ახლახან აჭარაში გაუჩინარებული 17 წლის დარეჯან დიასამიძე მთელი საქართველოს სატკივარი გახდა. მას სამართალდამცველებთან ერთად მთელი სოფელი და რაიონი დღემდე ეძებს, მაგრამ მის გზა-კვალს ვერავინ მიაკვლია. სამწუხაროდ, ასეთი რამ არცთუ იშვიათად ხდება. ადამიანები შინიდან გადიან და აღარ ბრუნდებიან... მათ ეძებენ, ვერ პოულობენ და წლობით ლოდინის მიუხედავად, ახლობლები მათი დაბრუნების იმედს მაინც არ კარგავენ...
ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში ათასამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულია აღრიცხული. ეს ადამიანები მშვიდობიან პერიოდში გაუჩინარდნენ, აქ არ იგულისხმება საბრძოლო მოქმედებებში, სამი კონფლიქტის შედეგად დაკარგული 2000-მდე პირი. "ადამიანის უფლებათა ცენტრის" დახმარებით "ყველა სიახლემ" რამდენიმე გაუჩინარებული ადამიანის ოჯახი მოიძია.
2001 წელს, მშვიდობიანობის პერიოდში, გალის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბურხინჯში სამი ძმა - ხვიჩა, ჟიულერი და გოჩა ძანძავები შეიარაღებულმა პირებმა გაიყვანეს სახლიდან და მათი კვალი დღემდე არ ჩანს.
ბელა დოჩია, ერთ-ერთი დაკარგული ძმის, ხვიჩა ძანძავას მეუღლე:
- 26 იანვარი იყო, საღამოს 9 საათი, ყველანი შინ ვიყავით. ბავშვები პატარები იყვნენ, ეძინათ (მე და ხვიჩას 2 შვილი გვყავს, ჩემს მაზლს - 4, მესამე ძმა კი უცოლო იყო). ხმაური შემოგვესმა და ჩემი მეუღლე და დედამთილი გავიდნენ, გავიგებთ, რა ხდებაო. ნახეს ორმოცამდე შეიარაღებული და ნიღბიანი ადამიანი, მათ ჩემი დედამთილი დაიჭირეს, ახლავე გვითხარი დანარჩენი შვილების ადგილსამყოფელიო, თან შესაშინებლად ისროლეს. ჩემი მაზლები გვერდით ეზოში ცხოვრობდნენ. სამივე მათგანი გაკოჭეს, პირი აუკრეს, იანვრის სუსხში პერანგისამარა და ფეხშიშველა მალულად, სახლის უკანა ეზოდან გაიყვანეს. დღემდე ვერ გავარკვიეთ, ვინ იყვნენ და რა უნდოდათ. არც ის ვიცით, ძმები ცოცხლები არიან თუ მკვდრები, 12 წელია ამაოდ ვეძებთ. საქმეში "წითელი ჯვარიც" იყო ჩართული, ერთი წლის წინ აღრიცხვაზე აგვიყვანეს, ყველა მონაცემი ჩაიწერეს და დახმარებას შეგვპირდნენ. იმედი მომეცა, იქნებ ახლა მაინც დაგვადგეს საშველი და ის მაინც გავარკვიოთ, ცოცხლები არიან თუ მკვდრები. 30 აგვისტოს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე იყო. ღონისძიებაში ჩვენც მივიღეთ მონაწილეობა.
2010 წლის 17 სექტემბერს გურჯაანის რაიონის სოფელ ვაჩნაძიანში უგზო-უკვლოდ დაიკარგა 17 წლის გიგა ელიზბარაშვილი, რომელიც ბიძის ოჯახს რთველში ესტუმრა. უშედეგო ძებნის შემდეგ პოლიციამ გიგა ელიზბარაშვილი უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოაცხადა. რამდენიმე ხნის შემდეგ კი სოფლის ერთ-ერთმა მკვიდრმა შემთხვევით იპოვა ადამიანის სხეულის ნაწილები, 200 მეტრში კი გვამის თავის ქალა, ტანსაცმელი და მობილური ტელეფონი. ეს ნივთები, სავარაუდოდ, გიგა ელიზბარაშვილს ეკუთვნოდა... რამდენიმე დღის შემდეგ დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ არხილოსკალოში დაიკარგა 14 წლის ვასილ წიკლაური, რომელიც 2010 წლის 26 სექტემბერს, დღისით, უახლოეს მეგობარ დავით ბურდულთან ერთად გავიდა შინიდან. მშობლები დარწმუნებული არიან, რომ მათი შვილის მეგობარმა იცის სიმართლე, მაგრამ მალავს. ჩვენ და
კარგულის მამას, თამაზ წიკლაურს გავესაუბრეთ:
- ვასიკოს გაუჩინარებიდან სამი წელი გავიდა და ვერანაირ კვალს ვერ მივაგენით. არ ვიცით, ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ... ერთი კვირის წინ პოლიციის უფროსთან ავედი, მითხრა, თქვენს შვილს მთელი საქართველოს მასშტაბით ვეძებთო. თუ ეძებენ, შეიძლება, ამდენ ხანს ვერ ეპოვათ?
