ევროპა ჩვენთვის მხოლოდ ვიზიტები და "გულაობა" არ არის, როგორც ზოგიერთებს ეგონათ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ლატვიაში ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა. ბიძინა ივანიშვილის თქმით, ევროპულობას ვიზიტების რაოდენობა და ტრაბახი არ განსაზღვრავს. პრემიერმა ლატვიაში ვიზიტს წარმატებული უწოდა და აღნიშნა, რომ რიგაში თავს ისევე გრძნობდა, როგორც საკუთარ სახლში.
"ამ ვიზიტის და შეხვედრების კონკრეტული შედეგი თუნდაც ის არის, რაც პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გვაცნობა – შესაძლოა, კომისიის დაშლამდე ხელი მოეწეროს ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას. აქამდე ჩვენ მხოლოდ ამ ხელშეკრულების პარაფირებისთვის ვემზადებოდით და აღნიშნული სიახლე ძალიან დიდი მიღწევაა. მათ დაინახეს, როგორ გავიმარჯვეთ არჩევნებში და მას შემდეგ როგორი სუფთა, დემოკრატიული ხელწერით ვაგრძელებთ ქვეყნის დემოკრატიული აღმშენებლობის გზით სვლას", - განაცხადა პრემიერმა.
ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, ევროპამ დაინახა, რომ ახალ მთავრობას აქვს ჭეშმარიტად დემოკრატიული ფასეულობები. როგორც პრემიერი აღნიშნავს, ამაში მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები დასავლეთს უკეთ დაარწმუნებს.
"გულწრფელი გუნდი მოვედით, ვემსახურებით ქვეყანას და ვეფერებით ევროპულ ფასეულობებს. ევროპა ჩვენთვის მხოლოდ ვიზიტები და "გულაობა" არ არის, როგორც ზოგიერთებს ეგონათ. ევროპულობას ვიზიტების რაოდენობა და ტრაბახი არ განსაზღვრავს. ჩვენი ხელწერა არის ევროპული და წელს საქართველოში პირველად ჩატარდება ევროპული არჩევნები", - აღნიშნა პრემიერმა.