"თავსაფრიან დედაკაცში" შიგადაშიგ საკუთარ თავს ვცნობ"

"თავსაფრიან დედაკაცში" შიგადაშიგ საკუთარ თავს ვცნობ"

ხელოვანი, ჟურნალისტი და მწერალი ფიქრია ყუშიტაშვილი დღესდღეობით თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსია. ის თბილისში, 54-ე სკოლაში ჩემი ხელოვნების პედაგოგი გახლდათ. მისი მეუღლე მსახიობი ვანო იანტბელიძეა და დაოჯახების შემდეგ ქალბატონი ფიქრია მეუღლესთან დედაქალაქიდან თელავში გადასახლდა. ალბათ წლების წინ ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ერთმანეთს ჟურნალისტისა და რესპონდენტის ამპლუაში შევხვდებოდით...

- ვინ გიკითხავდათ წიგნებს, სანამ თავად ისწავლიდით კითხვას და შემდეგში ვინ გირჩევდათ ლიტერატურას?

- ბავშვობა წიგნების გარემოცვაში გავატარე, ჩემს მშობლებს კარგი ბიბლიოთეკა ჰქონდათ: დედას - ნინო ტაბლიაშვილს, აღმოსავლეთმცოდნესა და ფილოლოგს, უფრო მხატვრული და ფილოლოგიური ლიტერატურა უყვარდა, მამას - ჟურნალისტ ვალერიან ყუშიტაშვილს, მეტწილად პოეზია და ფილოსოფოსი ავტორების თხზულებები, რადგან მამა თავად წერდა ლექსებს და უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი ჰქონდა დამთავრებული. ჩემი მეორე ოჯახი, სადაც გავიზარდე, ქიქოძეების სახლი მთაწმინდაზე, გამორჩეული უმდიდრესი ბიბლიოთეკით იზიდავდა ჩემს ბავშვურ გონებას: დიდი და მცირე ენციკლოპედიები, ტომეულები, ალბომები, იშვიათი ბუ­კინისტური გამოცემები, რას არ ნახავდით ამ ძველებური სახლის გაუქმებულ კარ-ფანჯრებში დატანებულ სტელაჟებზე. პატარაობისას წიგნებს დედა და დეიდა მიკითხავდნენ, თუმცა კითხვა დედამ ოთხი წლის ასაკში დამაწყებინა და მცირე ზომის ლექსებსა და ზღაპრებს თავადაც ვკითხულობდი. საზოგადოდ, დეიდაჩემმა, თამარ ტაბლიაშვილმა, დიდი როლი ითამაშა ლიტერატურისადმი ჩემს გამორჩეულ სიყვარულში. ხშირად ერთად ვსტუმრობდით იმხანად პოპულარულ მაღაზია "საუნჯეს", სადაც დეიდას კარგად ცნობდნენ გამყიდველი გოგონები და ახალ საბავშვო გამოცემებს სთავაზობდნენ. დეიდა თამარიც მუდამ რამდენიმე ეგზემპლარად ყიდულობდა წიგნებს: ჩემთვის და საკუთარი შვილიშვილებისთვის: არჩილისა და მარიამისთვის. სხვათა შორის, უფროსი დეიდის შვილიშვილი არჩილ ქიქოძე დღეს თავად მწერალია და კარგ წიგნებს წერს.

- საყვარელი ავტორები დაგვისახელეთ...

- პოეზია გამორჩეულად მიყვარს და მიკვირს მათი, ვინც ამ ჟანრს არ სწყალობს, უფრო მეტიც, ვცდილობ შევაყვარო, რადგან, დუმბაძისა არ იყოს, სულ მგონია, რომ ცოდოა ის კაცი, ვინც პოეზიის დაუგემოვნებლად წავა ამქვეყნიდან. ბევრი ავტორი მიყვარს, მაგრამ ის, რაც მუდმივად ახალია, ფოლკლორია, რომელიც არასდროს ილევა და არ ხუნდება, არ ძველდება და არ მბეზრდება და სადაც ყველა კითხვაზე ვპოულობ პასუხს.

- პერსონაჟი, რომელიც თქვენს ყველაზე დიდ სიმპათიას და ანტიპათიას იმსახურებს...

- ადრეულ ბავშვობაში, როგორც მრავალ გოგონას, პეპი მიყვარდა, თავისუფალი და ძლიერი, საკუთარი ბედის განმკარგავი და მეგობრებისათვის თავდადებული, მოგვიანებით "ჯეინ ეარზე" გადავერთე, მერე და მერე კი სხვადასხვა ცხოვრებისეული ეტაპიდან გამომდინარე პერსონაჟებიც შეიცვალნენ. სიმპათია-ანტიპათიაზე თუ მიდგება საქმე, ასეთად ფედერიკო გარსია ლორკას პერსონაჟები მახსენდება, რომლებიც თავად აწერენ ხელს საკუთარ განჩინებას, პიროვნებისა და ღირსების სრული შეგრძნებით. ძალიან მიყვარს ბერნარდ შოუს "მილიონერი ქალი", ქართულ ლიტერატურაში კი ნიკო ლორთქიფანიძის "თავსაფრიანი დედაკაცი"; ქართველი ქალის ლიტერატურული ძეგლი, მისი ღირსებისა და ნაკლის სრული პალიტრით, რომელშიც შიგადაშიგ საკუთარ თავს ვცნობ.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს