იაშვილის, ციციშვილის, "ახალი სიცოცხლის" კლინიკების და პედიატრიის ინსტიტუტის მედპერსონალმა საავადმყოფოს ახალი მფლობელი, თურქი თექინ ატიკი ძალადობასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში დაადანაშაულა. კომპანია "უნივერსალ ჰოსპიტალ გრუპი" აღნიშნული კლინიკების მფლობელი დაახლოებით ერთი კვირის წინ გახდა. როგორც ექიმები აცხადებენ, თურქი ინვესტორი თექინ ატიკი მათ ანაზღაურების მომატებას და პირობების გაუმჯობესებას დაჰპირდა, თუმცა ეს მხოლოდ დაპირებად დარჩა.
ექიმები თექინ ატიკს რამდენიმე ბრალდებას უყენებენ. "თურქმა მფლობელმა ერთ-ერთ ექთანს მასთან სექსუალური კავშირის დამყარება შესთავაზა", - აღნიშნა ერთ-ერთმა ექიმმა, რომელმაც ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა. მისივე თქმით, მეორე ექთანს, რომელიც პალიატიურ განყოფილებაში მუშაობს, ატიკმა უთხრა, თურქეთში წაგიყვან, იქ კარგი ბიჭები არიან და ბევრად მეტს გადაგიხდიანო. ექიმები იმასაც ამბობენ, რომ თურქმა მფლობელმა საავადმყოფოში ქრისტიანული ხატების მოხსნა მოითხოვა.
მადონა ფილაური (სანიტარი): ღამით კლინიკაში შემოვიდა ახალი მეპატრონე, ჩემთან ერთად იყო ჩემი თანამშემწე, თექინმა მას ჰკითხა, ხელფასი თუ დაგერიცხათო. ვუპასუხე, მუშაობა ახალი დაწყებული აქვს და ხელფასს სექტემბერში აიღებს-მეთქი. გადაირია, დაიწყო გინება, თარჯიმანიც აღარ გვითარგმნიდა, რას ამბობდა. შემდეგ ავიდა მეორე სართულზე და იქ დაუწყო ჩხუბი ქირურგს, ისე ყვიროდა, მშობლები გარეთ გამოცვივდნენ.
მარინა ფირცხალავა (რეანიმატოლოგი): "31 აგვისტოს, საღამოს 10 საათზე, თექინ ატიკი ნასვამ მდგომარეობაში ატარებდა შემოვლას. სწორედ ამ დროს გადმოიყვანა კლინიკაში კატასტროფის ცენტრმა მოზარდი ქალა-ტვინის დახურული ტრავმით. თექინ ატიკმა დაიწყო ჩხუბი, მეგონა, კატასტროფის ცენტრის თანამშრომლებს ეჩხუბებოდა და ვთხოვე, კლინიკა დაეტოვებინათ... ვუთხარი, მძიმე პაციენტი შემოიყვანეს და ბავშვს მივხედავ-მეთქი, მომკიდა ხელი და შემიყვანა საორდინატოროში. მთხოვდა, ჩამერთო გადმოყვანილი პაციენტის ტომოგრაფიის დისკი, ვუპასუხე, რომ საორდინატოროში ამ დისკის გახსნა შეუძლებელი იყო და ამაზე უფრო გაბრაზდა. რად უნდოდა ეს დისკი, წარმოდგენა არა მაქვს, პროფესიით მშენებელია და რა უნდა გაეგო? ყველაფერი დალეწა, მაგიდა, კომპიუტერი და ბოლოს ისე გამწარდა, ჩემი სათვალეც დაამტვრია, მერე ონკოჰემატოლოოგიის განყოფილებაში შევარდა, გააღვიძა ონკოლოგიურად დაავადებული ბავშვები, იჩხუბა, იქიდან კი რესპირატორულში გადავიდა და იქაც იგივე ამბავი ატეხა.
ექიმების მონათხრობს ადასტურებს გორელი ბიჭუნას დედა ეკა გულიშვილი. მისი ვაჟი 31 აგვისტოს ხიდან გადმოვარდა და ქალა-ტვინის დახურული ტრავმა მიიღო".
