მას შემდეგ, რაც ჩვენს რეალობაში სოციალური ქსელი გამოჩნდა, ნებისმიერი ნაბიჯის ასახვა თავისუფლად შეგვიძლია ინტერნეტგვერდის საშუალებით. თანაც, ყველაზე პოპულარულ სოციალურ ქსელ "ფეისბუქს" ფოტოების და ვიდეოების ატვირთვის გარდა, სხვადასხვა ფუნქციაც დაემატა, მაგალითად, ისეთი, როგორიც არის, "რას ვუყურებ", "რას ვფიქრობ ახლა", "სად ვიმყოფები",
"ვისთან ერთად ვარ" და ა.შ. ამრიგად, ეს გარკვეულწილად ყურადღების დეფიციტის შევსებაა იმ ადამიანთაგან, რომლებსაც გარკვეულ წრეში მაინც სურთ პოპულარობა.
ალბათ, ამით აიხსნება ჩვენი დიდი სურვილი, რომ განუწყვეტლივ ვტვირთოთ საკუთარი ფოტოები, ვიდეოები ჩვენი მონაწილეობით საკუთარ გვერდზე, სოციალური ქსელის საშუალებით შევატყობინოთ ადამიანებს, რას ვფიქრობთ ამა თუ იმ თემაზე, გამოვხატოთ გაბრაზება თუ სიხარული. "ფეისბუქს" ბევრი ცნობილი ადამიანი იყენებს როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ საკუთარი პოპულარობის კიდევ უფრო გასამყარებლად.
სოციალური ქსელი საქართველოში განსაკუთრებით პოპულარულია ალბათ იმის გამო, რომ ქართველებს ძალიან გვიყვარს საკუთარი თავის მოწონება, თუმცა ზოგიერთ ჩვენგანს ფოტოების გადაღების და ამ ფოტოების საკუთარ გვერდზე განთავსების მანიაც შეეყარა და ერთი საინტერესო ტენდენციაც გამოიკვეთა - ეს გახლავთ მობილური ტელეფონით საკუთარი თავისთვის ფოტოს გადაღება და შემდეგ მისი "ფეისბუქზე" ატვირთვა. შემდეგ კი უფრო საინტერესო დეტალიც გამოჩნდა - ტელეფონით სარკის წინ დადგომა და საკუთარი თავის ასე გადაღება, კლუბის, რესტორნის, სასტუმროს ტუალეტების "დალაშქვრა ამ მიზნით და იქ არსებულ დიდ სარკეებთან ტელეფონის "ჩაჩხაკუნება". მალე მთელი ინტერნეტი აივსო ამგვარი ფოტოებით, შემდეგ კი უფრო პიკანტური მომენტიც შეემატა - ტუჩების წინ გამოწევა და ამგვარად პოზირება მობილურის ფოტოკამერის წინ. ამ მოდას იმდენად ბევრი ამყოლი გამოუჩნდა, რომ მალე ტუჩებგამობურცული ფოტოების საწინააღმდეგო გვერდებიც კი შეიქმნა, მათ შორის, ქართულ ინტერნეტსივრცეში, მაგალითად, ასეთი, "50 ტუალეტი, სადაც აუცილებლად უნდა გადაიღო ფოტო".
იხილეთ სტატიის სრული ვერსია