ეკონომიკის ყოფილი მინისტრი კახა ბენდუქიძე ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მეჩეთთან არსებული მინარეთის დემონტაჟს სოციალურ ქსელ "ფესბუქში" ეხმაურება.
"ღრმა ტყუილი - მინარეთის მეტალოკონსტრუქციის შემოტანისას შესაძლებელია იყოს გადასახდელი ორი გადასახადი - დღგ და საბაჟო. ვინაიდან ეს მეტალოკონსტრუქცია თურქეთიდან შემოვიდა, და ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, საბაჟო გადასახადით არ უნდა დაიბეგროს. რაც შეეხება დღგ-ს, ვინაიდან მეჩეთის აგება საგადასახადო თვალსაზრისით ინვესტიციაა, საბაჟოზე გადახდილი დღგ უნდა დაუბრუნდეს გადამხდელს. ანუ ფაქტობრივად დღგ საბოლოო ჯამში ნულის ტოლია. ეს ნიშნავს, რომ არასწორი დეკლარირებით საგასახადო დანაშაული ვერ მოხდებოდა", - წერს ბენდუქიძე სოციალურ ქსელში.
გუშინ ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მეჩეთის მინარეთის დემონტაჟი მოხდა. დემონტაჟის დროს მოსახლეობასა და სამართალდამცავებს შორის შეხლა-შემოხლის დროს 20-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.
შემოსავლების სამსახური ადიგენის რაიონის სოფელ ჭელში მინარეთის დემონტაჟს სასაქონლო ექსპერტიზის ჩატარების აუცილებლობით ხსნის. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ინდმეწარმე ჯამბულ აბულაძემ 14 ივლისს, მინარეთის ასაწყობი ლითონის კონსტრუქცია საქართველოში თურქეთის რესპუბლიკიდან შემოიტანა.
"საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ინფორმაციის დამუშავების, გაცვლისა და რისკების მართვის სამმართველოს მიერ, ელექტრონული ბაზის ანალიზის შედეგად შეირჩა კონკრეტული "სეს ესნ" კოდით ასახული სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია. აღნიშნული დოკუმენტაციის ანალიზის შემდგომ გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტაციაში მითითებული საქონლის არასწორად კლასიფიცირებამ შეიძლება გამოიწვიოს იმპორტის გადასახდელების ოდენობის შემცირება. აღნიშნული ოდენობის შემცირების დადგენა ფიზიკური დათვალიერებისა და შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის გარეშე შეუძლებელია.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით დამტკიცებული "საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ" ინსტრუქციის 113-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის, 115-ე მუხლის შესაბამისად, დაინიშნა ინდმეწარმე ჯამბულ აბულაძის (ს/ნ 03001016768) მიერ მიმდინარე წლის 14 ივლისს N11112/ჩ-12971 სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით გაფორმებული საქონლის გაშვების შემდგომი გასვლითი შემოწმება", - ნათქვამია განცხადებაში.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ინდმეწარმე ჯამბულ აბულაძის იურიდიულ მისამართზე 21 აგვისტოს შემმოწმებელთა ჯგუფი მიავლინეს, რომლებმაც ბრძანება საქონლის გაშვების შემდგომი გასვლითი შემოწმების შესახებ ჯამბულ აბულაძის მეუღლეს ჩააბარეს.
"აღნიშნული ბრძანება ასევე გაგზავნილ იქნა საქართველოს ფოსტით და აიტვირთა პირის ელექტრონულ მისამართზე. ვინაიდან მინარეთის კონსტრუქცის წონა და სასაქონლო კოდი შესაძლოა არ შეესაბამებოდეს დეკლარირებულ მონაცემებს, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით, 26 აგვისტოს, მოხდა მისი დემონტაჟი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მინარეთის კონსტრუქციის დემონტაჟს და შემდგომ მის აღდგენით სამუშაოებს უზრუნველყოფს შემოსავლების სამსახური. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური თხოვნით მიმართავს ადგილობრივ მოსახლეობას, ყველა დაინტერესებულ პირს, არ დაუშვან აღნიშნული ფაქტის პოლიტიზება და შესაბამის სამსახურებს მიეცეთ საშუალება, სწრაფად და სრულყოფილად ჩაატარონ სასაქონლო ექსპერტიზა", - აღნიშნულია განცხადებაში.