- რა ვითარებაში გაუჩინარდა თქვენი შვილი?
- იმ დღეს ვასიკოს მეგობარი, დათო ბურდული მოვიდა ჩვენთან, უთხრა, ჭიგოზე წავიდეთო. ტყესთან ახლოს ვცხოვრობთ, მეგობარი ამბობს, 2 საათი ფერდობზე ვისხედითო. თუმცა ჩემმა მეორე ვაჟმა ნახევარ საათში მიაკითხათ, მაგრამ იმ ადგილზე არავინ დახვედრია. 3 საათზე დათო მოვიდა, ვასიკო იკითხა, თან ჩვენი მეძებარი ძაღლი მოიყვანა უკან. ბიჭები მეგობრობდნენ და უერთმანეთოდ არსად დადიოდნენ. პოლიციამ კინოლოგებიც მოიყვანა, მაგრამ კვალს ვერ მიაგნეს. ვასიკო მარტო არსად წავიდოდა... მას შემდეგ ვეხვეწებით დათოს, სიმართლე თქვას, პოლიციაც ცდილობდა მის გამოტეხას, მაგრამ ამბობს, არაფერი ვიცი, ძაღლის გასასეირნებლად წავიდა და მას შემდეგ აღარ მინახავსო. მან ნამდვილად იცის სიმართლე და მალავს. სადმე რომ გადაჩეხილიყო, ან წყალში ჩავარდნილიყო, აქამდე ხომ გამოჩნდებოდა ბავშვი?! ვფიქრობ, ვიღაცამ წაიყვანა, მისი მეგობარი კი დანაშაულის თანამონაწილეა. შეიძლება სულაც ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდა, იქნებ სამუშაოდ წაიყვანეს თურქეთში...
სააკაშვილი იყო ჩვენს რაიონში ჩამოსული, პირადად გადავეცი წერილი, მაგრამ არანაირი რეაგირება არ ყოფილა.
რატომღაც გულთან არავინ მიიტანა ჩვენი ტრაგედია. პოლიცია მეუბნება, ცხელ კვალზე უნდა გახსნილიყო საქმე, ახლა ძნელიაო. მაშინ თავიდანვე დაინტერესებულიყვნენ, დალოცვილები. ახალ მთავრობასაც მივმართე, შევიტანე განცხადებები იუსტიციის და შს მინისტრების, მთავარი პროკურორის სახელზე, მაგრამ არავინ შემოგვხმიანებია. იმედი მაქვს, გამოჩნდება ჩემი შვილი. წესიერი და პროფესიონალი გამომძიებლის ხელში ეს საქმე უცბად გაიხსნებოდა. 14 წლის ბავშვის დაკარგვა გულთან ხომ უნდა მიეტანათ? ვასიკო სპორტსმენი იყო, ხუთი წელი ჭიდაობდა, ჰქონდა მიღწევები, 12 ოქტომბერს შეჯიბრებისთვის ემზადებოდა. ფიზიკურად ძლიერი და ჯანსაღი ბიჭი თვალსა და ხელს შუა გაქრა. მთელი სოფელი და რაიონი ვეძებდით, მაგრამ რა?! გამორიცხულია, სახლიდან გაქცეულიყო. სკოლისთვის მოვამზადეთ, ახალი ტანსაცმელი ვუყიდეთ. შინ პატარა მაღაზია გვქონდა, ფულიც ისეთ ადგილას იდო, ოჯახში ყველამ იცოდა. ბავშვს არც ახალი ტანსაცმელი ჩაუცვამს, არც ფული აუღია, რეზინის ჩექმებით და სპორტულებით გავიდა სახლიდან...
