"თინეიჯერობა არის ის პერიოდი, როცა ადამიანი ყველაზე თამამი ნაბიჯების გადადგმასაც არ ერიდება, როცა მას ჯერ კიდევ ეპატიება ყველაფერი, როცა შეგიძლია, მუდმივად ცვალო ის გზა, რომელსაც მომავალში უნდა დაადგე. ეს არის ასაკი, როცა შენი მომავალი ცხოვრების კარკასი იგება", - ამბობს 17 წლის მომღერალი, ლუკა მეტრეველი, რომელიც სულ რამდენიმე თვეში, სრულწლოვანი გახდება.
- რა შეიძლება ჩავთვალოთ ლუკა მეტრეველის მიერ გადადგმულ ყველაზე თამამ ნაბიჯად?
- თუნდაც, "საქართველოს ვარსკვლავში" მონაწილეობა. ამან ჩემში სერიოზული გადატრიალება მოახდინა: მუსიკის მიმართ სულ სხვანაირი დამოკიდებულება გამიჩნდა. მაგალითად, ახლა ვიცი, რომ მუსიკის წყალობით შემიძლია, თავი გადავირჩინო; გარდა ამისა, პროექტის წყალობით გამიჩნდა ახალი სამეგობრო წრე... ახლა ის პერიოდი მიდგას, როცა ადამიანი საკუთარ თავს ეძებს.
- კადრს მიღმა ჩადენილ სიგიჟეებზე არაფერს მეტყვი? რას ნიშნავს შენთვის კარგად გართობა?
- პირადად ჩემთვის, კარგად რომ გავერთო, საჭიროა, დიჯეი თუ მუსიკოსი, რომელმაც ხალხის განწყობილების ამაღლებაზე უნდა იზრუნოს, იმაზე იყოს ორიენტირებული, რომ მე გავერთო და არ დაუკრას მხოლოდ იმიტომ, რომ ფულს უხდიან. ძირითადად, ბარების მოყვარული ვარ. მიყვარს "ლაივ"-მუსიკა და ზოგჯერ ასეთ დაწესებულებებში თავადაც ვმღერი. აი, ასე გამყავს დრო. ჩემთვის აუცილებელია: სასმელი, კარგი მუსიკა და... სხვა რაღაცებს აღარ ვიტყვი.
- რატომ? "გოგონები" გინდოდა, გეთქვა?
- გოგონები, არა, კაცო (იღიმის). მოიცა, რა, არ დამიჭირონ (ხომ იცი, კოცნაზე ჯარიმაა)... უბრალოდ, ჩემთვის მნიშვნელოვანია, მოვწყდე ქუჩის რეალობას, ჭორიკანებს.
- ჭორიკანები გაწუხებენ?
- იცი, ჭორებზე მეტად, ჭორიკანების ბედი მაწუხებს. ისეთ არარაობად არიან ქცეულები, რომ მათზე ფიქრისას "ვიგრუზები"; ასეთ ადამიანებს ხომ საკუთარი ცხოვრება არ გააჩნიათ. ჰოდა, ეს მომენტი მთრგუნავს. არ მესმის, ადამიანს რატომ უნდა ჰქონდეს იმდენი თავისუფალი დრო, რომ სხვის ცხოვრებაში ცხვირის ჩასაყოფად ეცალოს?!
- შენი აზრით, ეს უსაქმურობის ბრალია?
- ალბათ კი და ასეთებისთვის მახათების მაღაზია გავხსენით, სადაც ფასდაკლება გვაქვს და შეუძლიათ, მობრძანდნენ.
- ბოლოს შენზე ისეთი რა ჭორი გაიგე, ასე რომ გაგაბრაზეს?
- ჭორი, რა, რაღაც ამბები გავრცელდა და ეს არ მომწონს. მაგალითად, ახლა ხშირად მეკითხებიან, - ათეისტი ხარო? არა, ბატონო, არ ვარ ათეისტი! უბრალოდ, მაქვს თავისუფალი და მართლაც ჭეშმარიტი ქრისტიანული დამოკიდებულება სარწმუნოების მიმართ. არ მჭირდება არც ეკლესია და არც მოძღვარი იმისთვის, რომ ცხოვრებაში სწორი გზა ვიპოვო. თავად ქრისტეს არსი ბევრს არასწორად აქვს გაგებული. შეიძლება, ეს ჩემგან თამამი განცხადებაა, მაგრამ ასეა. ხშირად მომწოდებელი თავად არის არასწორად ინფორმირებული და ბევრ მათგანს, ვინც ამბობს, რომ მათთვის პრიორიტეტულია სარწმუნოება, დამიჯერე, ბიბლიაც არ აქვს წაკითხული, ბრმად მიჰყვება რწმენას. ჰოდა, ზუსტად ქრისტიანობაში პირველი ცოდვა ის არის, როცა რაღაცას ბრმად აკეთებ. ბრმად შეგიძლია იწამო, მაგრამ იდეოლოგია და არსი შეცნობილი უნდა გქონდეს. და კიდევ: ბოლო დროს ბევრი ფაქტი გახმაურდა, როცა არაქრისტიანული ქმედებები სწორედ "დიდად მორწმუნე" ადამიანებს ჩაუდენიათ. ამაზე თამამად რომ ვლაპარაკობ, ამიტომაც ამბობენ, ათეისტი ხარო. მე მწამს ღმერთი! ლურჯი მონასტრის წინამძღვარმა, მამა დავითმა ერთხელ ძალიან მაგარი რამ თქვა: შვილო, ჩემთვის ქრისტიანობა არ არის რელიგია, ჩემთვის ქრისტიანობა არის ჭეშმარიტი გზაო. ზოგისთვის ჭეშმარიტი გზა არის: კრიშნა, ბუდა და ა.შ. ადამიანი თავისუფალია არჩევანში და რელიგია არ უნდა გაქცევდეს ჩარჩოებში. როცა ტვინი "გახსნილი" გაქვს და შეგიძლია ფიქრი იმაზე, თუ რისი უნდა გწამდეს, მაშინ ხარ ალბათ თავისუფლად მოაზროვნე და სრულყოფილი მოქალაქე, ხოლო თუ ზომბებივით ვიცხოვრებთ, მალე ასეთ კითხვასაც დამისვამენ: ლუკა, ბოლოს კატა როდის გაატყავეო?..
- რას ნიშნავს შენთვის "ქუჩის ინსტიტუტი"?
- იმ პერიოდში, როცა 5 წლისაც არ ვიყავი, ე.წ. ავტორიტეტი მართავდა ქუჩას და როგორც ამბობენ, იყო სიმშვიდე, სამართლიანობა. ქუჩური მენტალიტეტი ყოველთვის სამართლიანობას ქადაგებდა. გლდანში გავიზარდე, ხშირად ვიყავი ქუჩაში და მეც ვიცი, რას ნიშნავს ეს ყველაფერი, რა გაგებით ცხოვრობენ ასეთი ადამიანები. არავის ვამტყუნებ, ეს მათი ცხოვრების გზაა, მაგრამ ზოგჯერ ამ ყველაფერს ცუდად, დამჩაგვრელად იყენებენ, რის შედეგადაც ძალიან ბევრ კომპლექსიან ბავშვს ვიღებთ, რომლებსაც პოლიციელობის სურვილი მხოლოდ იმიტომ აქვთ, რომ მერე ის "ძველი ბიჭი" დაიჭირონ, ვინც თავის დროზე ისინი დაჩაგრა. მთავარია, ადამიანებმა გავითავისოთ, რომ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ სწორად, არ უნდა ჩავიდინოთ ბოროტება...
- აზარტული თუ ხარ?
- კი, ვარ. ხომ გაგიგონია, - ვინც ვერ რისკავს, ის შამპანურს ვერ სვამსო, - რომ ამბობენ. ჰოდა, ამ გამონათქვამს ვეთანხმები. შეიძლება, აზარტულობით ძალიან ბევრი დაკარგო ან პირიქით, მიიღო. რისკიანი ვარ და ექსტრიმის მოყვარულიც, მაგრამ ვინც კარგად მიცნობს და ამ ფრაზას წაიკითხავს, შეიძლება გაეცინოს, რადგანაც თხილამურებით სრიალის გარდა, სპორტის ვერც ერთ სახეობას ვერ ვფლობ. ჰოდა, ამიტომაც დავაკონკრეტებ: ცხოვრებისეული ექსტრიმი მიყვარს, არაორდინარული რაღაცები მიზიდავს.
- თხილამურებზე მყარად დგახარ?
- მეთორმეტე წელია, მყარად ვდგავარ. ცურვა კი 2 წლის წინ ვისწავლე, ისიც - გოგონების დევნაში, ზღვაზე ყოფნისას. ბოლოს, როცა ისე გამისწრებდნენ, რომ მათ ვეღარც ვხედავდი, ჩაძირვას ვიწყებდი და ასეთ დროს "კამერა" მშველოდა (იღიმის). ცურვა სამკურნალო მიზნით არის კარგი. მიყვარს ზამთარი, როცა გოთიკური განწყობა გიპყრობს. მომწონს სიჩუმე, თოვლის ხრაშუნი, გადათეთრებული გარემო...
