიქრობ, ჩემი ახალი როლი უფრო საინტერესო იქნება. მე აღარ ვაპირებ პოლიტიკაში შემოსვლას საერთოდ", - აღნიშნა ივანიშვილმა.
ამასთან, საქართველოს პრემიერმა მიხეილ სააკაშვილთან წლების წინ არსებული კარგი ურთიერთობის შესახებაც ისაუბრა და განმარტა, რომ ეს მაშინ იყო, ვიდრე ის "პოზიტიურ პრეზიდენტად" ითვლებოდა.
"ძალიან ბევრ რჩევას ვაძლევდი, ვეხმარებოდი, ვიდრე ის პოზიტუიური პრეზიდენტი იყო და ჩვენი ქვეყანა სწორი გზით მიდიოდა. ჩვენი ურთიერთობებიც გაფუჭდა მას შემდეგ, რაც მან გააფუჭა ურთიერთობა დემოკრატიასთან. სააკაშვილს და მის მომავალს რაც შეეხება, ეს მასზეა დამოკიდებული და დამოკიდებულია როგორ განვითარდება პროცესები. ჩემი სურვილი იქნებოდა, ვიყუროთ წინ განვითარებისკენ, ვიდრე - უკან", - განმარტა პრემიერ-მინისტრმა.