დიღომში ვცხოვრობ, 9 საათი იქნებოდა, ეზოში ჩოჩქოლი ატყდა, ფანჯრიდან გადავიხედე და დავინახე ორი უფორმო ტიპი ჩვენი კორპუსის ბიჭებს საკმაოდ ხმამაღლა ელაპარაკებოდა. ჩემი დისშვილი ეზოში იყო, ამიტომ სასწრაფოდ ჩავედი. როგორც გაირკვა, პოლიციელები იყვნენ, რომლებიც თავიანთ ეზოში მყოფ ბიჭებს დაშლას სთხოვდნენ, როცა ჰკითხეს, რატომ უნდა დავიშალოთო, ერთ-ერთის გაჩხრეკა მოინდომეს. ამასობაში მთელი კორპუსი გარეთ გამოეფინა, ხალხი ბავშვებს გამოესარჩლა, იმათ გაჩხრეკა გადაიფიქრეს და წავიდნენ, სიმართლე გითხრათ, ძალიან გამიკვირდა, ჩემი კორპუსიდან საკმაოდ ახლოსაა პოლიციის განყოფილება, მსგავსი რამ აქამდე არასდროს მომხდარა, - აცხადებს მოქალაქე ლალი ოთარაშვილი.
შეიძლება ზემოხსენებულ კონკრეტულ შემთხვევაში პოლიციელებმა ახალგაზრდის გაჩხრეკისგან თავი შეიკავეს, მაგრამ ბოლო დღეებში საკმაოდ ბევრი ფაქტი დაფიქსირდა, როდესაც ფორმიანი თუ უფორმო პოლიციელები მოქალაქეებს ჩხრეკდნენ, იწერდნენ მათი პირადობის მოწმობების ნომრებს და მობილურით სურათებს უღებდნენ. ამან მოქალაქეებს შევარდნაძის დროინდელი რეიდები გაახსენა. აღნიშნულ საკითხზე განცხადებები გაავრცელეს პოლიტიკოსებმა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. თუმცა შსს ამას პრევენციულ ღონისძიებებს უწოდებს და კატეგორიულად ემიჯნება ტერმინ "რეიდს".
შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი:
"ეს არ არის რეიდი, ამ პროცესს რეიდი "ნაციონალებმა" დაარქვეს. ეს არის პრევენციული ღონისძიება, რის შედეგადაც საკმაოდ ბევრი იარაღი ამოვიღეთ, როგორც ცივი, ასევე ცეცხლსასროლი. თითო იარაღი ერთ გადარჩენილ სიცოცხლეს ნიშნავს. ეს არის პრევენციული ზომები, რასაც განსაკუთრებული მიზეზი არ სჭირდება. უბრალოდ, გვქონდა ინფორმაცია იარაღთან დაკავშირებით, რომელიც, ძირითადად, ახალგაზრდებს ჰქონდათ. ამასთან დაკავშირებით უამრავი ჭორი აგორდა, მაგრამ პოლიცია მოქმედებს კანონის ფარგლებში და თუ ვინმეს დისკომფორტი შეექმნა ამის გამო, უკვე ბოდიშიც მოვუხადეთ".
ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, შსს-სვე მონაცემებით, პოლიციამ ბოლო რამდენიმე დღეში 20-ზე მეტი უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო. მათ შორის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი მაყუჩით, "ბერეტა", "ვალტერი", "მაგნუმი 22", "ზიგ-ზაუერი", "ჩე-ზე 75". ზოგიერთ დაკავებულს ჩხრეკისას სხვადასხვა მოდელის რამდენიმე უკანონო იარაღი აღმოაჩნდა.
მოკლედ, როგორც ჩანს, ამ პრევენციული ღონისძიებების ძირითადი სამიზნე უკანონო იარაღი იყო. არადა, ბოლო წლების განმავლობაში იქმნებოდა შთაბეჭდილება, თითქოს უკანონო იარაღის ყიდვა-გაყიდვის პრობლემა მოგვარებული იყო და "სიკვდილით მოვაჭრეებიც" (ასე უწოდებენ იარაღით უკანონო მოვაჭრეებს მთელ მსოფლიოში) "მოყუჩებული" იყვნენ. თუმცა როგორც ჩვენი ინკოგნიტო რესპონდენტი (ერთ-ერთი სპეცსამსახურის ყოფილი თანამშრომელი) გვეუბნება, მთლად ასეც არ არის საქმე.
