სეისმური მონიტორინგის ცენტრის შეფასებით საქართველო სეისმურად აქტიურ რეგიონში მდებარეობს. ილიას უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტის დეკანის, მიხეილ ელიაშვილის განცხადებით, საქართველოს სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, თბილისი სეისმურად ნაკლებად საშიშ ზონად ითვლება, თუმცა ავარიული და ამორტიზებული შენობები ნგრევის რისკს ზრდის.
მიხეილ ელიაშვილი: "2009 წლის ახალი სამშენებლო კანონის თანახმად, შენობები 8-ბალიან ეფექტზე უნდა იყოს გათვლილი და რადგან რვაბალიანი სტანდარტი დააწესეს, ეს იმას ნიშნავს, საკმარისად დიდია ალბათობა, 8-ბალიანი მიწისძვრა მოხდეს. ალბათობა არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად მოხდება, მაგრამ ჩვენ ეს უნდა გავითვალისწინოთ. ახალი მშენებლობების დამპროექტებლები კი არათუ 8-ბალიან, 7-ბალიან სტანდარტსაც კი არ იცავენ. ამასთანავე, თბილისის სეისმური პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ დედაქალაქს გააჩნია რამდენიმე ისტორიული ფენა. ერთი - ძველი უბნები, მეორე - მე-19 საუკუნეში აშენებული შენობები, მესამე - საბჭოთა პერიოდის კონსტრუქციები. პირველი ორი საერთოდ არ შეესაბამება სეისმურ სტანდარტს, რადგან მაშინ ასეთი სტანდარტი საერთოდ არ არსებობდა. დღეს ამ ძველი ნაგებობების უდიდესი ნაწილი ავარიულია. საბჭოთა შენობებიც კი, რომელიც გათვლილი იყო 7 ბალზე, ახლა ამორტიზებულია და შესაძლოა 7 ბალსაც ვერ გაუძლოს. 7-ბალიანი სტანდარტი იმას ნიშნავს, რომ არ უნდა დაინგრეს, მაგრამ 2002 წელს შენობები 7-ბალიან მიწისძვრაზე დაინგრა, ესე იგი ვერ გაუძლო. ამიტომ დიდია ალბათობა, თბილისში შენობების დიდი ნაწილი უფრო ნაკლებ ბალებზე დაინგრეს. ბევრი სახლი მხოლოდ ძლიერი წვიმის გამო დაინგრა და ადვილი წარმოსადგენია, რა მოუვა ამ შენობებს ძლიერი ბიძგებისას. იმის მაგივრად, რომ რამე ვიღონოთ და ახალი შენობები მაინც ავაშენოთ სტანდარტების შესაბამისად, უფრო მეტ არამდგრად შენობას ამატებენ. თბილისელები მხოლოდ იმით შემიძლია დავამშვიდო, რომ თბილისი 1500 წელია არსებობს და დამანგრეველი მიწისძვრა ჯერ არ მომხდარა".
მიხეილ ელიაშვილის მოსაზრებას იზიარებს ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი ანზორ საკანდელიძეც.
მისი განცხადებით, 7-ბალიან მიწისძვრას სერიოზული ნგრევა მოჰყვება, ხოლო 8-ბალიანი მიწისძვრის შემთხვევაში თბილისი აღარ იარსებებს.
მისივე განცხადებით, მიწისძვრის შემთხვევაში სერიოზული საფრთხე ემუქრება ლტოლვილებს, რადგან ისინი ყველაზე ავარიულ შენობებში არიან შესახლებული.
ანზორ საკანდელიძე: "90-იანი წლებიდან მოყოლებული, შენობების სათანადო მოვლა არ ხდებოდა, წყალგაყვანილობის, კანალიზაციის და სახურავის დაზიანების გამო, კორპუსების ფუნდამენტში წყალი იღვრებოდა და ფუნდამენტს აზიანებდა. ზუსტ პროცენტს ვერ გეტყვით, მაგრამ კორპუსების უდიდესი ნაწილი დღეს ამორტიზებულია, ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად, ყველაზე მეტად მოუვლელი კი დევნილთა შენობებია.
პროექტების მიხედვით, სეისმური თვალსაზრისით უფრო საშიშია ამორტიზებული შენობები. სხვათა შორის მიწისძვრებს ე.წ. ხრუშჩოვკები უფრო უძლებენ, რადგან მსხვილი კალიბრის ბლოკითა და ასეთივე პანელებითაა ნაშენი. რაც შეეხება ახალ კორპუსებს, 2004 წელს მათი შემოწმება დავიწყეთ, თუმცა ბევრი შენობიდან გამოგვყარეს და შემოწმების საშუალება არ მოგვცეს, ამიტომ მხოლოდ 40 კორპუსის შემოწმება მოვასწარით, აქედან უმრავლესობა ბეტონის სიმტკიცის სტანდარტებს არ შეესაბამებოდა. 300 მარკის ნაცვლად 150 მარკამდე ძლივს აღწევდა. მრგვალ ბაღთან, ქობულეთის აღმართზე მდებარე ახალაშენებული კორპუსის ბეტონის სიმტკიცე კი მხოლოდ 100 მარკას აღწევდა და მისი დანგრევა მოვითხოვეთ, მაგრამ ვინ დაგვიჯერა?! ამ კორპუსის მცხოვრებთა სიცოცხლე მუდმივად საფრთხეშია. ბოლო წლებში აშენებულ კორპუსთა უმრავლესობა კარკასული ტიპისაა, ასეთ შენობებს კი "მკვლელ შენობებსაც" უწოდებენ.
იმ ფონზე, როცა მთელ მსოფლიოში სეისმური მაჩვენებელი გაიზარდა და სამშენებლო სტანდარტმა 8 ბალამდე აიწია, საქართველოში სახელმწიფო უწყებები ახალ მშენებლობებზე ნებართვას ისე იძლევიან, პროექტს და მოსალოდნელ რისკებს არც კი სწავლობენ.
კიდევ ერთი დიდი პრობლემა თვითნებური მიშენებებია, რომლებსაც ელიავას მუშებს აშენებინებენ, მათ კი მშენებლობის სტანდარტებზე კი არა, ზოგადად მშენებლობაზეც არა აქვთ წარმოდგენა და ლუკმაპურის შოვნისთვის ყველაფრის ცოდნას იბრალებენ. ის, რომ თბილისი სეისმური თვალსაზრისით ასეთი რისკების ქვეშ დგას, სახელმწიფოს ბრალია".
მარი ონეზაშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)