"გორიდან შოკურ მდგომარეობაში, მართულ სუნთქვაზე შემოვიყვანეთ ბავშვი 31 აგვისტოს. ლიფტში შეგვხვდა უცხო მთვრალი კაცი, თურქულად იგინებოდა და მასთან მყოფი ბიჭი თარგმნიდა. შეგვეშინდა, გამოვედით ლიფტიდან და მეორე ლიფტში შევედით. რეანიმაციაში ერთად ავედით და იქ უნდა გენახათ, რა გააკეთა ამ თურქმა, ყვირილით შეანგრია რეანიმაციის კარი, ექიმებს მუშაობის საშუალებას არ აძლევდა. დაამტვრია ყველაფერი, მარინა ექიმის სათვალეც კი დალეწა. ყოველი წუთი მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, ღვთისა და მარინა ექიმის წყალობით ჩემი შვილი გადარჩა.
"ყველა სიახლე" "უნივერსალ ჰოსპიტალ გრუპის" წარმომადგენელ ალექსანდრე მილაშვილს დაუკავშირდა.
- ყველაფერი ტყუილია, ეს არის შეგნებულად მოწყობილი პროვოკაცია, რასაც წამოვეგეთ. საავადმყოფოს ძველ მმართველებს ხელს არ აძლევდათ ამ სფეროში უცხოელი მენეჯმენტის შემოსვლა და სწორედ მათგან არის მართული ეს ყველაფერი. ისინი შეგნებულად აფრთხილებდნენ ხალხს, არ დაგვმორჩილებოდნენ, მოეწყოთ საბოტაჟი, მაქვს ამის ჩანაწერები და დავამტკიცებ, რომ ეს ასეა. თექინ ატიკი ნასვამი არასოდეს მისულა კლინიკაში. გეტყვით, რასაც მოჰყვა დაპირისპირება: ერთ-ერთი შემოვლისას ატიკმა საავადმყოფოს ფოიეში ნახა გორელი ბიჭუნას შეწუხებული მშობლები, რომლებიც უკმაყოფილო იყვნენ მომსახურებით. მათ უთხრეს თეკინს, ოთხი დღეა კლინიკაში ვართ, ვთხოვთ ექიმს, ბავშვის ტომოგრაფია შეამოწმოს, ის კი უარს ამბობსო. ამაზე შეშფოთდა ბატონი თექინი და რეანიმაციის ექიმს მიმართა, ენახათ ეს დისკი. ერთმა ექიმმა აგდებულად უპასუხა, კომპიუტერი არ ვიციო, მეორემ უთხრა - თვეებია გაფუჭებულია ეს კომპიუტერიო. ამაზე გაბრაზდა, დროულად რატომ არ აცნობეთ ტექნიკურ პერსონალსო. გარწმუნებთ, რომ ბატონი თექინი არც ნასვამი იყო და არც "დაბოლილი".
- ექიმები ამბობენ, რომ მათ თექინი სექსუალურ კავშირს სთავაზობდა.
- ადამიანი, რომელიც 4 წელიწადი მწოლიარე ავადმყოფის მშობლებს 40-ათასიან დავალიანებას პატიობს, მეორეს კი 60-ათასიანს და ორივეს მშობელს საკუთარი ჯიბიდან აძლევს გზის ფულს, ექიმებს გაუპატიურებას დაუპირებდა?
- ხატების აკრძალვის გადაწყვეტილება რატომღა მიიღო?
- არაფერი აკრძალულა. ნატალია მუჩაიძესთან ერთად თექინმა მიიღო გადაწყვეტილება, თითოეულ კლინიკაში გაკეთდეს სამლოცველოები ყველა აღმსარებლობის პაციენტებისთვის, რაც სტამბოლის სათავო ოფისის პოლიტიკის ნაწილია.
თამარ ბოჭორიშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)
ასევე იხილეთ:
სათვალთვალო კამერით გადაღებული იაშვილის კლინიკის თურქი ინვესტორი