- ღამღამობით სასაფლაოზე სიარულიც ხომ არ გიყვარს?
- მიყვარს კი არა, გამოგიტყდებით და, ამის მეშინია კიდეც. არასდროს ავსულვარ სასაფლაოზე მარტო; დღისითაც კი არ გამჩენია ამის სურვილი.
- ამბობენ, მიცვალებულებზე უფრო მეტად საშიში ცოცხალი ადამიანები არიანო...
- რა თქმა უნდა, ადამიანი ყველაზე დიდი ცხოველია, უბრალოდ, ოთხფეხა არსებებისგან განსხვავებით, აზროვნებს. და კიდევ: ვერც ერთი ცხოველი ვერ გაგიკეთებს ისეთ რამეს, რისი ჩადენაც სინდისდაკარგულ ადამიანს შეუძლია.
- მაინტერესებს, როგორი მოსწავლე ხარ?
- კრებიდან დედა სულ გაღიმებული მოდის და რა ვიცი... თუმცა, ტექნიკურ საგნებთან ცოტა არ იყოს, ცუდი დამოკიდებულება მაქვს. უბრალოდ, მოგეხსენებათ, გლდანში ყველა ყველას იცნობს, სკოლის მასწავლებლები და დედა ახლობლობენ, ზოგიერთი მათგანი ჩვენი მეზობელია და ცხადია, მათ დიდ პატივს ვცემ; ჰოდა, ამის გამო ძალაუნებურად, იმასაც ვცდილობ, მათ არ ვაწყენინო, კარგად ვისწავლო. მოკლედ, იმდენს ვაკეთებ, რამდენიც შემიძლია. ნაძალადევად სწავლაც არ გამოვა. ხომ იცით, ადამიანი ისედაც, წაკითხული წიგნების მხოლოდ 15%-ს იმახსოვრებს... ჩემი აზრით, ნებისმიერი პედაგოგი პირველ რიგში, ცხოვრებას უნდა გასწავლიდეს, ოღონდ ეს - უნდა ხდებოდეს რჩევა-დარიგების, "ნამიოკების" სახით. ბოლოს და ბოლოს, მოსწავლეებისთვის კარგი მასწავლებელი ხომ სერიოზული ავტორიტეტია.
- დავიჯერო, პედაგოგს არასდროს დაუტუქსიხარ?
- როგორ არა, ჩემთვისაც დაუყვირიათ, რადგან ზოგჯერ გაკვეთილზე ბევრს ვლაპარაკობ და ასეთ დროს ვერავინ მაჩერებს. ვფიქრობ, მასწავლებელი ყოველმხრივ განათლებული უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ ამა თუ იმ საკითხში მე მასზე მეტი ვიცი, გაკვეთილზე ჯდომისა და პედაგოგის მოსმენის ინტერესი მიქრება.
- ასეთი რამ ხშირად ხდება?
- შეიძლება, ვიღაცებისთვის საწყენი ფრაზა ვთქვა, მაგრამ ასეთი შემთხვევა ყოფილა. თუმცა ეს კონკრეტული ადამიანის სირცხვილი არ არის; ეს არის სისტემის მინუსი, რადგანაც თავის დროზე ხალხს ვერ მიაწოდეს იმდენი ინფორმაცია, რამდენიც საჭირო იყო. ყველა ჩემი პედაგოგი იმდენად მიყვარს, რომ ვერასდროს შევიცვლი მათზე წარმოდგენას. ისინი ძალიან კეთილები არიან და ისეთი რაღაც უპატიებიათ ჩემთვის, რასაც სხვას არ აპატიებდნენ. მოკლედ, ჯაჭვური რეაქციაა: როცა სიყვარულს გასცემ, ეს გრძნობა აუცილებლად დაგიბრუნდება.
- "შატალოზე" ხშირად დადიხართ?
- დაახლოებით სამი წლის წინ "შატალოს" ორგანიზატორი ხშირად ვიყავი და ბავშვები ხან ნარიყალაზე მივდიოდით, ხან სად და ხან - სად. მთავარი იყო, სკოლაში არ მივსულიყავით. ორი წელია, ამის მუღამი აღარ მაქვს. ჯობია, მერხზე დამეძინოს, ვიდრე სადმე უაზროდ ვიბორიალო, დავიღალო, მომშივდეს...
