შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტომ "თბილისის მეტროპოლიტენის", "თბილისის წყლისა" და "საქართველოს რკინიგზის" რამდენიმე პენსიონერ თანამშრომელს ასაკობრივი პენსიის გაცემა შეუწყვიტა.
"ყველა სიახლეს" პენსიონერი ალექსანდრე ხამაშურიძე დაუკავშირდა და განუცხადა, რომ მეტროპოლიტენში 1992 წლიდან მუშაობს. 2010 წელს 65 წლის შესრულდა და ასაკობრივი პენსია დაენიშნა, 2013 წლის ივნისში კი პენსია გაუგებარი მიზეზით შეუწყვიტეს. მისივე თქმით, ასეთივე მდგომარეობაში აღმოჩნდა მეტროპოლიტენის კიდევ 150-მდე პენსიონერი თანამშრომელი. ხამაშურიძემ პენსიის შეწყვეტის მიზეზის გასარკვევად სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართა, სადაც განუცხადეს, რომ მათ პენსია კონტროლის პალატის დასკვნის საფუძველზე შეუწყვეტეს, რადგან თუ პენსიონერი სახელმწიფო სამსახურშია დასაქმებული და ხელფასს ბიუჯეტიდან იღებს, პენსია აღარ ეკუთვნისო.
"ჯერ ერთი, ხელფასს ბიუჯეტის ხარჯზე არ ვიღებთ, და მეორეც, თუ ამ კანონს ეყრდნობიან, მაშინ მეტროპოლიტენის ყველა თანამშრომლისთვის უნდა შეეწყვიტათ პენსია, 500 პენსიონერი თანამშრომლიდან კი მხოლოდ 150-ს შეგვიწყვიტეს. ჩვენს გარდა პენსია "საქართველოს რკინიგზის" და "თბილისის წყლის" თანამშრომლებსაც მოუხსნეს, იქაც მხოლოდ ნაწილს", - აცხადებს პენსიონერი ალექსანდრე ხამაშურიძე.
"ყველა სიახლეს" თბილისის მეტროპოლიტენის იურიდიულ სამსახურში განუმარტეს, რომ მართალია მეტროპოლიტენი თბილისის მერიის დაქვემდებარებაშია, მაგრამ საბიუჯეტო ორგანიზაცია არ არის, კერძო სამართლის იურიდიულ პირებზე კი პენსია ჩვეულებრივად გაიცემა.
"გაუგებარია, რას ეფუძნება პენსიის შეწყვეტის გადაწყვეტილება, რადგან ამის არანაირი კანონიერი საფუძველი არ არსებობს. ეს სასამართლომაც დაადასტურა, ჩვენმა რამდენიმე პენსიონერმა თანამშრომელმა სარჩელი შეიტანა და უკვე ათმა მათგანმა მოიგო სასამართლო პროცესი. ახლა მათი საქმეები შემდგომ ინსტანციებში გრძელდება, ერთ საქმეზე კი უზენაესმა სასამართლომაც გამოიტანა გადაწყვეტილება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილების უკანონობას. საყურადღებოა ისიც, რომ მეტროპოლიტენის, "საქართველოს რკინიგზის" და "თბილისის წყლის" პენსიონერ თანამშრომელთა უმრავლესობა, რომლებსაც პენსია შეუწყვიტეს, გლდანი-ნაძალადევის რაიონის მცხოვრებია, როგორც ჩანს, ცოტა სხვა ტიპის გადაწყვეტილებასთან გვაქვს საქმე, რადგან დანარჩენი თანამშრომლები პენსიას იღებენ", - აღნიშნავს მეტროპოლიტენის იურიდიული სამსახურის უფროსი ეკა შანიძე.
"ყველა სიახლე" მომხდარის დეტალების გასარკვევად სოციალური მომსახურების სააგენტოს დაუკავშირდა.
სააგენტოს დირექტორის მოადგილე სოსო ლობჟანიძის განცხადებით, ზოგადი ადმინისტრაციის შესახებ კანონში არის ასეთი განმარტება - იმ სამსახურს, რომელსაც აქვს ადმინისტრირების და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე აქტის შედგენის უფლება, თანამშრომელი საჯარო მოხელედ ითვლება, შესაბამისად, ხელფასის პარალელურად მას პენსიის აღების უფლება არა აქვს.
"რაც შეეხება სასამართლო პროცესებს და მოსამართლის გადაწყვეტილებებს, ჩვენ პრეცედენტებით ვერ ვიხელმძღვანელებთ და ვერ დავეთანხმებით, რომ ეს გადაწყვეტილება უკანონო იყო. პენსია ამ სამსახურების პენსიონერთა სრულ შემადგენლობას ალბათ იმიტომ არ შეუწყდა, რომ შესაბამის რაიონულ ორგანოებს ჯერჯერობით ინფორმაცია არ ჰქონდათ, მიმდინარეობს მოძიების პროცესი და გამოლენილ პირებს ეტაპობრივად შეუწყდებათ პენსია. თუმცა მინდა დავამშვიდო ის ხალხი და ვუთხრა, რომ პირველივე საპარლამენტო სესიაზე კანონის აღნიშნულ დებულებაში ცვლილება შედის და ყველას, ვისაც პენსია შეუწყდა, ძალიან მალე ისევ შეძლებს მის მიღებას", - აღნიშნა სოსო ლობჟანიძემ.
მოამზადა მარი ონეზაშვილმა
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)