- მკვლელობას გამორიცხავთ?
- გამოვრიცხავ. თუ მოკლეს 14 წლის ბავშვი, სად გადამალავდნენ გვამს?
თეა წიკლაური, ვასიკოს დედა:
- ბავშვი სპეციალურად არის გაყვანილი სახლიდან, სხვა ვერსია აღარ გვაქვს. ასე რომ არ იყოს, ან მკვდარი გამოჩნდებოდა, ან ცოცხალი. მისმა მეგობარმა ყველაფერი იცის, მაგრამ არავინ გამოჩნდა პატრონი, რომ ნორმალურად დაეკითხათ. მე ხომ ვხედავდი, რა ხდებოდა პოლიციაში? დედამისი იქ მუშაობდა დამლაგებლად და ისე, ზერელედ დაიკითხა ეს ბავშვი. გვეუბნებიან, ცხელ კვალზე უნდა გახსნილიყო ეს საქმეო და მართალიც არის. ბევრჯერ დაველაპარაკეთ ვასიკოს მეგობარს, ყველანაირად მივუდექით, მუქარით, მოფერებით, ოღონდ როგორმე ეთქვა სიმართლე, მაგრამ არაფერმა გაჭრა. პირველად რაც თქვა, დღემდე იმას იმეორებს, არადა, ეტყობა, რომ ტყუის.
- არსებობს საეჭვო გარემოებები?
- რატომ მოვიდა და გაიყვანა ჩემი შვილი სახლიდან, ვერ გავიგეთ. თითქოს ჭიგოს მოსატანად მიდიოდა, მაგრამ ეს ტყუილია, რადგან წვიმიანი და ნისლიანი დღე იყო; თქვა, საყვავილე უნდა შემომეღობაო, არადა, შემოღობილი ჰქონდათ და აღარც ყვავილების დრო იყო; სახლიდანაც არაფერი წამოუღია ჭიგოს მოსაჭრელად, როგორც ამბობს, ჩემი შვილის იმედზე წამოვიდა... ბევრი საეჭვო გარემოებაა - თქვა, 3 საათამდე ფერდობზე ვიჯექითო, არადა, ჩემი მეორე ბიჭი ნახევარ საათში უკან დაედევნათ და თუ იქ ისხდნენ, რატომ ვერ დაინახა? მერე გვითხრა, ვასიკომ თოფის ხმა გაიგონა და ძაღლი ტყეში წაიყვანა გასატარებლადო. როცა ძაღლი მოგვიყვანა, მაშინ რატომ არ გვითხრა, რომ ტყეში წავიდა, ხომ მაშინვე მოვძებნიდით.
2005 წლის 28 ივნისს მარნეულის რაიონის სოფელ სადახლოში 56 წლის სადრადინ ფალანგოვი გაუჩინარდა. იგი საუდის არაბეთში, მუსლიმანთა წმინდა ადგილზე, მექაში იყო ნამყოფი, ამიტომ მეტსახელად გარა მოლას ეძახდნენ. როგორც ამბობენ, გარა მოლა სოფელში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა, ვინც თავს ხელისუფლებისგან დაჩაგრულად მიიჩნევდა დახმარებას მას სთხოვდა. აღსანიშნავია, რომ მის გაუჩინარებამდე სამი თვით ადრე, 2005 წლის მარტში, სადახლოში გაიმართა საპროტესტო აქცია, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი სადრადინ ფალანგოვი იყო.
აიაზ ფალანგოვი, დაკარგული სადრადინის ვაჟი:
- 8 წელია, რაც მამაჩემი გაუჩინარდა, პოლიცია და ხელისუფლება გვეუბნება, რომ ეძებენ და მუშაობენ, მაგრამ საამისოდ არაფერს აკეთებენ. პროკურატურაშიც შევიტანეთ განცხადება, მაგრამ პასუხი ჯერ არ მიგვიღია. სანამ მამა გაუჩინარდებოდა, სადახლოში მიტინგი გაიმართა, რომელზეც ადგილობრივი ხელისუფლების, გამგეობისა და პოლიციის განუკითხაობას აპროტესტებდნენ. აქ ხომ იმხანად სრული ანარქია სუფევდა!
