თეა წულუკიანი - რეფორმის მეორე ტალღის მიზანია, მოსამართლეები ხელმძღვანელობის დიქტატისგან გათავისუფლდნენ

თეა წულუკიანი - რეფორმის მეორე ტალღის მიზანია, მოსამართლეები ხელმძღვანელობის დიქტატისგან გათავისუფლდნენ

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში მართლმსაჯულების რეფორმის მეორე ტალღის პრეზენტაცია გამართა. "თქვენ იცით, არჩევნების შემდეგ მოსამართლეები გათავისუფლდნენ პროკურატურის წნეხისგან და ჩვენ რეფორმის პირველი ეტაპი ჩავატარეთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არჩევნების სახით და არა მხოლოდ. ახლა, ამ რეფორმის მეორე ტალღის მიზანია, რიგითი მოსამართლეები თავიანთი ხელმძღვანელობის დიქტატისგან გათავისუფლდნენ და ის ვერტიკალი, რომელიც გულისხმობს უზენაესი სასამართლოს და სხვა სასამართლოების თავმჯდომარეების მიერ სასამართლოების მართვას სამინისტროების სტილში, ეს კულტურა დასრულდეს.

გვინდა, რომ მართლმსაჯულება მუშაობდეს როგორც მართლმსაჯულება, გვინდა, რომ სასამართლოს თავმჯდომარეები იყვნენ არჩევითი და ეს იქნება დიდი სიახლე, რომ თავად მოსამართლეებმა აირჩიონ ამა თუ იმ სასამართლოს თავმჯდომარე. ჩვენ გვინდა, რომ უზენაესი სასამართლოს პლენუმი გაჯანსაღდეს და იქ აღარ იყვნენ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეები. ჩვენ გვინდა, რომ ის ძალიან მავნე პრაქტიკა, რასაც ეხება არასასურველი მოსამართლის მივლინებაში გაშვება, რასაც კულუარულად მოსამართლის გაციმბირება ერქვა, შეიცვალოს",-განაცხადა წულუკიანმა.

მინისტრის თქმით, ეს და ძალიან ბევრი პატარა თუ დიდი ცვლილება არის რეფორმაში გათვალისწინებული და ის ყველა მოსამართლეს მოუწოდებს, ჩაერთოს ამ დისკუსიაში, რომელიც ახლა გაიხსნა ყვარელში და რამდენიმე კვირა გაგრძელდება.

რაც შეეხება ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრს, წულუკიანის განცხადებით, იუსტიციის სამინისტროში დახვდათ ძალიან ბევრი პროექტი, რომელიც ბოლომდე არ იყო დასრულებული და ერთ-ერთი იყო იუსტიციის სასწავლო ცენტრის ფილიალი ყვარელში.

"ეს ცენტრი ამ შაბათ-კვირას ავამუშავეთ საბოლოოდ, რადგან მანამდე აშენებული იყო, მაგრამ არ იყო გამართული. ეს არის ის ცენტრი, რომელიც მთავრობას დაეხმარება კახეთში საჯარო მოხელეების კვალიფიკაცია ამაღლდეს და ჩატარდეს ტრენინგები", - აღნიშნა წულუკიანმა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