ტანმოვარჯიშე და მოცეკვავე თათია დონაძე ამჯერად საკუთარ სტილზე, პირად ცხოვრებაზე და იმაზეც გვესაუბრება, თუ რატომ გადაიფიქრა გათხოვება, რატომ არ ეზრდება თმა და ა.შ. თათიამ ისიც გაგვიმხილა, რომ ძალიან უყვარს ალკოჰოლი და ჯერ კიდევ პატარას უწინასწარმეტყველა ექიმმა: ამ ბავშვისგან ისეთი ლოთი დადგება, არაფერი დაათრობსო...
ვარცხნილობა და თმის ფერი
- ჩემი თმის სტრუქტურა არ მიწყობს ხელს, რომ ისეთი ვარცხნილობა ვატარო, როგორიც მომწონს. ახლა მოდაშია გრძელი თმა, რაც ძალიან მომწონს და ნერვები მეშლება, ასეთი ვარცხნილობის ტარების საშუალება რომ არ მაქვს... ისე, გრძელი თმა ბავშვობაში მქონდა, მაგრამ არ მომწონდა. როგორც დედა მეუბნება, საყვარელი ბავშვი ვიყავი, ყველა მეფერებოდა და ამბობდა, - ვაიმე, რა ლამაზიაო! მერე ავიკვიატე, - მოკლე ვარცხნილობა მინდა-მეთქი. დედამ თმა შემაჭრა და მას შემდეგ სულ გული მწყდება, რადგან თმა ვეღარ გავიზარდე: 2-3 წლის განმავლობაში თმა 2 სანტიმეტრითაც არ მეზრდება.
- თმის ხელოვნურად დაგრძელება არ გიცდია?
- ეგეც ვცადე და როცა იმედი ჩამესახა, მითხრეს, - სუსტი თმა გაქვს, ვერ გაუძლებსო. ჰოდა, სალონიდან ატირებული გამომიშვეს... თავს იმით ვიმშვიდებ, რომ თმის გარდა, ყველაფერი კარგი მაქვს (იცინის).
ერთხელ, ერთ-ერთი პარფიუმერიული კომპანიის ჩვენებაში ვმონაწილეობდი, რომლისთვისაც 2012 წლის ყველაზე მაგარი ვარცხნილობები საქართველოში "ჩამოიტანეს". მე ამ ჩვენებისთვის თმა წითლად უნდა შემეღება. მაშინ საკუთარი სურვილით, ძალიან მოკლედ შევიჭერი და წითელი მელირებაც გავიკეთე. მომეწონა, მაგრამ თმა უფრო მეტად გამიფუჭდა. ჩემს მოკლე, ალისფერ ვარცხნილობას "მოა" ერქვა. მგონი, ძალიან მიხდებოდა, მაგრამ ჩემთვის უჩვეულო სტილი იყო, ამიტომ ისევ ძველი იმიჯი დავიბრუნე.
სახის კანის მოვლა
- პრობლემური სახის კანი არ მაქვს. რამდენჯერაც კოსმეტოლოგთან მივედი, იმდენჯერ მითხრა: არაფერი გჭირდება, კარგი სახის კანი გაქვს. უბრალოდ გაიწმინდე ხოლმე, ხშირად ნუ დაიბანო. მაკიაჟს ხშირად არ ვიკეთებ, რადგან სახეს ძალიან "ამძიმებს"; როცა ვიკეთებ, მაშინაც, სახლში მისვლისთანავე ვიშორებ - ეს იმ შემთხვევაშიც არ მეზარება, როცა ძალიან მთვრალი ვარ და საწოლს ძლივს ვაგნებ (იცინის). მაკიაჟით არავითარ შემთხვევაში არ დავწვები... უფრო მეტად მკვეთრი მაკიაჟი მიხდება. წამწამების დაგრძელებაც მომწონს.
ვარჯიში, დიეტა
- როგორც წესი, სპორტიდან წასვლის შემდეგ, სპორტსმენები წონაში 5-10 კილოს იმატებენ, მე კი მეორე დღესვე დაკლება დავიწყე. საერთოდ, 19-20 წლის ასაკში, ტანმოვარჯიშეებს წონასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები გვაქვს ხოლმე. ყოფილა შემთხვევა, როცა რამდენიმე კვირის განმავლობაში მხოლოდ ხილით ვიკვებებოდი. როცა ვარჯიშობ, ვიტამინები გჭირდება, მაგრამ ფაქტობრივად ვერაფერს იღებ, რადგან სუქდები და თუ გასუქდი, რაღა გამოვა? მძიმეწონიანი ტანმოვარჯიშე შეჯიბრებაზე საერთოდ არ უნდა გავიდეს. უმნიშვნელოვანესია, თუ როგორ გამოიყურები სცენაზე. ვიდრე სპორტს შევეშვებოდი, ბოლო რამდენიმე თვე შეიძლება ითქვას, რომ ვშიმშილობდი, ყველანაირი საკვები მენატრებოდა და სულ ვამბობდი, - სპორტს თავს რომ დავანებებ, ბევრ შოკოლადს ვიყიდი და ყველას შევჭამ. მერე სახინკლეში წავალ, აჭარულ ხაჭაპურს მივირთმევ-მეთქი, მაგრამ როგორც კი სპორტს თავი დავანებე, ჭამის მადაც დამეკარგა. არადა, წინათ ჭამაში კაცი ვერ მაჯობებდა...
