ჩინეთი აშშ-ს მოუწოდებს, გაერო-ს ექსპერტთა დასკვნის საბოლოო შედეგის გამოქვეყნებამდე თავი შეიკავოს იმის მტკიცებისგან, რომ სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენება მოხდა. ამის შესახებ "გარდიანი" იუწყება.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ჰონ ლის განცხადებით, ჩინეთი სირიაში ნებისმიერი სახის სამხედრო ინტერვენციის დაწყებას ეწინააღმდეგება.
"ჩინეთი შეშფოთებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტული ქვეყნები სირიაში ცალმხრივი სამხედრო მოქმედებების დასაწყებად ემზადებიან", - განაცხადა ჰონ ლიმ.
ჩინეთის მოსაზრებებს მხარს უჭერს რუსეთიც. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი სირიის პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარებას ემხრობა.
"ის სამხილები, რომელიც ვაშინგტონმა წარმოგვიდგინა იმის დასტურად, რომ დამასკოში ქიმიური იარაღი გამოიყენეს, სრულიად დაუსაბუთებელია. წარმოდგენილი სამხილები არ შეიცავდა იმის მტკიცებულებას, რომ სინჯები პროფესიონალების მიერ იყო გაკეთებული", - განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების პირველმა პირმა. თუმცა, მას არ დაუკონკრეტებია, რა სინჯებზე საუბრობდა. მისივე თქმით, აშშ-ის მაღალჩინოსნებმა რუსეთს განუცხადეს, რომ ყველა სამხილს ვერ წაურდგენდნენ, რადგან ზოგიერთი მათგანი საიდუმლო სახისაა.
"როიტერის" ინფორმაციით, კვირას, გვიან საღამოს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სევასტოპოლის ფლოტიდან სირიის მიმართულებით მზვერავი გემი "პრიაზოვიე" გააგზავნეს, კონფლიქტის ზონაში ოპერატიული ინფორმაციის მოპოვების მიზნით.
მომზადებულია theguardian.com/uk-ის მიხედვით.