გასულ კვირას რუსეთში, კალინინგრადის ოლქის ერთ-ერთ პლაჟზე მყოფი დამსვენებლები უნებლიედ სამხედრო წვრთნების მონაწილენი გახდნენ. ზღვიდან ამოსულმა ჰაერბალიშიანმა სადესანტო ხომალდმა დესანტი პირდაპირ პლაჟის ტერიტორიაზე გადმოსხა. სანახაობა ერთობ უჩვეულო და საინტერესო იყო.
მომხდარის გამო დამსვენებლებმა პროტესტი გამოთქვეს და სამხედროებს სიმყუდროვის დარღვევაში დასდეს ბრალი. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, სამოქალაქო პირების მიმართ პრეტენზიები თავად სამხედროებსაც ჰქონდათ - პლაჟის ტერიტორია, რომელზეც ხომალდმა დესანტი გადმოსხა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნის. ბალტიის ფლოტის პრესსამსახურის უფროსის განმარტებით, "ზუბრის" ტიპის ჰაერბალიშიანი სადესანტო ხომალდი გეგმურ სწავლებას ასრულებდა, რომლის დროსაც სამინისტროს კუთვნილ ტერიტორიაზე საზღვაო ქვეითები გადასხა.
სამხედროების ახსნა-განმარტების მიუხედავად, შემთხვევამ რუსულ პრესაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. თავად "ზუბრი" მსოფლიოში ყველაზე დიდი სამხედრო ჰაერბალიშიანი სადესანტო ხომალდია. 1990-იანი წლების დასაწყისისთვის, საბჭოთა ბალტიისა და შავი ზღვის სამხედრო ფლოტებში, რვა ასეთი ხომალდი ირიცხებოდა.
აღსანიშნავია, რომ "ზუბრს" საქართველოს ნაპირებთანაც მოუწია ყოფნამ. 1993 წლის სექტემბერში, რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის ბორის ელცინის მითითებით, სევასტოპოლიდან ღამით გამოსულმა "ზუბრმა" გეზი აფხაზეთისკენ აიღო. მის ბორტზე საზღვაო ქვეითთა ასეული იმყოფებოდა. კაპიტანს ნებისმიერ ფასად ბლოკირებული სოხუმიდან საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გამოყვანა ჰქონდა ნაბრძანები. თუმცა მოვლენები სხვანაირად წარმიმართა და შევარდნაძე სოხუმიდან თვითმფრინავით გამოიყვანეს.
მოამზადა ნუკრი მგელაძემ ekb.dkvartal.ru-ს მიხედვით.