მიტინგის შემდეგ მამასა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. ჩვენც და სოფლის მოსახლეობაც მის გაუჩინარებას სწორედ ამ მიტინგს ვუკავშირებთ. გამორიცხულია მას რაიმე დანაშაულთან ჰქონოდა კავშირი. იმ წელს მარნეულში პრეზიდენტი ჩამოვიდა და მამას მასთან უნდოდა შეხვედრა, მაგრამ სამართალდამცველებმა დააკავეს და მხოლოდ სააკაშვილის წასვლის შემდეგ გაათავისუფლეს. ჩვენი ვარაუდით, მამა მოკლულია, თუმცა მისი გვამი ნაპოვნი არ არის. იმედი გვაქვს, ახალი ხელისუფლების პირობებში მაინც გაიხსნება ეს საქმე და დადგინდება სიმართლე.
სამართალდამცველები გვირჩევენ
ყურადღება მიაქციეთ, როგორი ტანსაცმელი აცვიათ შინიდან გასვლისას თქვენს ახლობლებსა და ოჯახის წევრებს, განსაკუთრებით არასრულწლოვნებს, ბავშვებსა და მოხუცებს.
დაინტერესდით თქვენი ახლობლების ამხანაგების წრით, იცოდეთ მათი მისამართი და ტელეფონის ნომერი. ასწავლეთ ბავშვებს არასტანდარტულ სიტუაციებში ქცევის წესები.
სასურველია გქონდეთ მონაცემები თქვენი ახლობლების ფულადი გზავნილებისა და, ზოგადად, არსებული თანხის შესახებ.
შეინახეთ ოჯახის წევრებისა და ახლობლების მკაფიო და ახალი ფოტოსურათები.
თუ თქვენს ახლობლებს აქვთ ძვირფასი ნივთები ან სამკაულები, რომლებსაც ყოველთვის თან ატარებენ, სასურველია, რომ ამ ნივთების ამსახველი ფოტოსურათები და სანომრე ნიშნები შინ გქონდეთ.
თუ თქვენს ახლობლებში არიან ისეთები, რომლებსაც მეხსიერების ან ორიენტაციის პრობლემები აქვთ, მათ თან უნდა იქონიონ პირადი მონაცემები (პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და საცხოვრებელი ადგილის მისამართი). ასეთი მონაცემები შესაძლებელია მათ ტანსაცმელსაც მიაკეროთ.
როგორ ეძებენ მსოფლიოში უგზო-უკვლოდ დაკარგულებს
იაპონიაში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ძებნა პოლიციას ევალება. გარდა პოლიციისა, დაკარგულების ძებნით კერძო სააგენტოების დეტექტივები არიან დაკავებულები. არსებობს არასამთავრობო ორგანიზაცია - "დახმარების იაპონური ასოციაცია უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოსაძებნად", რომლის ვებგვერდზე მოცემულია იმ ადამიანთა სია, რომლებსაც ახლობლები და მეგობრები ეძებენ. აშშ სტატისტიკას დაკარგულ ადამიანებზე 1975 წლიდან აწარმოებს. 2006 წელს შეიქმნა ნაციონალური ელექტრონული საძიებო სისტემა NAMUS-ი, რომელსაც ყველა დაკარგულზე აქვს "ფაილი". ეს "ფაილები" ყველასთვის ხელმისაწვდომია. ამის პარალელურად, მრავალი არასამთავრობო ორგანიზაციაა დაკავებული დაკარგული ადამიანების ძიებით. ცნობილია, მაგალითად, "პოლ კლასის ფონდი", რომელიც კალიფორნიაში 1993 წელს საკუთარი საძინებლიდან მოტაცებული გოგონას სახელს ატარებს. მექსიკაში, გენერალურმა პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ შექმნეს სპეციალური ორგანო, რომელიც უგზო-უკვლოდ დაკარგულ ადამიანთა ძებნით იქნება დაკავებული. ესპანეთში დაკარგულების საქმეებს იძიებენ როგორც სახელმწიფო, აგრეთვე სხვადასხვა არაკომერციული ორგანიზაციები და ასოციაციები. ბრიტანეთში 2008 წელს, პოლიციის სამსახურთან შეიქმნა დაკარგულების ძებნის ნაციონალური ბიურო, რომელიც ამჟამად დაკარგული ადამიანების საქმეებში პოლიციის მუშაობას კოორდინაციას უწევს.
ნანა ფიცხელაური
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)