ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გიორგი მარგველაშვილის ინტერვიუს ეხმაურება, რომელიც "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატმა გაზეთ "პრაიმ ტაიმს" მისცა. შეგახსენებთ, ინტერვიუში მარგველაშვილმა პირადი ცხოვრების შესახებ ვრცლად ისაუბრა. ტელეწამყვანი პრეზიდენტობის კანდიდატს პიართან დაკავშირებით რამდენიმე რჩევას აძლევს.
"ფილოსოფოსი ადამიანი (მარგველაშვილი), რომელსაც წიგნის სუნი აშკარად სიამოვნებს, ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მთელ რიგ საკითხებში იმაზე მეტად ღრმაა ვიდრე მატერიალისტი კაცი, ან... ზოგზოგიერთები! დაარღვია ტრადიცია და ძალიან ფილოსოფიურად, მაგრამ გულწრფელად ახსნა ამ კაცმა, რატომ არ მოატყუებდა ამომრჩეველს მისი პიარ ქორწინებით და ეს ნამდვილად იყო ახალი სიტყვა პოლიტიკაში, სადაც ოჯახები ბევრს მხოლოდ იმიტომ ყავს, რომ ამას ტრადიციული ამომრჩეველი ითხოვს. რეალურად კი ყველამ ყველაფერი ვიცით! მართლაც ძალიან აქებენ მაკას. მის არჩევანს (ამჯერად) ფილოსოფოსი შეყვარებული ძალიან ხატოვნად აღწერს, როგორ განაცდევინა მიჯნურმა შექსპირი. რომ მისი რჩეული მხატვარია და მუსიკოსი:) თან თურმე ძალიან კარგი. არადა, მარგველაშვილი კომპეტენტურია და დაეჯერება. მაგრამ ... როგორც ჩანს, პიარშიკებმა ურჩიეს ასეა საჭიროო:) ბატონო პრეზიდენტობის კანდიდატო, არ ტეხავს ვიზაჟისტობა. ორი სიტყვა იმაზეც რომ გეთქვათ, რომ მაკა ისეთივე კარგი ვიზაჟისტია როგორიც მხატვარი, უფრო გულწრფელი იქნებოდით. ნუ დაგაკომპლექსებენ პიარშიკები:)", - წერს ჟორჟოლიანი.
გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში მარგველაშვილმა საყვარელი ქალის, მაკა ჩიჩუას შესახებ ისაუბრა.
"მაკა არის არაჩვეულებრივი. ის არის მხატვარი, რომლის ნამუშევრებიც ძალიან მომწონს. ის არის მუსიკოსი, არის ღრმა ადამიანი, რომელთანაც შეიძლება ძალიან ღრმა მსჯელობა უაღრესად რთულ საკითხებზე; და ამ დროს, როდესაც ჩემთვის ასეთ მნიშვნელოვან და საინტერესო ქალზე წინა პლანზე წევენ მხოლოდ მის სილამაზეს, ჩემთვის ეს თემის გაუბრალოებაა", - აღნიშნა მარგველაშვილმა.