ნამზეური
- გარუჯვა ძალიან მიყვარს, მაგრამ ისეთი "მანიაკი" არ ვარ, რომ ზამთარში სოლარიუმში ვიარო. თუმცა, ერთი-ორჯერ სოლარიუმში მისვლა მეც მომიხდა. ისიც იმიტომ, რომ ბათუმში გასარუჯად წასულს ამინდმა არ შემიწყო ხელი; მთელი კვირა მოღრუბლული იყო და დეპრესია დამეწყო. ჰოდა, ავდექი და სოლარიუმს დავუწყე ძებნა. ყველა დამცინოდა, - ბათუმში სოლარიუმი რად გინდაო?.. ჯერ კიდევ ივნისიდან ვცდილობ, აუზზე ვიარო და გავირუჯო, რადგან ნამზეური მიხდება - სხეულს და სახეს უფრო ლამაზად წარმოაჩენს. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდან ცურვაზე დავდიოდი, წყლის მაინც მეშინია. ცურვას ზღვის სანაპიროზე ჯდომა და გარუჯვა მირჩევნია. ზოგჯერ ბათუმიდან ისე მოვდივარ, რომ ზღვაში ფეხსაც არ ვდგამ, მაგრამ ზღვისპირა ქალაქებში დიდ სიამოვნებას ვიღებ: გართობით, ზღვის ცქერით...
სამოსი
- ბრენდებიდან "შანელი" მიყვარს და ამ დიზაინერის ფანიც გახლდით. ჩვენ ერთ დღეს ვართ დაბადებულები. უნივერსიტეტში ამ ადამიანის შესახებ პრეზენტაციის გაკეთება მომიხდა. მის ბიოგრაფიას რომ გავეცანი, მას მერე შემიყვარდა. ყველა ვერ მიაღწევდა ისეთ წარმატებას, როგორსაც მან მიაღწია. დღეს "შანელი" ნომერ პირველი ბრენდია და ალბათ, კიდევ დიდხანს იქნება. შანელის ფრაზებიც მომწონს. მისი გამონათქვამებიდან ერთ-ერთს გავიხსენებ: არასოდეს ინანო ის, რაც გააკეთე. ინანე ის, რაც არ გაგიკეთებიაო. მართლაც, უკვე მომხდარზე იტყვი: უი, ჯანდაბასო, მაგრამ როცა რამეს არ გააკეთებ, ის უფრო გულდასაწყვეტია, რადგან ფიქრობ - შეიძლება, ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყოო...
აქსესუარები და სამკაულები
- სამოსის თვალიერებაში ბევრ დროს არ ვხარჯავ, მაგრამ სამკაულებისა და აქსესუარების დახლთან შემიძლია, დიდხანს ვიდგე და ნივთებს ვუცქირო; ყველაფერი მომწონს და მინდა, ყველაფერს ხელი მოვკიდო, "წამოვზიდო" (იცინის)...
საქმე
- ახლა მაგისტრატურა (ბიზნესის ადმინისტრირება) დავამთავრე. ძალიან სასიამოვნო ყოფილა, ქულებს რომ "აყრი" და განათლების ხარისხს აიმაღლებ. გარკვეული მიზეზების გამო, შარშან ცეკვას თავი დავანებე. ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ მსურდა, ბიზნესის ადმინისტრირებისთვის მიმეხედა: 30 წლის გოგო გამოცდილებას ჰაერიდან ვერ მოიტან. საკუთარი თავი პიარის სფეროში წარმომიდგენია, მაგრამ ამ ეტაპზე, ბანკში ვმუშაობ. და კიდევ, ერთ-ერთი ხილის წვენს, რომელიც ქართულ ბაზარზე ახლახან შემოვიდა, ინტერნეტრეკლამას ვუკეთებ. საერთოდ, ჩემთვის მისაღებ საქმიან შემოთავაზებებს ყოველთვის ვთანხმდები.
