მას შემდეგ, რაც გიორგი მარგველაშვილი კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელდა, მისი პირადი ცხოვრება საზოგადოების განხილვის თემად იქცა. ვინ არის მაკა ჩიჩუა და როგორი დამოკიდებულება აქვს პრეზიდენტობის კანდიდატს საყვარელ ქალთან? ამ კითხვას მარგველაშვილმა გაზეთ "პრაიმ ტაიმთან" საუბარში უპასუხა.
"მაკაზე არაერთხელ მისაუბრია და იმისთვისაც გამისვამს ხაზი, რომ ჩვენ ვართ ერთად. ეს არის ურთიერთობა, რომელსაც არსებულმა პოლიტიკურმა ვითარებამ ბუნებრივად შეუქმნა სირთულე, რადგან ჩემი აზრით, ყველაზე დიდი საიდუმლოება სწორედ ორ ადამიანს შორის ურთიერთობაა. სწორედ ამიტომაც, ასეთ ურთიერთობას რელიგიური კონტექსტშიც საიდუმლოება ეწოდება.
მაკა არის არაჩვეულებრივი. ის არის მხატვარი, რომლის ნამუშევრებიც ძალიან მომწონს. ის არის მუსიკოსი, არის ღრმა ადამიანი, რომელთანაც შეიძლება ძალიან ღრმა მსჯელობა უაღრესად რთულ საკითხებზე; და ამ დროს, როდესაც ჩემთვის ასეთ მნიშვნელოვან და საინტერესო ქალზე წინა პლანზე წევენ მხოლოდ მის სილამაზეს, ჩემთვის ეს თემის გაუბრალოებაა. ჩემთვის სხვა თემებია პრიორიტეტული. როდესაც მაკაზე ვფიქრობ, ვფიქრობ იმაზეც, როგორ განმაცდევინა მან შექსპირი. ბუნებრივია, შექსპირი მაკამდეც ვიცოდი, მაგრამ მან ის სულ სხვა კუთხით, სხვა ემოციური სიმძაფრით დამანახა, ისევე როგორც - ლეონარდო, თუნდაც როგორ ცდილობდა დაენახვებინა თანამედროვე მუსიკა, ოღონდ უშედეგოდ. მთელი ამ მცდელობიდან მხოლოდ საკამოტო დარჩა, მეტი არაფერი. ეს არის ურთიერთობის ფორმა, ეს არის ადამიანი, რომელიც ურთულეს ვითარებაში, როდესაც მე ვიყავი მუდმივი ზედამხედველობის, სახელმწიფოს მძაფრი თვალის ქვეშ, შეძლო და მასწავლა, რომ შეიძლება იყო მშვიდად. დამანახა, რომ მასთან ერთად იოლად გადაიტან სირთულეებს. ეს არის ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში, ცხოვრების ყველაზე რთულ მომენტებში მუდამ გვერდით მედგა. ახლა, როცა საუბარია მხოლოდ იმაზე, თუ რა ლამაზია მაკა, ვფიქრობ, რომ ამით ურთიერთობას მხოლოდ აუბრალოებენ. ბუნებრივია, მე ამ კამათში არასოდეს შევდივარ", - ამბობს პრეზიდენტობის კანდიდატი.
გიორგი მარგველაშვილი ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაში თანასწორუფლებიანობის მომხრეა და, შესაბამისად, მიაჩნია, რომ მაკას გადასაწყვეტია, როგორ და რამდენად ახლოს გაიცნობს მას საზოგადოება.
"ეს არის თანამედროვე ურთიერთობა, რომელშიც არ შეიძლება კაცი იყოს დომინანტი და კაცმა განსაზღვროს, როგორ უნდა გაიცნოს საზოგადოებამ ქალი. ჩემი აზრით, მაკას აქვს თავისი შემოქმედებითი ბიოგრაფია და თავად განსაზღვრავს, როდის და ვინ გაიცნოს. არ ვფიქრობ, რომ ამ პროცესში რამენაირად უნდა ვიყო ჩართული და ხმამაღლა ვისაუბრო, რომ მე ძალიან მომეწონა, მაგალითად, მაკას შეხედულება 115-ე სონეტზე და ძალიან გთხოვთ, თქვენც იგივე გაიზიაროთ-თქო... ჩემი აზრით, ეს ძალიან ხელოვნური იქნება, თუმცა აქვე ვადასტურებ, რომ მართლა მომეწონა მისი შეხედულებები...
ოჯახის წევრები, ჩემი მშობლები, ჩემი შვილი პოლიტიკურ პროცესში ჩართვისთვის არასოდეს მზად არ იყვნენ. მაკასთან არ ვარ ოფიციალურ ქორწინებაში. კითხვა, რა ურთიერთობა მაქვს მაკასთან, ბუნებრივად ჩნდება. არასდროს ვყოფილვარ მზად, პასუხი გამეცა საანკეტო კითხვებისთვის... შემიძლია ვთქვა, რომ მე ვარ შეყვარებული. ეს ძალიან მაღალი ღირებულებაა ჩემთვის. შესაბამისად, ვცდილობ, მაქსიმალურად არ მოვახდინო ჩემთვის უაღრესად მნიშვნელოვანი ღირებულებების, მშობლების შვილების, მეგობრობის, საყვარელ ქალთან ურთიერთობის ჩართვა პიარკამპანიაში. არ მგონია, რომ პიარკამპანია ჩემს ყველაზე ინტიმურ ურთიერთობებზე უნდა იყოს ორიენტირებული", - აღნიშნავს მარგველაშვილი.
პოლიტიკოსი საყვარელი ქალის გაცნობის ისტორიას იხსენებს და ამბობს, რომ ერთმანეთი შვილების წყალობით გაიცნეს, რომლებიც წლების განმავლობაში მეგობრობდნენ.
"უცნაური ისტორიაა. ჩვენი შვილები წლების განმავლობაში იზრდებოდნენ ერთად. ისინი ძალიან ახლოს იყვნენ ერთმანეთთან, ეს უფრო მეტი იყო, ვიდრე მეგობრობა. მაშო და ანა იზრდებოდნენ ჩვენთან სახლში და მაკასთან სახლში. ჩვენ ამ პერიოდში ერთმანეთს არ ვიცნობდით. მერე, რაღაც ეტაპზე გავიცანით ერთმანეთი. თუმცა მანამდე, წლების განმავლობაში, ხან ანა იყო მაშოსთან და ხან მაშო იყო ჩვენთან.
პრეზიდენტობის კანდიდატმა პირველი ქორწინების შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, ეს იყო ადრეული ქორწინება, თუმცა ძალიან ბედნიერია, რომ ამ ქორწინებამ შვილი აჩუქა.
"ეს იყო ადრეული ქორწინება, იმ პერიოდში, როდესაც ქუჩაში ქაოსი იყო. ეს იყო პერიოდი, როდესაც, როცა ბავშვი ჩნდებოდა, მთავარი მიზანი იყო ის არ გაციებულიყო, რადგან სახლში ციოდა, და პერიოდი, როცა უნდა მიხედო შენს შვილს, როცა თავად ხარ პატარა. ეს მდგომარეობა ჩემი თაობის ძალიან ბევრი წარმომადგენლისთვის, ალბათ, ნაცნობია...სწორედ ამ ქორწინების შედეგია ჩემი ყველაზე დიდი ბედნიერება - ჩემი შვილი", - განაცხადა მარგველაშვილმა.
პრეზიდენტობის კანდიდატმა ოჯახის ინსტიტუტზეც ისაუბრა.
"დედაჩემმა და მამაჩემმა ჩემთვის ოჯახის მოდელი შექმნეს. ეს იყო ძალიან სტაბილური, სიყვარულით სავსე ადგილი, სადაც მელოდნენ...ვფიქრობ, ადამიანის სიმტკიცე და მთავარი ფუნდამენტი არის სწორედ ოჯახი... როცა ადამიანი ძლიერია, ეს იმას ნიშნავს, რომ მას ჰყავს ოჯახი, სადაც თავისიანად იღებენ და დამატებით კითხვებს აღარ უსვამენ. ეს არის ჩემი დამოკიდებულება ოჯახის მიმართ", - აღნიშნა მან.
კითხვაზე, აპირებს თუ არა არჩევნებამდე მაკა ჩიჩუასთან ურთიერთობა ოფიციალურად დააკანონოს, პოლიტიკოსი პასუხობს, რომ ეს მხოლოდ მათი გადასაწყვეტია და მსგავსი ნაბიჯის გადადგმა პოლიტიკური პიარისთვის მიუღებელია.
"მე მართლა მიმაჩნია, რომ ეს არის ჩვენს შორის ურთიერთობის თემა და არა გეოპოლიტიკური საკითხი, ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ორმა ადამიანმა და სწორედ ამ გადაწყვეტილებას აქვს საიდუმო ხასიათი, თავისი განვითარების გზა, რომელშიც არავინ ერევა ამ ორი ადამიანის გარდა", - აღნიშნა მარგველაშვილმა.
იხილეთ ასევე: "ოჯახს პოლიტიკური ქულების დაწერისთვის ვერ შევქმნი"