- მომავალში რა პროფესიის დაუფლებას აპირებ?
- ეს ჯერ არ გადამიწყვეტია, მაგრამ ის კი ვიცი, რომ რაც ხელოვნებას ეხება, ყველაფერი ძალიან მიყვარს. თავიდან მინდოდა, თეატრალურ უნივერსიტეტში, სარეჟისოროზე ჩამებარებინა, მერე გავიგე, რომ კონსერვატორიაში ახალი ფაკულტეტი გაიხსნა - ჯაზის ვოკალი, სადაც ჩაბარებას მუსიკალური განათლება არ სჭირდება და ამ ორ სასწავლებელს შორის ვმერყეობ; კიდევ, ისტორია მაინტერესებს და შეიძლება, "ჯავახიშვილშიც" ჩავაბარო, მეცნიერებას გავყვე... ან კიდევ, თუ ყველაფერი ისე კარგად ამეწყობა, რომ მომავალში თავის და ოჯახის სარჩენად უნივერსიტეტში სწავლა არ დამჭირდება, შესაძლოა, არსადაც არ ჩავაბარო.
- მერე, უდიპლომო სასიძო რომ დაგიწუნონ?
- არასდროს გამიჩნდება ისეთ ოჯახში შესვლის სურვილი, სადაც დიპლომის არქონის გამო დამიწუნებენ.
- "ქუჩის მუსიკოსობის" წყალობით, საკუთარი ჯიბის ფულის და შეიძლება ითქვას, ცოტა მეტის გამომუშავებასაც ახერხებდი. როგორ ფიქრობ - ადამიანი დამოუკიდებელი რომ იყოს, ამისთვის მატერიალური დამოუკიდებლობა აუცილებელია?
- გააჩნია ადამიანს: ზოგს იმდენი ჰყოფნის, რამდენიც ყავისა და სიგარეტისთვის სჭირდება, ბევრი კი პრეტენზიულია და არანაირი თანხა არ აკმაყოფილებს - ასეთი ადამიანისთვის საკუთარი ჯიბის ფული ბევრს ნიშნავს. ისე, "ოქროს შუალედი" ყველაზე კარგი რამ არის. რას ვგულისხმობ? - როცა გაქვს იმდენი შემოსავალი, რომ ვალებით არ იხრჩობი, თავის გატანა, ელემენტარული სურვილების დაკმაყოფილება შეგიძლია და ამ ყველაფერზე მშობლებს არ ეწუწუნები...
- მშობლებთან როგორი ურთიერთობა გაქვს?
- სხვანაირად არ გამიგოთ, მაგრამ დედაჩემი მაგარი ადამიანია. ის ჩემთვის არა მარტო მშობელი, არამედ კარგი მეგობარიც გახლავთ. იმდენი რამ იცის ჩემზე, რამდენიც ჩემმა ძმაკაცებმაც არ იციან. ყოველთვის მხარში მიდგას. როგორი სისულელეც უნდა ჩავიდინო, მაინც ცდილობს, ჩემთან ჰარმონიული ურთიერთობა შეინარჩუნოს. მინდა, სახალხოდ ვუთხრა: "ძალიან მიყვარხარ!" მისი მხრიდან ჩემს გემოვნებაზე რაიმე გავლენის მოხდენის მცდელობაც არასდროს ყოფილა, პირიქით - ცდილობდა, ჩემთვის გაეგო და იმას უსმენდა, რასაც - მე. მთხოვდა, ესა თუ ის სიმღერა დისკზე ჩამეწერა და როცა მანქანაში ერთად ვისხედით, მირთავდა, ჩემს საყვარელ მომღერლებზე, მუსიკაზე მელაპარაკებოდა... ვფიქრობ, ყველა მშობელმა უნდა გაიაზროს, რომ შვილს აქვს ტვინი, გენეტიკური კოდი, აქვს ცხოვრებაში გზა, რომელიც უნდა გაიაროს და თუ სადღაც არ გაუშვებენ, ყველაფერს აუკრძალავენ, შინ გამოამწყვდევენ, ბავშვს პატარაობიდანვე დააკომპლექსებენ, მაშინ მერწმუნეთ, მიზანს ვერ მიაღწევენ, - ასე აღზრდილი ადამიანი საამაყო შვილი ვერასდროს გახდება ან ეყოლებათ უბრალოდ, თეთრხალათიანი "დოხტური", მორჩილი "გემრიელი" კაცი ან ქალი, რომელიც მიუხედავად ასაკისა და მატერიალური დამოუკიდებლობისა, მაინც მშობლის კალთაზე იქნება გამობმული. ჰოდა, ასე თუ გაგრძელდება, ყველა მშობელი მსგავს მზრუნველობას თუ გამოიჩენს, იმ ჭაობში დარჩება საქართველო, რომლიდანაც ჯერ კიდევ ვერ ამოსულა.
- არის თუ არა რაიმე ისეთი, რის გაკეთებასაც გიკრძალავენ?
- საერთოდ, ცოტა არ იყოს ადრე გამიჩნდა მოთხოვნილება იმ ყველაფრის მიმართ, რასაც გიჟური სტუდენტური ცხოვრება მოიცავს. მომინდა "დიდობა", ღამის ცხოვრების დაგემოვნება, კლუბში, ბარში, პაბში სიარული და სასმლის გასინჯვაც... ამის გამო თავიდან პრობლემები მექმნებოდა, მაგრამ ახლა ყველგან მივდივარ, სადაც მინდა.
- ე.ი. მშობლების ნდობა მოიპოვე, არა?
- რა თქმა უნდა! იციან, რომ ისეთ რაღაცას არ გავაკეთებ, რაც მათ გულს ატკენს.
- და მაინც, ხომ არ ფიქრობ, რომ შენს ასაკში შვილის კონტროლი გარკვეულწილად, საჭიროა?
- რა თქმა უნდა, მშობელმა უნდა იცოდეს, ვისთან მეგობრობს მისი შვილი, სად დადის, რას აკეთებს, მაგრამ ამან ქრონიკული ხასიათი თუ მიიღო და ყველგან უკან გამოგყვებიან, ეზოში ჩასულსაც კი დროს დაგინიშნავენ, ეს გამაღიზიანებელი იქნება. ამ მხრივ ხშირად, გოგონებს ზღუდავენ. ჩემი აზრით, თუ გოგომაც არ დაინახა ის ცუდი რაღაცები, ცხვირი არ წაიმტვრია, გულუბრყვილო, ძალიან მიამიტი იქნება ცხოვრების ბოლომდე და შეიძლება, გამოუსწორებელი შეცდომა სწორედ ასეთმა პიროვნებამ დაუშვას...
- ვინმეს ფანი ხომ არ ხარ?
- არ ვიცი, რას ნიშნავს სიტყვა "ფანი", მაგრამ ვიცი, რას ნიშნავს, ვიღაც მოგწონდეს, გიყვარდეს. გადამეტებული სიყვარული, როცა ეიფორიაში ხარ, ჩემთვის მიუღებელია. ჩემი საყვარელი ხელოვანების სურათები მეც მაქვს გაკრული ოთახში, მაგრამ ვერავის ფანად ვერ გამოვდგები.
- თავად არ გყავს ისეთი თაყვანისმცემლები, რომლებიც შენ გამო "იგრუზებიან"?
- როცა ვიღაცის ფანი ხდები, იწყებ მის მიბაძვას, ცუდად იგებ ყველა მის ნათქვამს, ყველაფერში "სიღრმეს" ეძებ და ის ვიღაც ზეადამიანი გგონია. მეც მყავს ასეთი სამი თუ ოთხი თაყვანისმცემელი, რომლებიც თავს "იგრუზავენ", არადა, მათ გვერდით ვცხოვრობ, მეც ერთი ჩვეულებრივი თბილისელი ბიჭი ვარ, რომელსაც ქუჩაშიც ნახავენ ან სადმე სხვაგან გაიცნობენ; შეუძლიათ, მოძებნონ რაიმე გზა ჩემს გასაცნობად და დასამეგობრებლად, მაგრამ - არა: მათ ის უფრო მეტად ხიბლავთ, მიუწვდომელი თუ ვიქნები... მიუხედავად იმისა, რომ ხალხის ყურადღება ყოველთვის მსიამოვნებდა, არ მინდა, ჩემზე ვინმე "გიჟდებოდეს" - ეს მთრგუნავს. თუმცა აქვე გეტყვით: მადლობელი ვარ იმ ადამიანების, რომლებსაც მეც მოვწონვარ და ჩემი სიმღერებიც...
- ფანები სოციალური ქსელების მეშვეობით მაინც არ გეხმიანებიან?