ოჯახი
- მშობლები და უფროსი ძმა მყავს. დედიკო დიასახლისია, მამა 15 წელი პოლიციაში მუშაობდა, ახლა კერძო ფირმა აქვს. დედაც და მამაც ძალიან საყვარლები არიან, მაგრამ მამა ზედმეტად "გრუზინია": სულ აკონტროლებს, სად ვარ და შინ როდის მივალ. არ მოსწონს, მეგობარი ბიჭები რომ მყავს... ჩემი ძმა იურისტია. რატომღაც, ჩემი გათხოვება ძალიან უნდა და მეუბნება, - წადი, მალე გათხოვდიო. ის კი არ იცის, რომ გათხოვება უკვე საერთოდ გადავიფიქრე. ძმა ჩემს ცხოვრებაში ზედმეტად არ ერევა, არაფერს მიშლის...
- გათხოვება რატომ გადაიფიქრე?
- რაღაცები მოხდა და ასე გადავწყვიტე... მიმაჩნია, რომ პირად ცხოვრებაში არ მიმართლებს. ბავშვობიდან ხშირად მესმოდა: ადამიანს ან პირად ცხოვრებაში უმართლებს, ან - კარიერაშიო. მე ყოველთვის კარიერაში მიმართლებდა: ტანვარჯიშზეც, ცეკვაშიც. ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ 6 თვეში ვინმე სახელმწიფო ანსამბლის ძირითად შემადგენლობაში მოხვედრილიყო, მე კი ეს შევძელი და ამაში რეპეტიტორი - ლევან კუბლაშვილი დამეხმარა, რომელმაც კარგად მომამზადა... პირად ცხოვრებაში კი ყველა "უკიდურესობა" მხვდება: თითქოს თავიდან არა უშავთ, მაგრამ მერე ისეთ ხასიათს გამოავლენენ, რომ მათი არაფერი მოგინდება. კარგი ხასიათი მეც არ მაქვს, მაგრამ ჩემი შესაფერისი ბიჭი ვერ ვიპოვე. მიმაჩნია, რომ უმეტესობას ჩემთან ურთიერთობის ეშინია. საერთოდ, გვერდით ლამაზი გოგოს ყოლის ბევრ მამაკაცს ეშინია. ამბობენ, - ჩემს ცოლს სხვამ რატომ უნდა შეხედოსო? ბოლოს მაინც იმას ამჯობინებენ, რომ გვერდით რიგითი, ჩვეულებრივი გოგო ჰყავდეთ, რომელიც არავისგან არაფრით გამოირჩევა. ასე რომ, არ გავთხოვდები, თუ რა თქმა უნდა, ვინმე მართლა არ შემიყვარდება და მის გამო არ გავგიჟდები, არ გადავირევი.
- შეყვარებული ყოფილხარ?
- კი. ერთი ბიჭის მიმართ სიმპათიები ახლაც მაქვს, მაგრამ... ალბათ არავინ დამიჯერებს, მაგრამ ბიჭს პირველად 20 წლის ასაკში შევხვდი, მანამდე "სიყვარულობანასთვის" არ მეცალა. ადრე მას, ვინც ჩემ მიმართ სიმპათიას გამოხატავდა, აგრესიით ვპასუხობდი, საჩუქარს არ ვართმევდი, ახლა პირიქით - თაყვანისმცემლების ყურადღება ძალიან მსიამოვნებს.
დასვენება და გართობა
- 3 სკოლა გამოვიცვალე; ცეკვაზეც დავდიოდი, ვმღეროდი... ყველგან ბევრი მეგობარი შევიძინე. უნივერსიტეტმაც ძალიან კარგი მეგობრები მაპოვნინა. კინო და თეატრი მიყვარს და ვცდილობ, ყველა პრემიერას დავესწრო. საათ-ნახევრის განმავლობაში კომპიუტერთან ჯდომა და ფილმის ცქერა არ შემიძლია. კლუბები, ცეკვა და დალევაც (უფრო - კოქტეილების) ძალიან მიყვარს. კარგი სიმთვრალე მაქვს, თუ ზედმეტი არ მომივიდა.
- თუ ზედმეტი მოგივიდა, რა ხდება?
- სახლში უნდა გავიქცე და დავწვე. ყველა კაცი მეუბნება, - რამდენს იტან, როგორ სვამო?! 2 წლისას ჭიქით ღვინო მომიყუდებია და დამილევია... თურმე, 6 წლამდე სულ ვტიროდი. ექიმმა დამამშვიდებელი გამომიწერა, მაგრამ არ მიშველა. მერე დოზა ორჯერ მომიმატა და ჩემს მშობლებს უთხრა, - ეს ისეთი ლოთი გამოვა, არაფერი დაათრობსო (იცინის). იმდენს არასოდეს ვსვამ, რომ გავითიშო და სადმე კლუბში მივეგდო. მირჩევნია, დრო კარგად ვატარო.
ეთო ყორღანაშვილი
(გამოდის ხუთშაბათობით)