ლინკოლნ მიტჩელი - საქართველო არ არის უკრაინა და ამის დამტკიცების შანსი უნდა მიეცეს

ლინკოლნ მიტჩელი - საქართველო არ არის უკრაინა და ამის დამტკიცების შანსი უნდა მიეცეს

"საქართველო არ არის უკრაინა და ამის დამტკიცების შანსი უნდა მიეცეს", - ამ სათაურით აქვეყნებს ევროპული გამოცემა The Parliament კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევარის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ყოფილი მრჩევლის ლინკოლნ მიტჩელის სტატიას საქართველოზე.

როგორც ლინკოლნ მიტჩელი აღნიშნავს, ზედაპირული მსგავსება საქართველოსა და უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრების - ვანო მერაბიშვილისა და იულია ტიმოშენკოს დაკავებებს შორის, არ უნდა იქცეს საქართველოში კანონის უზენაესობის მხარდაჭერის ძირის გამოთხრის მცდელობად.

"რამდენიმე თვის წინ საქართველოს ახალარჩეული იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სიტყვით გამოვიდა კოლუმბიის უნივერსიტეტში. 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებში შემდეგ, რომელშიც ბიძინა ივანიშვილის "ქართულმა ოცნებამ" მიხეილ სააკაშვილის "ნაციონალური მოძრაობა" დაამარცხა, ეს საქართველოს ახალი ხელისუფლების წევრის პირველი გამოსვლა იყო. წულუკიანს სიტყვით გამოსვლამდე შევხვდი, ცოტა არ იყოს, ვღელავდი. საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები კოლუმბიაში ნერვიულობის საგანი იყო. არ ვიცოდი, რა მოლოდინი უნდა მქონოდა წულუკიანისგან, რადგან როგორც იუსტიციის მინისტრი ის ყველაზე მეტად იყო გაიგივებული ახალი ხელისუფლების მიერ ძველი მთავრობის ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებების ტალღასთან. ამ დაპატიმრებებმა ევროკავშირისა და ევროპის საჯარო კრიტიკა გამოიწვია და ახალი მთავრობა საერთაშორისო იმიჯის გაძლიერების პრობლემის წინაშე დააყენა", - წერს ლინკოლნ მიტჩელი.

მისივე თქმით, წულუკიანი, რომელსაც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულებების გამოძიებისას, ბევრად განსხვავდება საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრისგან - წინა ხელისუფლების არადემოკრატიული რეჟიმის აღმასრულებლისგან, რომელმაც ქვეყანა მაშინვე დატოვა, როგორც კი მისი პარტია დამარცხდა.

ლინკოლნ მიტჩელის თქმით, თეა წულუკიანის განმარტებით, ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავება არ იყო პოლიტიკური რევანში, როგორც ამას ახალი ხელისუფლების კრიტიკოსები აღნიშნავდნენ, არამედ იყო კანონის უზენაესობის აღდგენა ქვეყანაში, რომლის წინა ხელისუფლება უფრო მეტად კორუმპირებული და საკუთარი მოქალაქეების შეურაცხმყოფელი გახდა.

"ჩემი შეშფოთება კიდევ უფრო გამძაფრდა, როცა მე და წულუკიანი იმ ოთახში შევედით, სადაც ქართული საზოგადოება იყო თავმოყრილი. ოთახში შეკრებილი ქართველები გაბრაზებულები ჩანდნენ და წულუკიანისთვის დაკავებების შესახებ უნდოდათ შეკითხვების დასმა. თუმცა, ისინი უფრო მეტად იმაზე ბრაზობდნენ, რომ ახალი ხელისუფლება საკმარის ხალხს არ აკავებდა და ძალიან იყვნენ დაინტერესებული სასამართლოს დეტალებით. სწორედ ამაში მდგომარეობს ის უთანხმოება, რომელიც საქართველოში კანონის უზენაესობის დამყარების გარშემოა ატეხილი. აშშ-სა და ევროპის ლიდერებმა, ადამიანის უფლებადამცველი საერთაშორისო ჯგუფებმა და ქართულმა არასამთავრობოებმა, რომლებისთვისაც ცნობილი გახდა წინა ხელისუფლების კრიმინალისა და სისასტიკის ხარისხი, იმედგაცრუება გამოხატეს თავიანთი მეგობრების დაკავებებით", - წერს ლინკოლნ მიტჩელი.

როგორც კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევარი აღნიშნავს, პრორუსული ძალების მიერ დამარცხებული პოპულარული დასავლელი ლიდერები საქართველოს დემოკრატიისგან დაშორებას ცდილობენ.