- როგორ არა! როცა ტელეეკრანზე კასტინგის ვიდეო გავიდა, სახლში მისულს, "ფეისბუკის" ჩემს გვერდზე დამხვდა 1200 მონაწერი, 1300 დამატება და ა.შ. მათთვის რომ არ მეპასუხა, არ შემეძლო... მეც ვყოფილვარ ბავშვი, ვყოფილვარ კონცერტებზე და მომწონებია ამა თუ იმ ბენდის რომელიმე წევრი; მერე მისთვის მითქვამს, მაგარი ხარ-მეთქი, და როცა მიპასუხებდა, ამით ბედნიერი ვიყავი. სხვათა შორის, ამ სითამამის წყალობით ბევრს დავუმეგობრდი. ჰოდა, ახლა მეც შეძლებისდაგვარად ვცდილობ, ყველა ადამიანს ნებისმიერ შეკითხვაზე ვუპასუხო, თბილი სიტყვებისთვის მადლობა გადავუხადო და ა.შ.
- ვირტუალური სამყარო რას ნიშნავს შენთვის?
- სოციალურ ქსელზე მიჯაჭვული არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ 6 წელი ვიყავი ონლაინთამაშებზე დამოკიდებული. ამ თამაშების გამო ღამეებს ვათენებდი, მაგრამ პარალელურად, სხვა რაღაცების საკეთებლადაც მრჩებოდა დრო.
- ახლა ხომ არ ფიქრობ, რომ მაშინ დროს უქმად კარგავდი?
- არა, არა! მითოლოგიასა და ისტორიაზე აგებული თამაშებით ვერთობოდი, რომელიც პრინციპში, რეალობას ასახავდა. ჰოდა, ამის წყალობით ბევრი რამ ვისწავლე. მაგალითად, სკოლაში ტესტი რომ მოგვცეს, ბევრ კითხვაზე პასუხი სწორედ ონლაინთამაშებიდან მახსოვდა...
- წიგნისთვის თუ გრჩებოდა დრო?
- რა თქმა უნდა!
- ბოლოს რა წაიკითხე?
- ვიქტორ ჰიუგოს "კაცი, რომელიც იცინის". ჰიუგო დაბრუნება იყო მხატვრულ ლიტერატურასთან. იცი, რას ვგულისხმობ?.. 15 წლიდან ფილოსოფიისკენ მქონდა "გადახრა" - ნიცშემ, შოპენჰაუერმა, ფროიდმა ჩამითრია, მერე აღმოსავლურმა კულტურამ დამაინტერესა, მედიტაციების საიდუმლოს გაგება მომინდა. ბოლოს ამ ყველაფერმა იმდენად "გადამწვა", რომ ისევ მხატვრულ ლიტერატურას დავუბრუნდი. ეს ჩემთვის განტვირთვაა, ჰიუგო უძლიერესი მწერალია.
- თანატოლებს რას ურჩევ?
- საერთოდ, ვინმესთვის რჩევის მიცემა არ მიყვარს - მერე მას რომ რაღაც ცუდი დაემართოს, შენ დაგბრალდება. მაგრამ მაინც გეტყვით - ნებისმიერ ბავშვს, რომელიც უკვე ხვდება, რომ დამოუკიდებლობისთვის მზად არის, ვურჩევ: ნახოს ყველაფერი, რაც სურს; იკონტაქტოს ნებისმიერი წრის ადამიანთან, როგორი ცუდიც უნდა ეჩვენებოდეს, ოღონდ - სიფრთხილეც გამოიჩინოს. საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი: ადამიანები პიროვნების პირველი შეფასებისას ვცდებით - ყველაზე ცუდი ვინც მეგონა, ბევრჯერ ყველაზე კარგი ადამიანი ყოფილა. ყველას ვურჩევ, მშობლებთან ურთიერთობისას ეგოისტობას ნუ გამოიჩენ. ტკბილი სიტყვით დედ-მამაც წამოვა დათმობაზე, ამიტომ რაღაცის მისაღწევად ჭიჭყინი არ არის საჭირო... თუ ოცნება აქვთ, მიზნის მისაღწევად ბევრი იშრომონ და იმდენს მაინც მიიღებენ, რომ კმაყოფილები დარჩებიან. ყველას ვუსურვებ კარგად ყოფნას, ბედნიერებას და ყველაფერ საუკეთესოს. და კიდევ, თუ ჩემი გაცნობა გინდათ და სადმე ქუჩაში შემხვდებით, არ მოგერიდოთ, გამაჩერეთ, დაგპატიჟებთ ნაყინზე და ვილაპარაკოთ.
ლიკა ქაჯაია
(გამოდის ხუთშაბათობით)