ერთ დღეს რედაქციაში საინტერესო ზარი გაისმა. მისი ავტორი ქალბატონი მარინა მახარაძე გახლდათ. მოგეხსენებათ, დიდი ხანია, რაც ''რეიტინგში'' საინტერესო კულინარიული ჩანართი გვაქვს. ქალბატონი მარინა ამ რუბრიკის აქტიური მკითხველი და შესანიშნავი კულინარი აღმოჩნდა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, მასთან ინტერვიუ ჩაგვეწერა. სამწუხაროა, რომ თავისი ფოტოს დაბეჭდვა არ ისურვა, მაგრამ ფაქტია, რომ მისი რჩევები ბევრ დიასახლისს დაეხმარება.
- პროფესიით მუსიკათმცოდნე ვარ. კულინარიულ სამყაროს ბებიებმა მაზიარეს. ჯანსუღ კახიძე ამბობდა, ამდენ ქეიფში ვარ ნამყოფი და თქვენთან რომ სუფრა იშლება, ასეთი არსად მინახავსო. დიდი ბებია ჩიხირთმას ისე არ გააკეთებდა, თუ არ ჰქონდა კლასიკური ზაფრანა. ის, რაც ზაფრანად არის ცნობილი, რეალურად ყვითელი ყვავილი, ჰავერდულაა. ოჯახში გვაქვს კულინარიული ტრადიციები, რომლებსაც დღემდე ვიცავთ. სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს ფლოვი, ჩვენი საფირმო ნუშის ტორტი, ექსკლუზიური რეცეპტით, რომელიც ხუთი თაობაა მოდის. დედა საოცრად ამზადებდა თევზს, მურაბებს. ზეპირად იცოდა, რომელი სახეობის თევზის შეწვა შეიძლება და რომლის - არა. მაგალითად, ლოქოს შეწვა დაუშვებელია, საშინელი გემო აქვს.
- ტელეფონზე საუბრისას მითხარით, რომ საქართველოში ხშირად ურევენ სუნელებისა და სანელებლების მნიშვნელობას.
- დიახ, სუნელი არის მარილი, არაჟანი, კომში, რასაც დამთავრებულ კერძს უშვრებით. სანელებელი კი არის არომატის მიმცემი. არსებობს ათას ხუთასამდე სანელებელი, მე ვიცი დაახლოებით სამოცამდე. აქედან თხუთმეტი კლასიკური სანელებელია. არსებობს სანელებლების თაიგული, რომლის შეხვევა შეგიძლიათ დაფნის ფოთოლში და თუ მას წვნიანში ჩააგდებთ, რამდენიმე წუთის შემდეგ კი ამოიღებთ, კერძს საოცარ არომატს მისცემს. ხშირად საქართველოში შესაწვავ ქათამს აჯიკას უსვამენ, რეალურად კი არ უხდება. შესაძლებელია, სანელებლები წაუსვათ და საოცრად უხდება.
ვაკეთებ რეჰანისა და ვარდის სეროფს, რომელსაც საოცარი გემო აქვს. რამდენიმე საინტერესო რეცეპტს გასწავლით რეჰანის დახმარებით. მაგარ ტაფაზე უზეთოდ ჭოპორტის პომიდორი შეწვით ისე, რომ ცოტა დაიწვას, შემდეგ კანი მოაცილეთ, დაკეპეთ ჩანგლით. უყავით საშუალოდ დაჭრილი რეჰანი, ალყა-ალყა ხახვი და წიწაკა. ასევე მარილი. ძალიან გემრიელია, საოცრად უხდება მწვადს. ან აიღეთ წითელი ხახვი, დაჭერით ალყა-ალყა, მთელი დღე გააჩერეთ წყალში, რომ სიმწარე გაუვიდეს, ბოლოს გადაწურეთ, უყავით ცოტა ზეითუნის ზეთი, პილპილი და მარილი და მიირთვით. არაჩვეულებრივია გარნირადაც.
იხილეთ სტატიის სრული ვერსია