"საქართველოში იარაღის შავი ბაზარი ყოველთვის იყო და მომავალშიც იქნება. უბრალოდ, ბოლო წლებში "იატაკქვეშეთში" ჩავიდნენ. თუმცა თუ მოისურვებდი, იარაღს მაინც იშოვიდი, მათ შორის ავტომატსაც. გარდა ამისა, ვის უნდა ეყიდა ის იარაღი? ციხეები გადავსებული იყო და ფაქტობრივად, კლიენტი არ ჰყავდათ. იარაღის შავი ბაზრის კლიენტები ძირითადად, კრიმინალური წარსულის მქონე პირები იყვნენ. ამნისტიის შემდეგ კი კლიენტები გაჩნდნენ და ბაზარიც გამოცოცხლდა, სხვათა შორის, ბოლოდროინდელი მკვლელობები შავ ბაზარზე შეძენილი იარაღით მოხდა, - აცხადებს ჩვენი რესპონდენტი.
ამ მოსაზრებას ეთანხმება პოლიციის გადამდგარი გენერალი გივი ლობჟანიძე: "კონფლიქტებმა, ომმა, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებმა ხელი შეუწყო უამრავი აღურიცხავი იარაღის საქართველოში მოხვედრას. ბევრი იარაღი უკანონოდ მაშინ გაიყიდა, როცა რუსის ჯარი საქართველოდან გადიოდა, მათ რეზერვში უამრავი იარაღი ჰქონდათ. ასევე იარაღი დაიტაცეს სამხედრო ობიექტების და პოლიციის დარბევისას, ალბათ ყველას გახსოვთ, შექმნილი იყო საძმოები, რომლის წევრებიც იარაღით თავისუფლად დადიოდნენ ქუჩაში. უამრავი უკანონო იარაღი პანკისიდან შემოვიდა, კონკრეტული წყარო, საიდანაც მოხვდა საქართველოში უკანონო იარაღი, არ არსებობს. ვის ხელში მოხვდა იარაღი, არავინ იცის.
სამწუხაროდ, სრულად არ მომხდარა უკანონო იარაღის ამოღება და ახლა სწორედ ამ იარაღის რეალიზაცია მიდის. ეს არის სერიოზული პრობლემა, რომელიც რამდენიმე წელია არსებობს. რად გვინდა უცხოეთიდან იარაღის შემოტანა, საქართველოში ისედაც ბევრი უკანონო იარაღია. კრიმინალებთან ერთად, უკანონო იარაღს, სამწუხაროდ, ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომლებიც ყიდიან, ისინი, ვისაც ხელი მიუწვდებოდა იარაღზე. ახლა გაუჭირდათ, მყიდველიც გამოჩნდა და დაიწყეს იარაღით ვაჭრობა. იარაღის რეალიზაცია დაახლოებით იმ გზებით ხდება, როგორც ყიდიან ნარკოტიკს, მაგრამ იარაღი განსაკუთრებით სახიფათოა. ნარკოტიკის შემთხვევაში ფაქტი მოხმარებისთანავე ნადგურდება, იარაღი კი შეიძლება ბევრჯერ იყოს გაყიდული და ბოლოს მაინც დადგინდება რეალიზატორის ვინაობა. დამწყებ რეალიზატორს დასაწყისში სჭირდება შუამავალი, ვინც დააკავშირებს მყიდველთან, რამდენიმე ასეთი ფაქტის შემდეგ მყიდველმაც და რეალიზატორმაც ზუსტად იცის, ვისგან იყიდოს და ვის მიჰყიდოს. ხელისუფლება თავადაც ამბობს, მასშტაბური ამნისტიის დროს ბევრი ისეთი ადამიანი გამოვიდა გარეთ, ვინც არ უნდა გამოსულიყო, მაგრამ კანონს ინდივიდებს ვერ მოარგებ. დარწმუნებული იყავით, მათი ნაწილი მალე დაბრუნდება ციხეში. ამ პატიმრებს ხომ ჰყავდათ ახლობლები? ფული ხომ სჭირდებათ? ვისაც რითი შეუძლია, იმით ირჩენს თავს, შეიძლება ჰქონდათ დამალული იარაღი, მყიდველიც გამოჩნდა და ყიდიან.
- დაახლოებით რა ფასად შეიძლება შავ ბაზარზე იარაღის შეძენა?
- ახლა ცოტა გაძვირებულია. "მაკაროვი" და "ტეტე" სისტემის იარაღი 700-800 ლარამდე ღირს. მაღაზიაში იმიტომ არ ყიდულობენ იარაღს, რომ იქ მყიდველს აკონტროლებენ, ყველაზე არ იყიდება, შავ ბაზარზე ყიდვა კი უფრო ადვილია და იაფია. ავტომატური იარაღის კერძო პირზე გაყიდვას კანონი კრძალავს".
თუმცა არსებული ინფორმაციით, "სიკვდილით მოვაჭრეები" იარაღის მარაგების შესავსებად სხვა ხერხსაც მიმართავენ. კერძოდ, იარაღის მაღაზიებში ყიდულობენ საქონელს და შემდეგ ისე გადააკეთებენ ხოლმე, რომ თუ რაიმე მოხდა (მაგალითად, დანაშაული), აღნიშნული იარაღის იდენტიფიცირება შეუძლებელი იყოს. იარაღის მაღაზია "ქარავანის" დირექტორი ნუგზარ ფარადაშვილი აცხადებს, რომ მართლაც არის შესაძლებელი მაღაზიაში შეძენილი იარაღის ისე გადაკეთება, რომ მან კვალი არ დატოვოს. "რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია, მაგრამ ჩვენ კრიმინალებთან საქმე არ გვაქვს და მეტს ვერაფერს გეტყვით", - ამბობს ფარადაშვილი.
რაც შეეხება იარაღის ლეგალურ შემძენებს, ფარადაშვილის ცნობით, საქართველოში ყველაზე დიდი ოდენობით სანადირო იარაღი იყიდება.
"მისი ფასი 500-დან 25.000 ლარამდე განისაზღვრება. სანადირო იარაღს ხშირ შემთხვევაში ქალებიც ყიდულობენ. მეორე ადგილზეა პისტოლეტის ტიპის იარაღი. ასეთი იარაღი ყველაზე ძვირი საქართველოშია, რადგან მესამე და მეოთხე ხელით ხდება ჩვენში ამ ტიპის ცეცხლსასროლი იარაღის შემოტანა. ევროპა უარს ეუბნება საქართველოს პისტოლეტის მიწოდებაზე, იმიტომ, რომ მათ იციან ჩვენი ხალხის ხასიათი. მწარმოებელი ქარხანა იარაღს ჯერ დილერს აწვდის, დილერი თავის დილერს და ამის შემდეგ შემოდის საქართველოში. პირდაპირ ქარხნიდან მოწოდებული იარაღის ფასი 2.000-3.000 ლარამდე განისაზღვრება, შემოვლითი გზებით მიღებული კი 5.000 ლარამდე ღირს. დიდია მოთხოვნა წიწაკის ხსნარზე, მაგრამ მისი შემოტანა ვერ ხერხდება, კანონით ეს ნებადართულია, უბრალოდ, საბაჟოზე ვერ ხდება სტანდარტის დადგენა, შეუსაბამობაშია კანონთან. ისე, ბოლო დროს ძალიან შემცირდა მოთხოვნა ცეცხლსასროლ იარაღზე და არც არის საჭირო. ტირიც არ არსებობს საქართველოში, სადაც შეიძლება ადამიანმა იარაღისადმი თავის ჟინი დაიკმაყოფილოს", - ამბობს ფარადაშვილი.
მოკლედ, ასეა თუ ისეა, ალბათ, იარაღის შავი ბაზრით შესაბამისი სამსახურები მართლაც სერიოზულად უნდა დაინტერესდნენ. რამდენიმე დღეში ამოღებული 20-ზე მეტი ცეცხლსასროლი იარაღი მცირე ნამდვილად არ არის. თუ გადამჭრელმა ზომებმა დაიგვიანა, მერე შეიძლება უკვე გვიან იყოს...
საქართველოს კანონმდებლობით, მოქალაქეს (არანასამართლევს) შენახვის უფლებით შემდეგი სახის იარაღის შეძენა შეუძლია: თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი; სპორტული მოკლე ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი; შენახვისა და ტარების უფლების მიღება კი, მოქალაქეს შემდეგი ტიპის იარაღებზე შეუძლია: თავდაცვის გაზის (აირის) იარაღი; სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი; სპორტული გრძელლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი; სპორტული მოკლე გლუვლულიანი ცეცხლსასროლ იარაღი; თავდაცვის ან სპორტული მოკლე ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი.
ყველაზე პოპულარული პისტოლეტები
ბერეტა
მასა - 0,900-0,950 კგ.
ლულის სიგრძე - 109-125 მმ
კალიბრი - 9-10 მმ
8-15-ვაზნიანი მჭიდი
გლოკი
მასა - 0,625 კგ
ლულის სიგრძე - 114 მმ
კალიბრი - 9 მმ
17,19 ან 33-ვაზნიანი მჭიდი
მაკაროვი
მასა - 0,73 კგ
ლულის სიგრძე - 93,5 მმ
კალიბრი - 9 მმ
8-ვაზნიანი
კოლოფისებური მჭიდი
ნათია დოლიძე
თამარ ბოჭორიშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)