"თუმცა, ეს მოდელი ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყანას - უკრაინას ერგება, თანაც საკმაოდ კარგად. ასე რომ, მისი საქართველოსთვის მორგების ცდუნება გაუგებარია. საქართველოსთვის უკრაინული მოდელის მორგება აშკარად გამოიხატება ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის დაკავების შედარებით უკრაინის ექს-პრემიერის იულია ტიმოშენკოს დაკავებასთან. მსგავსებები ნათელია - ორივე ყოფილი პრემიერ-მინისტრი ხელისუფლების შეცვლიდან ცოტა ხანში დააკავეს, მაგრამ ამ მსგავსებებმა არ უნდა გადაფაროს სხვაობები. მხოლოდ იმიტომ, რომ ტიმოშენკო, მეტწილად შეთითხნილი ბრალდებებით არის დაკავებული, არ ნიშნავს, რომ ყველა დაკავებული ყოფილი პრემიერ-მინისტრი მსგავსი მდგომარეობაშია", - წერს ლინკოლნ მიტჩელი.

სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ მერაბიშვილი საკმარისად არ არის ცნობილი დასავლეთში და, შესაძლოა, სწორედ ამიტომ გამოიწვია დიდი აღშფოთება მისმა დაკავებამ. კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევარი წერს, რომ მერაბიშვილი ყველაზე მეტად ასოცირდებოდა წინა ხელისუფლების ავტორიტარულ რეჟიმთან, რომელიც ძალადობრივი მეთოდებით არბევდა დემონსტრაციებს, ისმენდა ოპონენტთა სატელეფონო საუბრებს, იყენებდა პოლიციას პოლიტიკური მიზნებისთვის და 2006 წელს მოკლული სანდრო გირგვლიანის მკვლელობაშიც არის გახვეული.

"არც ერთი ეს ბრალდება არ ნიშნავს იმას, რომ მერაბიშვილი დამნაშავეა და მათ სამართლიანი და გამჭვირვალე გამოძიება სჭირდებათ. თუმცა, ეს ბრალდებები იმაზე მიუთითებს, რომ ვანო მერაბიშვილი დაპატიმრებულია არა როგორც პოლიტიკური ოპონენტი, არამედ იმიტომ, რომ იგი ინტენსიურად იყო ჩართული დანაშაულებრივ ქმედებებსა და უკანონობასთან", - წერს ლინკოლნ მიტჩელი.

სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა და საქართველოს პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ის ხალხი დაამარცხეს, რომლებიც ერთ დროს ერთობ პოპულარულები იყვნენ დასავლეთში, მათ შორის მცირე მსგავსებაა.

"ივანიშვილმა დაამარცხა რეჟიმი, რომელიც ჩაეფლო კორუფციაში, არაკომპეტენტურობაში, წამებასა და ძალადობაში. რეჟიმის დამარცხების შემდეგ მოსული ხელისუფლება კი არა მხოლოდ კანონის უზენაესობის აღდგენას ითხოვს, არამედ ასე თუ ისე, წარსულთან შერიგებას. ამ კონტექსტში ყოფილი ხელისუფლების ლიდერების დაკავება სულ სხვა საკითხია", - წერს ლინკოლნ მიტჩელი.

კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევარი ასევე აღნიშნავს, რომ კანონის უზენაესობის აღდგენის ძალისხმევა არ იქნება წარმატებული, თუ დამნაშავეები არ დაისჯებიან. მისივე თქმით, საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ ისე უნდა დასაჯოს დამნაშავეები, რომ ქვეყნის განვითარება არ შეჩერდეს.

"აშშ და ევროპა, მერაბიშვილისა და სხვა დაკავებულების მიმართ სამართლიანი სასამართლოს ჩატარებების მოწოდებით გამოდიან, მაგრამ ამ დაკავებების გამო შეშფოთება უადგილია. ამის არგაგება მხოლოდ იმიტომ, რომ არსებობს მსგავსება მერაბიშვილსა და ტიმოშენკოს დაკავებებს შორის, სერიოზულ გაუგებრობას იწვევს შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში და ძირს უთხრის საქართველოში კანონის უზენაესობის მხარდაჭერის მცდელობას. საქართველო არ არის უკრაინა და უნდა მიეცეს ამის დამტკიცების შანსი, ისევე, როგორც დაკავებულ ყოფილ მაღალჩინოსნებს თავიანთი უდანაშაულობის დამტკიცების შანსი", - წერს ლინკოლნ მიტჩელი.

მომზადებულია The Parliament-ის მიხედვით.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა