ბუნებრივი აირის ცენტრალიზებული გამორთვისა და ხელახალი ჩართვის ან წნევის ვარდნით გამოწვეული გაჟონვისა თუ აფეთქების მსხვერპლთა რიცხვი ბოლო წლებში საკმაოდ გაიზარდა, საზოგადოებაში ასევე ცხარე კამათია ავტომანქანის საქარე მინების დაბურვის გარშემო. ინჟინერ-მექანიკოსის, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თემურ მაისურაძის გამოგონებები, რომელზეც ის ძმასთან, ელექტროინჟინერ ნოდარ მაისურაძესთან ერთად მუშაობს, სწორედ ამ აქტუალურ საკითხებს ეხება.
- წყლისა და გაზის ავარიული ჩამკეტი სისტემას როცა გინდა, კეტავს და როცა გინდა - აღებს. ის ჩვეულებრივი ონკანის ნაცვლად მონტაჟდება და დამატებითი ფუნქციაც აქვს - ავარიული ჩამკეტია, აქვს უკუსარქველი. ეს ყველაფერი ერთ მოწყობილობაშია, რომელიც ყველა ამ ფუნქციას ასრულებს. მოწყობილობა წყლის მილის ავარიული დაზიანების შემთხვევაში სახლს დატბორვისგან იცავს, არც მეზობელთან ჩავა წყალი... ასევე, ბუნებრივი აირის წნევის დაცემის ან ცენტრალიზებული გამორთვის შემთხვევაში ყველა ოჯახს ემუქრება საფრთხე, ასეა დივერსიის შემთხვევაშიც, მით უმეტეს, რომ ჩვენთან მილები ყველგან ღია სივრცეში გადის და ადვილი ხელმისაწვდომია, ბოროტმოქმედმა, შესაძლოა, ღამით კიბე მიადგას და ვენტილი თუნდაც რამდენიმე წამით დაკეტოს, მერე კი გააღოს; მოსახლეობის ის ნაწილი, ვინც ამ დროს გაზით სარგებლობს, თვითონ კი ტელევიზორს უყურებს, საფრთხის წინაშეა, - გაზი ჩაქრება, მერე ისევ აღდგება მიწოდება, რის შედეგადაც სამზარეულოში შუქის ანთებისთანავე აფეთქება გარდაუვალია. ჩვენი მოწყობილობით კი, მიწისძვრის ან სხვა ბუნებრივი კატასტროფის დროს, თუ მილი გასკდა, მთელი სისტემა ავტომატურად იკეტება. თუ წყალი ცენტრალიზებულად გამოირთვება, სახლში ყველა ონკანი ღიაც რომ იყოს, წყლის მოწოდების აღდგენისთანავე, ერთი წვეთიც არ გამოჟონავს, რადგან სანამ მეპატრონე თვითონ არ გახსნის სისტემას, ის არ განიბლოკება. თუ ონკანი ღია დაგრჩათ, ეს ჩამკეტი ღამის საათებში წყლის გაჟონვისგან თავის დაცვის საშუალებაც არის.
რაც შეეხება მართვადი გამჭვირვალობის მინას, ამ ტექნოლოგიის გამოყენება შეიძლება ყველგან, სადაც ჩამუქებული მინები გამოიყენება: ავტოტრანსპორტში, სახლებში, აგარაკებზე... ახლა არსებობს კომპანია "სეინთ-გობეინის" (Saint-Gobain) მინა, სისტემა, რომელიც 110 ვოლტზე მუშაობს, საკმაო ენერგოდანახარჯს (24 ვატი) ითხოვს და რაც მთავარია, მხოლოდ ორ პოზიციაზეა გათვლილი: მთლიანად ჩამუქებული ან გამჭვირვალე. ჩვენი მართვადი გამჭვირვალობის მინა კი მზის ენერგიაზე მუშაობს, მიკროდენების გამოყენების გამო გამართულად მუშაობს და გამჭვირვალობის მთელ სპექტრს არეგულირებს - სრული გამჭვირვალობიდან სრულ ჩამუქებამდე, ანუ მეპატრონის სურვილის მიხედვით. ასეთი მინა შეგიძლია, ფარდასავით გამოიყენო: მზე გაწუხებს - ჩააბნელო, მეტი სინათლე გინდა - ოდნავ გააღიაო.. ახლანდელ დაბურულ მინას კი მხოლოდ ერთი პოზიცია აქვს და ადამიანები, ვისაც სახლებში ასეთი მინა აქვთ, დილით საათ-ნახევრით ადრე ანთებენ შუქს, ღამითაც - ორი საათით ადრე, მართვადი მინა კი შეგიძლია, ავტომატურ რეჟიმში გადაიყვანო და რაც უფრო ნაკლებად ანათებს მზე, თავისით გაღიავდება..
- მანქანის მინების დაბურვის საკითხი სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაგვარად რეგულირდება.
- ჩვენთან წინა საქარე მინის დამუქება არ შეიძლება, უკანა მინებზე კი შეზღუდვა არ არის, გვერდითზე - ნაწილობრივი. და თუ ჩვენს სისტემას ჩაამონტაჟებ მანქანის ბორტ-კომპიუტერში, იმის მიხედვით, რომელ ქვეყანაში ხარ მანქანით, მინა იმ დონეზე იქნება გამჭვირვალე, იმ ელფერს შეიძენს, რომელიც ამ ქვეყანაშია დაშვებული; ზოგ ქვეყანაში წინა გვერდით მინებზე სხვა შეზღუდვაა, უკანაზე - სხვა და ა.შ.
ნინო კვიტაშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)