"მალე მსოფლიოში უძველესი სწავლება გამოჩნდება. მეკითხებიან, მალე მოვა ეს დროო? არა, ჯერ არა. ჯერ სირია არ დაცემულა. სირია დაეცემა გამარჯვებულის ფერხთით, გამარჯვებული კი სულ სხვა იქნება".
ვანგა, 1996 წლის 7 აგვისტო (გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე)
"დღეს სირიაა, ხვალ რუსეთი. მალე შენს სასახლეში ვილოცებთ, პუტინო!"
ალეპოს კედლებზე სისხლით მინაწერი
"სირიელ ხალხს გამარჯვების გარდა, სხვა არჩევანი არა აქვს. ჩვენ მზად ვართ, გავმართოთ დიალოგი ნებისმიერ მხარესთან, ვისაც სირია უყვარს, ვისაც თავისი სამშობლო ფულზე არ გაუყიდია".
ბაშარ ალ ასადი, სირიის პრეზიდენტი, 2013 წლის 14 აპრილი
"თავდაცვის მდივანი, რომელიც ამერიკას შესთავაზებს, დაიწყოს ომი, სადაც უნდა იყოს, დაუყოვნებლივ უნდა აჩვენოთ კარგ ფსიქიატრს".
რობერტ გეიტსი, აშშ-ის ყოფილი თავდაცვის მდივანი, 2013 წ.
"ძალიან მინდა, ისინი თავს დაგვესხან, იმიტომ, რომ მინდა დიდი შეცდომა დაუშვან, დაიწყონ ის, რისი დამთავრების შედეგი არ ეცოდინებათ. მათ შეიძლება კარგი არმია ჰყავთ, საუკეთესო თვითმფრინავები, ტანკები და გემები, მაგრამ ჯარისკაცები? არავის ჰყავს ისეთი მამაცი ჯარისკაცები, როგორიც ჩვენ, სირიელებს. გთხოვთ დაგვესხით თავს, რათა წააგოთ"...
11 წლის ჰაფეზ ასადის (ერთი ვერსიით, ბაშარ ასადის ვაჟი) სოციალურ ქსელებში გაკეთებულმა ამ განცხადებამ მსოფლიოს მედია მოიარა... უკვე რამდენიმე დღეა, მსოფლიო სირიაში ახალი ომის დაწყებას ელოდება. აშშ და მისი მოკავშირე რამდენიმე ქვეყანა აქტიურად განიხილავენ ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიშის შესაძლებლობას სირიის სამთავრობო ძალებზე, რათა ბოლო მოუღონ სირიაში სისხლიან ომს; თუმცა ბევრი ექსპერტი ფრთხილობს, - ეს არ იქნება დასასრული, არამედ იქნება დასაწყისი გაცილებით საშინელი მოვლენებისაო. სანამ “ძლიერნი ამა ქვეყნისა” სამხედრო ოპერაციის თარიღს აზუსტებენ, დამასკო (სირიის დედაქალაქი) თავდაცვისთვის ემზადება.
"მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში ნეიტრალური იყო მიმდინარე მოვლენების მიმართ, ახლა სამთავრობო ჯარებში ეწერება, საოცარი პატრიოტული აღტყინება და მასთან ერთად დიდი შიშიც იგრძნობა დამასკოს ქუჩებში, ხშირად გაიგონებთ სიმღერას, "სახალხო ომი", რომელსაც არაბულ ენაზე თითქმის ყველა მღერის. როდესაც ამ სიმღერას თავად მოვუსმინე, გაოგნებული დავრჩი, ეს ხომ ალექსანდროვის ცნობილი ჰიტია "წმიდათაწმიდა ომი", რომელმაც სტალინს ფაშისტებთან ომი მოაგებინა..."...
მაქს ფიცჯერალდ სკოტი, წითელი ჯვრის წარმომადგენელი, ავსტრალია
"არაბულმა გაზაფხულმა" სირიაში 2011 წლის გაზაფხულზე მიაღწია - მარტში სოციალურ ქსელებში გავრცელებულ განცხადებას - შევიკრიბოთ და გავაპროტესტოთ ასადის რეჟიმი, მაშინ მხოლოდ 100 კაცი გამოეხმაურა, დროდადრო მცირერიცხოვანი ჯგუფები პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, ხოლო მოგვიანებით - პრეზიდენტის გადაყენებას ითხოვდნენ.…დღეს სირიაში აღარავის ახსოვს, როდის გადაიზარდა მშვიდობიანი საპროტესტო აქციები შეიარაღებულ დაპირისპირებაში.
2011 წლის ბოლოდან სირიის ოპოზიციურ ძალებში დაქირავებული მებრძოლები გამოჩნდნენ. მათი პირველი სამიზნე ლიბანის მოსაზღვრე ქალაქი ჰომსი გახდა.
სირიის არაბულ რესპუბლიკას 300 000-კაციანი ჯარი ჰყავს, 20 მლრდ დოლარიანი ბიუჯეტით, თუმცა საზღვრები დაუცველი აქვს, სწორედ ამის გამო 4 000-მდე მეომარმა ქალაქში თავისუფლად შეაღწია.
სირიის მრავალრიცხოვანი არმია უუნარო აღმოჩნდა შიდა კონფლიქტების მოგვარებაში (სირიას შინაგანი ჯარი არ ჰყავს); როდესაც ქალაქ ჰომსში სამთავრობო ჯარი შევიდა, მათ უნებურად გაანადგურეს მთელი ქალაქის ინფრასტრუქტურა და საცხოვრებლად სრულიად უვარგისი გახადეს (ამბოხებულები ხშირად დასცინიან სამხედროებს, - სირიის არმია ჩვენს გასაკეთებელს აკეთებსო).
რამდენიმე თვის შემდეგ, 17 ივლისს, შეიარაღებულმა ოპოზიციამ დამასკოში წამოიწყო სამხედრო ოპერაცია "ვულკანი დამასკოში", რომელშიც 5 000 მებრძოლი მონაწილეობდა. დამასკოს გარეუბნებში სისხლისმღვრელი ბრძოლები გაჩაღდა.
19 ივლისს ტერორისტული აქტის შედეგად მოკლეს სირიის თავდაცვის მინისტრი, მისი მოადგილე, გენერალური შტაბის უფროსი, სირიის საერთო დაზვერვის საგამოძიებო აპარატის უფროსი, მოგვიანებით ჭრილობებისგან გარდაიცვალა სირიის შინაგან საქმეთა მინისტრი გენერალ-მაიორი მუჰამედ აშ შაარიც... მეორე დღეს მეომრებმა გაიტაცეს სირიის ტელევიზიის ხელმძღვანელი მუჰამედ საადი, გაითიშა ინტერნეტი და სატელეფონო ქსელები...
იხილეთ სტატიის სრული ვერსია